რელიგია

როგორ გავდივართ სამოთხიდან მიწამდე გზას უკან მიწიდან სამოთხემდე ლოცვითა და მარხვით

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.04, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ლოცვების წაკითხვას აქვს თავისი წესი, დრო, თანმიმდევრობა. რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ წესების დაცვას ან აქვს კი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ეკლესია თავისი არსებობის პირველივე დღიდან თავის წიაღში იღებს ქრისტეს სიცოცხლეს სულიწმიდით და შემდეგ ჩვენ ამ სიცოცხლეს ვიღებთ ადამიანურ სხეულში. ქრისტე მიიღო ეკლესიამ თავის წიაღში, მაგრამ ადამიანური ბუნება უცბად და ერთჯერადად არ გაწმენდილა, მაშინ არც ჯვარი იქნებოდა საჭირო, არც მარხვა და არც ლოცვა, არამედ, სწორედ, იქიდან დაიწყო ადამიანის გამოზრდა, მოგვებარა ქრისტე, როგორც სიცოცხლის მარცვალი და ახლა უკვე ჩვენს ადამიანურ სხეულში უნდა გავახაროთ ის. როგორც მცენარის თესლის გასახარებლად გჭირდება აგროტექნიკის წესების გამოყენება: შესაბამისი ნიადაგი, მოვლის თავისებურებები და ასე შემდეგ, ასევე აუცილებელია მარხვა და ლოცვა. სანამ ადამიანური სხეული არ გაიხარებს ქრისტეში, მანამდე მუდმივად ღვაწლშია ადამიანი.

ჩვენ, ეკლესია, ერთიანი ოჯახი ვართ, თუმცა ეკლესია 2 000 წლის წინათ დაფუძნდა, ქრისტეს სიცოცხლე დროის მიღმაა და ჩვენ რომ მას არ მოვწყდეთ და საეკლესიო დღესასწაულები წარსულის მოვლენად არ დარჩეს, ტრადიცია გრძელდება. ტრადიცია ნიშნავს გადმოცემას: ანუ ქრისტე მარადიულად იშვება ჩვენს გულებში და მარადიულად აღდგება, სანამ მიწაზე ვართ მორწმუნეები. წყვეტა რომ არ მოხდეს და მხოლოდ ისტორიაში არ დარჩეს ქრისტეს შობა და აღდგომა, ლოცვის ძალით ამ მხურვალებას, ამ ცეცხლოვნებას, ამ განცდის სიმძაფრეს სულს ვუბერავთ, ვინარჩუნებთ.

მარხვა რა არის? ფიზიკურ სხეულს, ჩემს გრძნობებს, მიდრეკილებებს, ვნებებს ვანელებ და ამით ვინარჩუნებ დროის მიღმა სიცოცხლეს, რომ ის არ დამეშრიტოს, არ ჩამიქრეს; სულს ვუბერავ ლოცვით, მარხვით ვაშორებ ყველა წინააღმდეგობას.

– ვთქვათ, ამერია და თანმიმდევრობა დავარღვიე ლოცვების წაკითხვისას, ეს ცვლის რამეს?

– ზედმეტი დისციპლინა მეორე უკიდურესობაში გადაგვიყვანს, ლოცვა გახდება თვითმიზანი, არადა ლოცვა კაცისთვისაა და არა კაცი – ლოცვისთვის. თუ ვერ მოახერხებ დადგენილი წესით ლოცვის წაკითხვას და ამის გამო თავს იგვემ, ეს უკვე უღლის ქვეშ ყოფნაა, როდესაც საკუთარ თავს თავადვე ბოჭავ, მაშინ, როდესაც ქრისტემ გაგათავისუფლა. ლოცვა საშუალებაა, შენ შეგიძლია, უწყვეტადაც კი ილოცო, ეს დამხმარე საშუალებებია, რომ ისე გავიჟღინთო ქრისტესმიერი სიცოცხლით, რათა ჩვევად მექცეს. სხეულის წინააღმდეგობის ძალა მცირდება და სუნთქვასავით უწყვეტ ლოცვაში გადავდივართ და ეს უწყვეტი ლოცვა რა არის?! სულის უწყვეტ მდუმარებასა და მადლიერებაში ყოფნა, ოღონდ ეს მისაღწევია, ამისთვის არსებობს ლოცვების წეს-კანონები.

ჩვენ ხომ მთლიანად გადავეჩვიეთ დიდ სიცოცხლეს? სამოთხისეული ნეტარების განცდას? იმდენად გავველურდით, სიკვდილამდე დავეცით, ახლა კი, როდესაც ქრისტე შემოდის ჩვენში, უკან გავდივართ ამ გზას, და ამ უკანა გზაზე დაბრუნებისას ჩემ მიერ დაშორებისას გამოზრდილი ურჩხულები – როგორც ზღაპრებსა და მითებშია – ვგულისხმობ მიწიერ ვნებებს, მებრძვიან. მაგრამ ქრისტემ დაძლია ისინი თავისი სხეულით, შესაბამისად, მეც შემიძლია იგივე, ოღონდ ეს გზა რომ გავიარო და ავმაღლდე, ამას უწყვეტი რწმენა და ლოცვა სჭირდება, რომ ჩემი შინაგანი ადამიანი გავაძლიერო და, თუ ისე გავძლიერდები, რომ აღარ დამჭირდება ჩემი თავის რაღაცაზე მიბმა, თავად ვიქცევი რწმენად და ლოცვად. ისევე, როგორც ვარდს, ხომ, სურნელის გამოსაფრქვევად ძალისხმევა არ სჭირდება?! ეს ხომ მისგან დამოუკიდებლად, თავისთავად ხდება?! როდესაც საკაზმს შეურევ საკვებს, მათ, ხომ, უკვე ვეღარც გამოაცალკევებ?!

ასევე, ადამიანი გადაიქცევა ღვთის მადლიერებად და დიდებად, ანუ ამა და ამ საათზე კი არ განადიდებს მხოლოდ ღმერთს, დილა საღამოს ან შვიდჯერ დღეში კი არ ილოცებს, არამედ ეს ყველაფერი მიმყვანია იმ მდგომარებამდე, როდესაც მე უკვე ამ სახვევების, წვეთოვნების გარეშე გავდივარ ფონს, რადგან ეს უკვე ჩემშია და ვიღაცის მიერ გარედან დაწესება არ მჭირდება. შემდეგ უკვე თავად უწესებ საკუთარ თავს, თავად იქცევი ლოცვად და ხარ მარხვის განხორციელება.

რა არის მარხვა?! მარხვა ის კი არ არის, მუდამ ძალისხმევა გაიღო, არამედ ის, რომ მომიკვდეს, რაც ყალბია, ხელოვნურია, რაც სიცოცხლისგან მაშორებს. როგორც კი ამას მოვიშორებ, ჩემში დარჩება სუფთა სიცოცხლე, რომელსაც მარხვა არც სჭირდება, მაგრამ აქამდე მიდიხარ მარხვითა და ლოცვით. ბოროტი სული გარეთ არ არის, ანუ ყველა ვნება, რომლებსაც სიკვდილისკენ მივყავარ, ჩემშია, ჩემშია ფესვგადგმული და ბორგავს. და რით გავნდევნი? მარხვითა და ლოცვით და როდესაც განვდევნი, რაღაში მჭირდება მარხვა და ლოცვა?! მაგრამ, სანამ ამ სხეულში ვართ, მუდმივად გვჭირდება მარხვა და ლოცვა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ხორცის წინააღმდეგობა.

ზოგს ჰგონია, თუ 40 დღე თავი შეიკავა ხორცისგან, თავი ქუდში აქვს და გადარჩენილია, აი, ღმერთო, მე ვიმარხულე. ეს ღმერთს კი არა, შენ გჭირდება იმისთვის, რომ ამაღლდე, ნამდვილ სიცოცხლეს მისცე ძალა და შეამცირო ის ვნებები, რომელიც თავად შემოიყვანე შენს სხეულში. მეორე უკიდურესობაა, რომ მაინცდამაინც წესისამებრ ილოცო. მთავარია, შენში აღძრა სურვილი, თორემ ორი სიტყვა თქვა ავაზაკმა, უფალო შემიწყალეო და ცხონდა!

თუ ლოცვების წაკითხვის შემდეგ თვითკმაყოფილებას მივეცემით, ეს უკვე ფარისევლობაა. ეს იგივეა, ნამცხვრის რეცეპტები დაიზეპირო, ყოველდღე იკითხო და ერთხელაც არ გამოაცხო ეს ნამცხვარი. ლოცვაც რეცეპტია, თუ როგორ მიიღწევა სულის ის მდგომარეობა, რომელიც მასწავლის ჩემი ცხოვრების სწორად დანახვას.

ჩვენ ვკითხულობთ წმიდა მამების ლოცვებს, რომლებმაც გაიარეს ის, რაც მათ ლოცვებშია და თუ მათ მიაღწიეს სიწმიდეს, ვის ლოცვებსაც ვკითხულობთ, ისინი კი ჩვენნაირ სხეულში დაიბადნენ, ჩვენც მივაღწევთ იმავეს ჩვენი მოშურნეობით. წმინდანი დაბადებით წმინდანს კი არ ნიშნავს, არამედ სიტყვასიტყვით მისი მნიშვნელობაა განწმენდილი და რისგან განიწმინდნენ? წუთისოფლის, ხორცის ჭუჭყისა და ზადისგან. ისინი ჩვენზე არანაკლებ ცოდვილები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს, ყველანი ერთი ცომისგან მოვიზილეთ, მაგრამ მათ თავიანთი მოშურნეობით, ქრისტესადმი ერთგულებით, მინიმუმამდე დაიყვანეს ამ ცხოვრებით მოწებებული, ცოდვისგან დაგროვილი წიდი და ზადი.

გამოვიჩინოთ ეს მოშურნეობა, რადგან, თუ ის აღიძრა, უკვე ლოცვა აღარც მჭირდება. როდესაც ვხედავ ჩემს თავს, ვიცი, სად ვდგავარ და რისკენ მივდივარ, მერე უკვე „უფალო შემიწყალეს“ თქმაც მეყოფა. ყველაფერი, მარხვა, ლოცვა, სწორედ, ჩვენს, აი, ამ წერტილამდე მიყვანას ემსახურება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი