რელიგია

როგორ გაერთიანდება ქრისტეში – ახალ ადამში – კაენი და აბელი და რატომ მოვა პირველად კრავად მოსული მაცხოვარი მეორედ ფიზიკური ძალაუფლებით

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.09, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

განვაგრძობთ ბიბლიური იგავების შესახებ თხრობას და დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ამჯერად აბელისა და კაენის ამბის მიღმა მოყოლილი ჩვენი სულის ისტორიის ამბავს განგვიმარტავს.

- ადამმა და ევამ სამოთხე დატოვეს და თითქოს არაფერია განსაკუთრებული იმ ამბავში, რომ მათ ეყოლათ შვილები, კაენმა მოკლა აბელი, იმიტომ რომ შეშურდა მისი და ჩვენც დავასკვენით, რომ შური ცუდია. სულ ესაა?

– ყველაფერი, რაც დაწერილია, მინიშნებაა, რომ გავიაზროთ, სად ვართ, ვინ ვართ, როგორ ვიცხოვროთ. კაენიც ჩვენშია და აბელიც და დიდი წმიდა მამებიც ადასტურებენ: ზეცაც შენშია და მთელი სამყაროც შენშიაო. აბელისა და კაენის ისტორია საკუთარ სულში უნდა დავინახოთ და შესაბამისი გაკვეთილი გამოვიტანოთ. კაენი ადამისა და ევას პირველი შვილია. „კაენი“ ნიშნავს „მე შემეძინა შვილი“. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ევას უთხრა, ტკივილითა და ტანჯვით შობ შვილებსო, რაც უკვე განვმარტეთ, რომ ნიშნავს ტკივილებითა და ტანჯვით ახალი გაგების, ახალი პასუხის მიღებას. ანუ პირველი შვილი კაენი, რომელიც ევამ შვა ტანჯვით, არის ახალი პასუხი, რომელიც ევას მანამდე არ ჰქონია. ბოლოს და ბოლოს, მშობელი გახდა! კაენის უპირატესობაც ის არის, რომ ის პირველია და ერთია, მაგრამ მერე ჩნდება აბელი და კაენს ერღვევა ის, რაც აბელის გაჩენამდე ჰქონდა. „აბელი“ ნიშნავს „ამაოებას“, ისეთ რამეს, რაც ქრება, ორთქლდება. კაენისა და აბელის ურთიერთობაზე პასუხს გვაძლევს მათი საქმიანობა: კაენი მიწათმოქმედია, აბელი - მესაქონლე. გადავიტანოთ მათი საქმიანობაა სულიერში: მიწა, ხომ, სხეულია, ღმერთი კი ეუბნება ადამს, მიწა დაიწყევლაო, რაც ნიშნავს, რომ მიწის ნაყოფები არ ვარგა. „მიწის ნაყოფები“ ადამიანის საქმეებია, ანუ ადამიანი თავისი საქმეებით ვეღარ გამართლდება და კაენი, კაენური ცივილიზაცია ჩვენი იმ მდგომარეობის სიმბოლოა, როდესაც ღმერთთან მივდივართ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით და არ არის გათვალისწინებული, რომ სამოთხეში ადამის სიშიშვლე ტყავით გადაიფარა, ანუ ვერანაირი საქმე ვერ დააბრუნებს ადამიანს სამოთხეში, რაც შემდეგ განგვეცხადა ქრისტეში: საქმეებით კი არ ვმართლდებით, არამედ რწმენით ქრისტეში. სიშიშვლე ნიშნავს, რომ დაცული არ ხარ, შიშველი ვერ წარდგები ღვთის წინაშე, იმიტომ რომ სიმართლე არ გაგაჩნია, მოკლედ რომ ვთქვა, ცოდვილი ხარ. ტყავით სიშიშვლის გადაფარვა ნიშნავს, რომ დაიკლა ცხვარი – სწორედ, ესაა მესიის, ქრისტეს აღიარება. ქრისტეს მიერ თავისი სისხლით ჩვენი ცოდვების გადაფარვის უწყება იყო ადამისა და ევას სიშიშვლის ტყავით დაფარვა. შესაბამისად, ადამიანს საკუთარი საქმეებით, თავისი დამსახურებით აღარ შეუძლია ღმერთთან, სამოთხეში დაბრუნება. კაენმა ღმერთს მიწის ნაყოფები მიართვა, იმ მიწის, რომელიც დაწყევლილია, ესე იგი, ადამიანის საქმეები არ მართლდება და ამიტომ ღმერთმა არ მიიღოო მისი მსხვერპლი. ხოლო აბელმა მიართვა ცხვარი. აბელისა და კაენის საქმიანობებს სიმბოლური დატვირთვა აქვს: მიწათმოქმედი ადგილზე დგას, არსად მიდის, იქვე მოჰყავს მოსავალი და მის გარშემო მუდმივად ტრიალებს წელიწადის ოთხი დრო, ხოლო მესაქონლე ინაცვლებს ერთი ადგილიდან მეორისკენ, ის განასახიერებს ღვთის მაძიებელ ადამიანს, რომელიც სულ მოძრაობს, კარავში ცხოვრობს, ანუ დროებით თავშესაფარში; მიწათმოქმედს კი აქვს სახლი და არ იცვლის ტერიტორიას. დროებითი თავშესაფარი დროებითი ნაგებობაა, რომელიც იშლება, რაც განასახიერებს ქრისტეს სიტყვებს: მე ვარ გზა! ჩვენ მგზავრები ვართ და ამ პროცესში ვიმეცნებთ, ანუ ერთი ადგილიდან მეორეში გადავდივართ. მესაქონლე ჰქვია მუდმივ მაძიებელს, მომთაბარეს, გზაში მყოფს და ამას განასახიერებს აბელი. მეორე მხრივ, კაენი და აბელი ჩვენი ორმაგი ბუნების სახეა: ერთია მიწიერი ცივილიზაცია, ტექნიკური პროგრესი, მეცნიერება, მეორეა რწმენა - ის, რაც სიტყვით მიიღე, ზნეობა, მეტაფიზიკური, მისიის ადამიანი, ვისაც ესმის, რა დაგვაბრუნებს სამოთხეში. აი, ამის სიმბოლოა აბელი - ის აღიარებს თავის ცოდვით დაცემას, აღიარებს მესიას, რომელიც მოვა და გამოისყიდის მის ცოდვებს. აბელი ადამიანის სულიერ მხარეს წარმოადგენს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საზრისი, კაენი კი მიწის ნაყოფია, რომელიც თავისი მიწიერი საქმეებით ღმერთთან ვერ მივა.

როდესაც ღმერთმა აბელის მსხვერპლი შეიწირა, კაენი შეიპყრო შურმა და ზუსტად ეს ხდება ადამიანშიც: აბელიც და კაენიც უკიდურესობებია. არც ერთი მდგომარეობა არაა გამართლებული. იმიტომაც ნიშნავს აბელი ისეთს, რაც აქროლდება, მიწაზე არ დგას, ჭარბად სულიერებაშია, ხოლო კაენი ჭარბად მიწიერია და ეს ორმაგობა, რაც ადამის ბუნებაში იყო, კაენითა და აბელით ზედმეტად პოლარიზებულია. სულიერება ძალიან მყიფეა, ზევით იწევს ორთქლივით და მიწაზე ფეხს ვერ იკიდებს, მაშინ, როდესაც კაენს ღრმად აქვს ფესვები გადგმული მიწაში და მათ შორის ბუნებრივი დისონანსია. ამიტომაც კაენი კლავს აბელს... ყველა მკვლელობას კი წინ უძღვის შური. ქრისტე აბელის სიმბოლოა, კაენი – მიწიერი ადამიანების, რომლებმაც შურის გამო მოკლეს ქრისტე. ქრისტეს მკვლელებს არ ჰქონდათ ის, რაც ჰქონდა ქრისტეს, მაგრამ ჰქონდათ ფიზიკური ძალა: სწორედ, ფიზიკური ძალა კლავს სულიერებას. ამის შემდეგ კაენი დევნილად იქცა და დაემკვიდრა ნოდის, ანუ შფოთის ქვეყანაში. ეს ის არის, რაზედაც დგას ჩვენი წუთისოფელი. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ხომ, ორი გრძნობა გაჩნდა: სირცხვილისა და შიშის, რადგან სახლში აღარ არიან?! დღესაც ამაზე დგას კაენის ცივილიზაცია. კაენი დაემკვიდრა შფოთის ქვეყანაშიო – „ქვეყანა“ ნიშნავს მდგომარეობას. კაენი შფოთავს და იძულებულია, თავად დაიცვას თავი. ამიტომაც კაენის მოდგმა აშენებს ქალაქებს, ქმნის იარაღებს და მუსიკალური ინსტრუმენტების გამოგონებაც ამ შიშისგან თავდაცვის საშუალებაა: ახსოვთ სამოთხისეული ნეტარება და გართობით ცდილობენ ნაღველისა და ტკივილის გაქარვებას. აბელი და კაენი ორი ხაზია: ვერტიკალური – ღვთის ზედმეტად მოშიში, მეტაფიზიკური, სულიერი, ახსოვს ცოდვით დაცემა და ჰორიზონტალური, რომელიც აუთვისებელ სამყაროს ებრძვის, რის შედეგადაც ვითარდება ტექნიკა, მეცნიერება, ხოლო მესიაში – ქრისტეში – ეს ორივე შეერთდა. ეს ორი საწყისი, რომელიც სამოთხისეულ ადამში მთლიანი იყო, ქრისტეში – ახალ ადამში – გამთლიანდა და, რასაც ჩვენ მეორედ მოსვლას ვუწოდებთ, არის ადამიანში ამ ორი საწყისის გამთლიანება და არა მათ შორის ბრძოლა და დაპირისპირება. თუ ადამიანი მეცნიერულად განვითარებულია და არა აქვს მიზანი, არ იცის, რას ემსახურება, ეს უკვე დამანგრეველი ხდება და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ: ადამიანი გადაიხარა ტექნიკური განვითარებისკენ, მეორე მხრივ კი, თუ ადამიანი მხოლოდ სულიერად, შინაგანად ვითარდება, ეს იწვევს ფანატიზმს. დღეს სამყარო იმ წერტილამდე მიდის, როდესაც ადამიანის ეს ორი მიმართულება: კაენი და აბელი, გაერთიანდება და თუ პირველად ქრისტე მოვიდა, როგორც კრავი და მიგვცა საშუალება, ჩვენც ამ გზით წავსულიყავით, მეორედ მოვა, როგორც უფალთუფალი, ანუ ქრისტეს ცნობიერება მოვა ფიზიკური ძალაუფლებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი