რელიგია

რაც უსამართლოა, ადამიანის თვალით, რატომ არის სამართლიანი, ღმერთის თვალით

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:57 23.11, 2020 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ბევრი უსამართლობაა, რომ ხანდახან ეჭვიც შეგეპარება, საერთოდაც, ოდესმე თუ უწერია სამართალს პურის ჭამა. და თუმცა ვიცით, რომ ღმერთი სამართლიანია, მაინც გვიჩნდება კითხვის ნიშნები, როდესაც მოულოდნელი უბედურება გვეწვევა, რაც, ადამიანური ლოგიკით, ნამდვილად არ დაგვიმსახურებია. ყველაზე მტკივნეული, ალბათ, ისაა, როდესაც მშობელს უკვდება შვილი. როგორ უნდა აღიქვა ეს სამართლიანად და სიკეთედ? ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური – მამა გურამი (ოთხოზორია).

– ადამიანი თავისი შეცდომებით იმკის, რაც ემართება. როგორ ახერხებენ რამის მომკას, მაგალითად, ჩვილები, რომლებიც იღუპებიან?
– აი, აქ იწყება ის, რასაც ჩვენ ღვთის განგებულებას ვუწოდებთ, რაც ჩვენი ადამიანური ბუნებისთვის მიუწვდომელია. კითხვა, თუ რატომ იღუპებიან ბავშვები, ლოგიკის დონეზე, გადაუჭრელია, მაგრამ სამყაროში ყველაფერი თავიდან ჩანს, როგორც უსამართლობა და ქაოსი. ყველაფერი რომ ცხადი ყოფილიყო და გასაგები, მაშინ ადამიანს, როგორც თავისუფალი ნების მქონე პიროვნებას, ამ სიცხადის გამო არჩევანი არ დარჩებოდა. ის იძულებული იქნებოდა, ყველაფერი ისე დაენახა, როგორც არის სინამდვილეში. ამიტომ ადამიანი ნაწილობრივი დაჩრდილვის ქვეშაა, რომ მან ღვთიურ სამართალს მიაღწიოს ძალისხმევით. ძალისხმევის გარეშე ის ღმერთის იძულებით მაღიარებელი იქნებოდა. მთელი სამყარო ემორჩილება ერთიან უზენაეს კანონს და, თავისთავად, საგნები, ცხოველები, ფრინველები, მოვლენები არც კეთილები არიან და არც ბოროტები. ასეთები გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით?! ამიტომ ღმერთი ნაწილობრივ არასრულყოფილებაში გვტოვებს. არასრულყოფილებას, ხომ, თავისთავად არსებობა არ აქვს და ამიტომ ის ესწრაფვის სრულყოფილებას და ჩვენ ამ სწრაფვით, მიზიდვით უნდა მივიდეთ სრულყოფილ ხედვამდე. და იმ მდგომარეობაში ჩვენ უკვე აღარ დაგვჭირდება სხვისი ახსნა. უკვე გვეცოდინება, რომ, რაც თავში იყო ძალიან დიდი უსამართლობა, სიღრმეში ჩასვლის შემდეგ, გვათავისუფლებს. ამიტომ ამბობს ქრისტე: თუ შეიცნობ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ. 
– პირდაპირ ვიკითხავ, როგორ უნდა ჩასწვდეს ჭეშმარიტებას ადამიანი, რომელსაც უკვდება შვილი, საყვარელი ადამიანი?
– არათუ ბავშვს, თუკი ერთ ჭიანჭველასაც კი რამე შეემთხვა, თუნდაც, მცენარე მოიჭრა და გახმა, მაშინვე ღმერთთან მაქვს საქმე და, თუ მართლაც ღმერთის ნებით ხდება ეს, მაშინ ღმერთზე უნდა ვთქვათ უარი?! ქართული სიტყვაა: მართლა. ასე ვამბობთ ხოლმე, მართლა არსებობს ღმერთი. ანუ ვამბობთ, მართალია ღმერთი. ესე იგი, ნამდვილია ღმერთი. „მართალია ღმერთი“ ნიშნავს, რომ, თუ ის მართალი არ არის, არც არსებობს. რადგან ნამდვილი, მართალი მაშინ იქნება, როდესაც მოქმედებებშია მართალი. შესაბამისად, როდესაც ვხედავ, რომ, ჩემი გადასახედიდან უსამართლობითაა სავსე ცხოვრება, მე ვდგები დილემის წინაშე: შეუთავსებელია, ერთი მხრივ, სამართლიანი და ყოვლისშემძლე ღმერთი და, მეორე მხრივ, სამყარო, აბსოლუტურად ალოგიკური მოვლენებით სავსე. 90 წლის ადამიანს ენატრება სიკვდილი და მის გარშემო ყველა ნატრობს, ნეტავ, დაისვენოსო და არ კვდება და 4 წლის, 19 წლის, 20 წლის სიცოცხლით სავსე ყმაწვილი კვდება. სად არის სამართალი?! და მაშინ რა ვქნათ, გადავაყენოთ ღმერთი?! თუ ღმერთი მტყუანია, მაშინ ის არც არსებობს. ანუ ნონსენსია, თუ ღმერთი არის და ამ დროს არ არის! ეს იგივეა, თქვა, რომ წყალი არის და სველი არ არის. ასევე, შეუძლებელია, იყოს ღმერთი და არ იყოს სამართლიანი, მაშინ რა ვუყოთ – როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა?! ეს პრობლემა გადაიჭრება უფრო ღრმად დანახვაში – ქრისტეს რწმენით მიღებით. რაც მეტად ვიცი, არა ის, რაც ჩემ თვალწინაა, არამედ მისი სიღრმე, საიდანაც ის მოდის და მისი ბოლო – საით მიდის, რომელსაც მხოლოდ ღმერთი ხედავს, მე ვთავისუფლდები. მაგრამ მე როგორ დავინახო?! რაც უფრო მივუახლოვდები სამყაროს ისე დანახვას, როგორც ამას ხედავს ღმერთი, მით უფრო ლაგდება, რაც, ჩემი ხედვით, ჩანს ძალიან უსამართლოდ, ძალიან ქაოსურად და უსისტემოდ და, ფაქტობრივად, უკვე მე ვქმნი კოსმოსს. მაგალითს ვიტყვი: მამას უკეთებენ ოპერაციას. ქირურგი დგას საოპერაციო მაგიდასთან, სისხლით მოსვრილი, ხელში უჭირავს სკალპელი, ბავშვი გაექცა დედას და შევიდა საოპერაციოში. იცნო მამა, რომელსაც ვიღაც ბიძია ადგას თავზე დანებით და ჭრის. რა რეაქცია ექნება ბავშვს?
– რომ უსამართლოდ ექცევიან მამამისს და კლავენ.
– და მას ვერ დააჯერებ, რომ ეს სისხლი მამას სასიკეთოდ სდის. ბავშვისთვის ეს აბსურდია – იმიტომ რომ ის ხედავს მხოლოდ თვალით და მისი ცნობიერება არ არის განვითარებული. შესაბამისად. რაც ბავშვური ხედვისთვის ბოროტებაა, დედისთვის სრული სიმშვიდეა, რადგან იცის, რომ სისხლიანი ბიძია კარგი ქირურგია და უხარია, რომ ქმარს გადაურჩენს. დავუბრუნდეთ კითხვას: მე ვხედავ, რომ ბავშვი დაიღუპა, მაგრამ წარმოვიდგინოთ ღმერთის ხედვა. ღმერთი ხედავს ბოლოს – სად მიდის იმ ბავშვის სული. ამდენად, მისი ხედვიდან ეს უსამართლობა არაა, მაგრამ ჩემს ხედვაში, ხომ, ტკივილია?! სწორედ ამ დროს უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ გვყავს ქრისტე, რომელიც შორიდან კი არ გვიყურებს ჩვენ და ჩვენს ტკივილებს. ჩვენი ღმერთი ასეთი არ არის! ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელიც ჩვენი ტკივილის გამო მოვიდა ჩვენთან! ქრისტემ იცის, რომ სიცოცხლე სიკვდილის მძლეველია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და ამიტომ ქრისტე აქ ჩამოდის, რომ გვანუგეშოს და ამ ჩვენი უგუნურებით გამოწვეულ ტკივილში შეგვეწიოს. ის იცვამს ჩვენს სხეულს, ჩვენსავით ეშინია სიკვდილის! ქრისტე ჯვარზე ავიდა, როგორც ადამიანი. ის განიცდის ყველა უძლურებას, რომელსაც განიცდის ადამიანი: ახლობლის დაკარგვის ტკივილს, შიმშილს, დაღლას, სიკვდილის შიშს. სიკვდილში მან ცოცხლად შეაბიჯა, დაინახა, რა არის სიკვდილი, კანკალებს, ამბობს, მამავ, მეშინიაო. ერთი დიდი წმიდა მამა ამბობს: შეეშინდა ქრისტეს სიკვდილის, მაგრამ არ შეძრწუნდაო. ნახე, როგორი ღმერთი გვყავს?! არ დაგველოდა, რომ მერე ეთქვა, გეშინოდათ, მაგრამ, ხომ ხედავთ, არ იყო საშიშიო, არამედ მოვიდა. საოცრად თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა ქართულად „სულიწმიდა“ – ნუგეშინისმცემელი. რა არის ნუგეში? ნუ გეშინია – ანუგეშა, ესე იგი, მითხრა: ნუ გეშინია! სულიწმიდა ვინ არის? რასაც ჩემი ადამიანური თვალებით ვერ ვხედავ და მგონია, რომ დასრულდა ყველაფერი, იმის ბოლო იცის სულიწმიდამ. მან იცის, რომ სიკვდილი გარდაცვალებაა და შენს შვილს ხედავს იმ ლამაზ სამყაროში, მაგრამ მოდის შენთან, რომ ამ ტკივილში სულიერი წვეთოვნები დაგიყენოს და არამიწიერი სიმშვიდით გაგიწონასწოროს. ქრისტე ამბობს: წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ ნუ გეშინიათ – მე მიძლევია წუთისოფელი!

 

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი