რელიგია

როგორ გაასწორა მაცხოვარმა თავისი ჯვარცმითა და აღდგომით ამოყირავებული იერარქია და რა მიანიშნებს, რომ მეფის მოსვლის დროა

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.05, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მეორედ მოსვლა წარმოგვიდგენია, როგორც კონკრეტულად მაცხოვრის ხილულად მოსვლა, რომელიც დაგვახარისხებს, ჩვენი ცოდვების მიხედვით, შესაბამისად, ზოგი გადავრჩებით, ზოგიც - ვერა. რას ნიშნავს მაცხოვრის, როგორც მეფეთ-მეფისა და უფალთ-უფლის მოსვლა? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: მეორედ მოსვლა იმ სამყაროს გახსნაა, რისთვისაც დედამიწა შეიქმნა. სამოთხე იყო მოდელი, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ, ითქვა, აავსე დედამიწაო და ადამიანი განვითარდა. დედამიწაც, უკვე ფაქტობრივად, ათვისებულია: მიკრონაწილაკიდან მაკრონაწილაკამდე ინსტრუმენტულ დონეზე სამყარო გაგებულია, ამის მიღმა უკვე მეტაფიზიკაა. ანუ არასდროს ყოფილა ისეთი ეპოქა, რომ დედამიწა ფიზიკურ დონეზე ასე ყოფილიყო გაგებული. შესაბამისად, რჩება ერთადერთი: მეფე გამოდის ბოლოს, როდესაც ყველაფერი დალაგებულია. აი, ამ სამეფოსთვის ემზადებიან „მოქალაქეები“ საუკუნეებია, „ძველ აღთქმაშიც“ ესაა ნათქვამი, „ახალ აღთქმაშიც“, ამიტომ მოვიდა პირველად ქრისტე, ისინი, ამ სამეფოს „მოქალაქეები“ სწორედ ამას ელოდებიან. მათი ლოცვები და რწმენა რომ არა, სამყარო დღემდე ვერ მოვიდოდა. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი რიგითობა. ქრისტე ამბობს, ჯერ მარცვალია, მერე - ღერო, ფოთლები და ბოლოში - თავთავი. დიახ, ბოლოში ვიღებთ ნაყოფს და ამის შემდეგ ყველაფერი, რამაც ნაყოფი გამოიღო, გაუქმდება. ანუ ეს სისტემები, რაც დღემდე არსებობს, მიმყვანია, იმისაა, რომ ბოლოში ეს მეფური ცნობიერება მივიღოთ. დღეს ეს თითქოს ცალ-ცალკეა: ძალაუფლება აქვს პრაქტიკულ გონებას, თითქოს მატერია, ფულია ყველაფერი და გულისხმიერი, არსისმიერი უარყოფილია. თითქოს მომხმარებლური საზოგადოებაა ძლიერი, რომელიც იმავდროულად თავის თავს იჭამს. ან კი როგორაა ძლიერი, როდესაც თვითგანადგურებამდეა მისული?! გული კი, რომელსაც ძალაუფლება არ აქვს, მოლოდინითაა სავსე. რაც მთავარია, ისინი ერთმანეთის მტრები არ არიან: როგორც ადამი და ევა არიან ერთნი და მერე გაიხლიჩა, ჩვენც ერთნი ვიყავით ღმერთში. ახლაც გამთლიანდება: გონება, გული და შემდეგ უკვე მატერიალური ნაწილი. ებრაულად მეფე არის „მელეხ“. პირველი მარცვლის პირველი ასო ნიშნავს ტვინს, მეორე მარცვლის პირველი ასო - გულს, მესამესი - ღვიძლს, ანუ ცხოველურ საწყისს, სისხლისმიერს, ღვიძლი, ხომ, სისხლს ამუშავებს?! როდესაც ეს სამი გამთლიანდება - გონების პრიმატი დამყარდება, რომელიც გულს ნათელს მოაფენს, გულს კი უკვე შეეძლება, სისხლმა, ანუ ვნებებმა კი არ ჩაითრიოს, არამედ, პირიქით, ამოწიოს, დაიმორჩილოს სისხლი. მივიღებთ მთლიანობას და ისევ დალაგდება ადამიანი და იერარქია. ცოდვის დაცემით აი, ეს იერარქია ამოყირავდა, ღმერთს მოსწყდა. ადამი, ანუ გონება მიეცა გულს, გული კი - გველს, ანუ მუცელს და უფრო დაბლა, მიწას, მტვერს, ანუ უკვე მიწა მართავს ადამიანს. ამოყირავებულია და უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ გონება აქვს, სუსტია. ქრისტეში სწორედ ეს იერარქია გამთლიანდა, ქრისტემ დაიქვემდებარა თავისი ცხოველური საწყისი, როდესაც უარი თქვა პურზე, შემდეგ უმაღლეს ცნობიერებას, მამის ნებას დაუმორჩილა ის, რაც თვალითაა მოსაწონი და თვალს ხიბლავს. ამით უკვე მთლიანად ადამიანი მშვიდდება, უბრუნდება საკუთარ საწყისს. აი, ესაა გამეფება: როდესაც ადამიანში ის წყობა აღდგება, რაც დანგრეული იყო და დღეს სწორედ ამას ვხედავთ თვალნათლივ; მეტიც, ამის დანახვას რწმენაც კი არ სჭირდება. რა ბატონობს დღეს? რა არის პირველ ადგილას ტელევიზიებში? რა მართავს სამყაროს? ვნებები, გატაცებები, ჟინები, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, გართობა და ეს ყველაფერი არის სისხლისმიერი, სხეულის დაკმაყოფილება სიგიჟემდეა მისული, მთელი ინდუსტრიები მუშაობს ამაზე. გული ჩათრეული ჰყავს ქვენა ძალებს, მიწიერს; გონება სუსტია: თეიმურაზ ხევისთავივით იცის, მაგრამ ძალა არ აქვს, და აი, აქ უკვე გონება უნდა განათდეს რწმენით. ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ მძლეველი რწმენა მოეცა ჩვენთვის. რას ნიშნავს ჯვარცმა და აღდგომა? ქრისტემ ჯვარზე გააკრა დამახინჯებული იერარქია, რომლითაც წუთისოფელი შეიქმნა, სადაც ქვენა გრძნობები, ანუ გველი ბატონობდა და გონება ჩათრეული ჰყავდა. ეს ტკივილები და ბორგვები გააუქმა ქრისტემ. ხოლო „აღდგა“ ნიშნავს, რომ აღადგინა პირველი იერარქიულობა, მამის ნება - ანუ ბუნებაზე ამაღლდა ნებით. მთელი პრობლემა ის იყო, რომ ნება ბუნებამ ცოდვით ჩაითრია და ადამიანს ბუნება, სტიქია ათამაშებს, ნებისყოფა დაიკარგა. ქრისტემ ეს გამართა, ნებით სძლია ბუნებას - ხომ გახსოვთ, მამას რომ ეუბნება, იყოს ნება შენიო?! აი, ვინ არის მეფე - ვინც თავის გონებას გაანათებს უფლის ნებით; უფლის ნება სინათლეს მიუღვრის გულს და გულს უკვე შეუძლია, თავი წაართვას თავისსავე ქვენა გრძნობებს, ვნებებს; მეტიც, საწვავად გამოიყენოს, გააკეთილშობილოს. აი, ეს მოხდება ახლა, ბოლო ჟამს და რატომ მოხდება? იმიტომ რომ ქრისტეს რწმენა შემოვიდა ჩვენში, ქრისტემ იმის ნიმუში გვიჩვენა, რაც ბოლო ჟამს ადამიანში, ანუ ჩვენში უნდა მოხდეს. ეკლესია ქრისტეს სხეულია და აქ მოხდება ფიზიკურ დონეზე ის, რაც მოხდა ქრისტეში: გამეფდება ადამი - კაცი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, ამერიკა, რუსეთი თუ ჩინეთი. ამისთვის ხდება ის, რაც ხდება - შეიძლება, ეს მუცლის გვრემა, რასაც ახლა ვაკვირდებით, ბოლო ჟამის მშობიარობის ტკივილებია. მაგრამ მოიშორებს ნაჭუჭივით ყველაფერს და დაიბადება კაცი - მეფე. დღეს ეს ფიზიკური თვალისთვის არ ჩანს, რაც იწვევს შიშს, შიშის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ ბოლო ჟამს დავკარგეთ რწმენა, ისევე, როგორც მოციქულებმა დაკარგეს ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ. ყველაზე უახლოესი მოწაფეებიც ვერ იგებენ, რა მოხდა და ყურები აქვთ ჩამოყრილი. ასე ვართ ჩვენც, ბოლო ჟამის მორწმუნეები. გვეშინია, იქნებ ტყუილი იყო ყველაფერი, რაც წერია?! იმიტომ რომ თითქოს არსად ჩანს ქრისტეს ძალა: ის ჯვარცმულია, შეგინებულია, ევროპამ უარყო, რუსეთმაც უარყო, რევოლუცია მოხდა, ათეიზმი, მატერიალიზმი გაბატონდა. ამიტომ ძალიან გვიჭირს. ფიზიკურად არსად ჩანს ქრისტე, მაგრამ სწორედ აი, ამ სიკვდილში ნელ-ნელა იწყება აღდგომის სიხარული. გაიხსენე, ჯერ მარიამ მაგდალინელს ეცხადება მაცხოვარი, შემდეგ მენელსაცხებლე დედები იღებენ ამ სიხარულს, შემდეგ მოწაფეებს ამხნევებს ორმოცი დღის განმავლობაში და, ბოლოს, ორმოცდამეათე დღეს გადმოდის ცოცხალი რწმენით და მთელ სამყაროს მოეფინება აღდგომის სიხარული. რა ჯიშის მარცვალიც დავთესე, ბოლოშიც იგივე არ უნდა მივიღო თავთავად?! თან - თავთავად! ერთი დავთესე და თავთავს ვიღებ. ანუ მეორედ მოსვლა კი არ არის, არამედ დათესილის მოწევაა ჭირნახულად. აი, რისკენ მივდივართ, რა დღე მოგვყავს. დიახ, ჩვენ მოგვყავს! აი, რისთვის ვიწვით - უფრო ზუსტად, ქრისტეს სული იწვის ჩემში ამ სურვილით. ის უკვე ხედავს და იმიტომ იწვის. რატომ იწვის ადამიანი წყურვილით?! იმიტომ რომ ხედავს წყალს, უბრალოდ უნდა მივიდეს წყლამდე. ამდენად, ეს უკვე მომხდარი ფაქტია - ვიწვით, იმიტომ რომ ახლა გვინდა, ვერ ვითმენთ, მაგრამ აუცილებლად მოიყვანს წყურვილი წვიმას. გამომხმარი მიწა უტყუარი ნიშანია, რომ წვიმა აუცილებლად მოვა. აი, ასეა წუთისოფელი მეორედ მოსვლის მოლოდინში; ერთი მხრივ, მის გარსს, რომელმაც იცის, რომ დაინგრევა და ბოლო დღეები აქვს, სამყაროს ვეღარ იკავებს არსებული სისტემები, ნელ-ნელა უჩნდება ბზარები, ვინაიდან, უცბად რომ გადაიხსნას, შიგთავსი ჯერ კიდევ არ არის მზად მოსახდენის დასატევად, და როგორც კი გამყარდება, მომზადდება, ყველაფერი უკან დარჩება. ეს არ იქნება ერთი პიროვნება - ვინც ტახტზე დაჯდება - მას ჩვენს გულებში ვიგრძნობთ; ჩვენს გულებში გამეფდება ის, ვისაც ჩვენ შორიდან ველოლიავებით და ვისიც გვწამს 2000 წელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი