რელიგია

როგორ განიმარტება ძველი აღთქმის იგავი ღმერთის მიერ ადამისა და ევას სამოთხიდან გამოყრის შესახებ

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.08, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბიბლიას გააზრების რამდენი დონე აქვს და ისიც, რომ ეს ჩვენი სულის ისტორიაა და არა ფიზიკური მოვლენების აღწერა. რას ნიშნავს სინამდვილეში ღმერთის მიერ ადამისა და ევას სამოთხიდან გამოყრა? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– როდესაც პირველად წავიკითხე „ძველი აღთქმა“, მეც პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე, რომ მამაკაცს უნდა ეშრომა, ქალს ტკივილებით გაეჩინა შვილები, აი, მშობიარობის გაუტკივარების ამბავმა ცოტა დამაფიქრა და მივხვდი, რომ რაღაც მთლად ისეც ვერ იყო, მე რომ მეგონა.

– ბიბლიის ტექსტი გაგების რამდენიმე შრეს ინახავს. პირველია სახარების სიტყვა-სიტყვით გაგება და პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს: ასო კლავს და სული აცოცხლებს, ანუ პირდაპირ გაგებას სიცოცხლე არ მოაქვსო, ანუ ეს ენა ჩვილთათვისაა. ყველა დიდი მამა: მაქსიმე აღმსარებელი, ისააკ ასური, გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს, რომ ბიბლიის პირდაპირი გაგება არის ბავშვური დონე. ამ ზედაპირულ გაგებას მოჰყვება მინიშნება, შემდეგ – იგავური ენა და ბოლოს – საიდუმლო, რომელიც ყველაზე ღრმაა და მხოლოდ წინწასულები ჩასწვდებიან მას. შესაბამისად, ვინც პირველად კითხულობს ბიბლიას, მას პირდაპირ იგებს: ღმერთი გაუბრაზდა ადამსა და ევას, როგორც სკოლის დირექტორი უბრაზდება მოსწავლეებს, გაყარა სამოთხიდან, დაუკეტა სამოთხის კარი და უთხრა: აი, ამ დანაშაულისთვის შენ, ადამ, ოფლს დაღვრი პურის მოსაპოვებლად; შენ, ევა, ტანჯვით შობ შვილებს, შენ კი, გველო, მუცლით იხოხებ! გასაგებია, რომ ეს პრიმიტიული, პირველი დონეა და იქ არ უნდა დავრჩეთ. ადამიანები ბუნებრივად სვამენ კითხვას: რატომ უწევთ ამდენი ჯაფა, მართლაც ხომ არ დაგვწყევლა ღმერთმა?! მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რა ხდება სინამდვილეში.

სამოთხის მდგომარეობა არ გულისხმობს სიამოვნებას, არამედ იმას, რასაც ფილოსოფიურ ენაზე „ოქროს კვეთა“ ჰქვია. ანუ სამყაროსთან ადამის მდგომარეობა გამოიხატებოდა ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნით. ადამს მაქსიმალურად ნათელი გონება ჰქონდა და მინიმალური ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ მისი მოსურვება მაშინვე ამხდარიყო. ანუ ადამს ბუნება ემორჩილებოდა და ღვთის მსგავსად მასაც ღვთის ხატობის ძალაუფლება ჰქონდა: სიტყვას იტყოდა და ის მაშინვე მოხდებოდა. სამოთხეში არც დრო იყო და არც მანძილი: ჩვენ რომ მარცვალს დავთესავთ, დიდი ჯაფა გვჭირდება ჭირნახულის მოსაწევად, სამოთხეში კი ასე არ ყოფილა – სიტყვასა და მოქმედებას შორის არც მანძილი იყო, არც დრო და არც ხელის შემშლელი პირობები. ამდენად, ცოდვით დაცემა, ანუ სამოთხიდან განდევნა ნიშნავს ახალი ერის დაწყებას ადამის ცხოვრებაში. ეს უფრო რთული გზაა, მაგრამ შემეცნებისთვის აუცილებელი. ისააკ ასური პირდაპირ ამბობს: ძალიან ბავშვური გაგებაა, დავიჯეროთ, რომ ღმერთი გაბრაზდა და იმიტომაც გამოყარა ადამი და ევა სამოთხიდან. ღმერთი არ ბრაზობს, არავის სჯის, ღმერთს არ დაუწესებია სიკვდილი და არც ის უთქვამს, თუ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს შეეხებით, მოგკლავთო. ღმერთი ამბობს, მოკვდებითო. ეს არ არის მუქარა, ეს გაფრთხილებაა - ღმერთმა მათ უთხრა შედეგი და არჩევანი არ წაართვა. თუ შეაშინებდა, მოგკლავთო, მაშინ შიშით დაემორჩილებოდნენ ღმერთის სიტყვას. შესაბამისად, სამოთხიდან ღმერთმა კი არ გამოაგდო ადამი (და ფიზიკური გამოგდება არცაა ნაგულისხმები), არამედ დაირღვა ღმერთთან ფიზიკური იდილია, როდესაც ადამმა და ევამ ჭამეს აკრძალული ნაყოფი, ანუ ირწმუნეს, რომ ღმერთი უსამართლოა და როგორც კი, რაც გარეთ იყო, შეუშვეს შიგნით, დაინახეს, რომ რაღაც დაირღვა, ანუ გველის ანტისიტყვამ დაარღვია იდილია. ამდენად, მათ ჯერ ერთმანეთის სიშიშვლე დაინახეს და შემდეგ ღმერთის ხმა რომ გაიგონეს, შეეშინდათ. აი, მაშინ გაჩნდა ეს ორი გრძნობა: სირცხვილი და შიში, რაც არის კიდეც სამოთხის დაკარგვა. სამოთხე იყო უშფოთველობა, უშიშრობა და განა სირცხვილი? – კადნიერება, ანუ თავისუფლება! დღესაც ამ ორ გრძნობაზეა აგებული ყველაფერი: ადამიანს მუდმივად ტანჯავს სიკვდილის – დასჯის და სირცხვილის – დამარცხების, დამცირების შიში. ეს ორი გრძნობა გვაკონტროლებს. ამ ორი გრძნობის გაჩენის შემდეგ ადამს აუმბოხდნენ მხეცები, მიწამ ნარ-ეკლები აღმოაცენა, ოფლით უნდა მოეპოვებინა პური, ევას ტანჯვით ეშვა შვილები, გველს კი მიწაზე ეხოხა მუცლით. მაგრამ არც ერთი ეს სიტყვა არ ასახავს ფიზიკურ მდგომარეობას. რა არის მხეცები? ადამის მოუთვინიერებელი, ხორციელი ბუნება, ადამი ხომ ორბუნებოვანია? ღვთის ხატიცაა და მიწიერიც და ეს მიწიერისკენ ლტოლვა უნდა დაიმორჩილოს გონებით. სანამ სამოთხეში იყო, მიწიერი ბუნება მოთვინიერებული ჰქონდა, ბრძოლა არ სჭირდებოდა. როგორც კი გამოვარდა სიმშვიდიდან, მოსწყდა ღვთიურ ნათელს, მისი აი, ეს მხეცები, მიწიერი ინსტინქტები, უმართავი გახდა და უკვე ადამს მათთან მუდმივი ბრძოლა უწევს, იმიტომ რომ საკუთარი ბუნება გაექცა და მას ღვთიური, ნათელი გონებით ვეღარ აკონტროლებს. მეორე – რას ნიშნავს ნარ-ეკლებს აღმოგიცენებს მიწა? „მიწა“ არის ადამიანური ბუნება, „ნარ-ეკლები“ – ხასიათი, ცუდი ჩვევები, მიდრეკილებები, რომლებსაც ნაყოფი არ გამოაქვს. სარეველა თავისით ამოდის, გარჯას არ საჭიროებს. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება სიზარმაცისთვის თუ ბუნებითაა ზარმაცი? მამაპაპურად რომ გაბრაზდე, ძალიან უნდა ეცადო თუ ბუნებრივად მოდის რისხვა?! სარეველებს ბოსტანში, ყანაში არავინ თესავს, მათ არც უვლიან, ისინი თავისით ამოდიან, ამიტომ, თუ მუდმივად არ გამარგლე, მოსავალს ნარ-ეკლები შეგიჭამს: მესამე – ოფლით მოიპოვე პური შენი. რა არის „პური“? ღმერთთან ყოფნის სიხარული, სიცოცხლის შენარჩუნება, ჩემში ღვთიური ხატი რომ გაძლიერდეს და ღმერთს არ მოსწყდეს, ამისთვის უნდა ვებრძოლო მხეცებს, გავმარგლო ნარ-ეკლები, რომ ჩემი პური არ დავკარგო, ანუ სულში ვიცოცხლო და არ გადავგვარდე და გადავრჩე. აი, ეს პური რომ მოვიხვეჭო, როგორც სათნოება, ღვთის მოშიშება, სიყვარული – რაც გადამარჩენს, მჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა: მარხვა, ლოცვა... ევას – ადამისგან გამოსულ მიწიერ ბუნებას – ღმერთი ეუბნება, ტანჯვით შობ შვილებს. ეს რას ნიშნავს? თუკი სამოთხეში შვილთასხმა, ანუ გაგება ტკივილების გარეშე მოდიოდა, სამოთხის გარეთ ესეც სხვაგვარადაა. აუთვისებელ სამყაროში, როდესაც კითხვას ვსვამ და პასუხს ვიღებ, მებადება შვილი, ახალი გაგება, რომელიც აქამდე არ მქონდა და აი, ამ შვილთასხმით უნდა ავითვისო და გავიგო სამყარო. ანუ ყოველი ძე, რომელიც შემეძინება, არის ახალი გაგება, სამყაროს ახალი ხედვა. ქართულში „ძე“ არის ფუძე სიტყვისა გაგრ-ძე-ლება. თუ მე ვერ ვშვი ძე, ანუ პასუხი, ჩემი მოდგმა არ გაგრძელდება და რა არის „მოდგმა“? ჩემი სულიერი წვდომა. თუ გავჩერდი და ძე ვერ ვშვი, გავიჭედები; თუ ბოლომდე არ გავარღვიე ბნელი, რომელშიც აღმოვჩნდი და მასში სიცხადე არ შევიტანე, სიბნელეში დავრჩები. რას ნიშნავს „ტანჯვით შობა“? სამოთხეში კითხვას იქვე მოჰყვებოდა პასუხი, სამოთხის გარეთ კი დიდი ტკივილი უნდა გაიარო, რომ ამ სიბნელიდან სინათლე მიიღო, რომ გაუგებრობიდან გაგება მოვიდეს. მათ შორის მანძილი გაიზარდა და ძალისხმევაც მეტია საჭირო. აი, გველი კი ჩვენი დაცემული ბუნებაა, აქილევსის ქუსლი, რომელიც მხოლოდ მიწით იკვებება: გართობა, ჭამა, სმა, სექსი და სწორედ ამას გამოხატავს მიწაზე ხოხვა, რის დაძლევის გარეშეც სინათლე ვერ მოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი