რელიგია

რაც იყო, იქნება და რაც უნდა მოხდეს, ის მომხდარია უკვე

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 06.01, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტიანები ყოველ წელს აღვნიშნავთ შობასა და აღდგომას, თუმცა თავად უფლის შობა და აღდგომა ერთხელ მოხდა. რატომ გავდივართ ამ ციკლს ყოველწლიურად, ვიდრე მეორედ მოსვლამდე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რაკი შობის მარხვაა, მხოლოდ ქრისტეშობაზე გავამახვილებ ყურადღებას: სანამ ცოცხლები ვართ, მუდმივად, ყოველ წელს რატომ ვტრიალებთ ამ ციკლში, ანუ აღვნიშნავთ შობას?

– დღეთა და ღამეთა მონაცვლეობა სამყაროს ქმნადობის პირველი დღიდანვე იწყება და ეს მონაცვლეობა უბრალოდ პლანეტების მოძრაობის შედეგი არ არის, ეს მონაცვლეობა ჩვენთვისაა. თითქოს ერთსა და იმავე წრეში ვტრიალებთ: დღე და ღამე, შობა და აღდგომა... ეს მუდმივად, უსასრულოდ გაგრძელდება, თუ რაღაცით დამთავრდება?! საქმეც ისაა, რომ ღმერთში ყველაფერი დასრულებულია, ანუ ის, რაც ჩვენში ბოლოს უნდა მოხდეს, იმთავითვე დასრულებულია თავში. ღმერთს სამყაროს შექმნა ერთი სიტყვით ერთ წამშიც შეეძლო, მაგრამ ის გადაანაწილა ექვსი დღის ქმნადობაში პერიოდებად და ეს გაკეთდა ჩვენთვის – რომ შევძლოთ დატევა. ღმერთს არ სჭირდება დრო – მასში ყველაფერი მომხდარია, სოლომონ ბრძენიც, ხომ, ამას ამბობს: რაც იყო, იქნება და რაც უნდა მოხდეს, ის მომხდარია უკვე?! ასე რომ, ეს მონაცვლეობები, ციკლი იმისთვისაა, რომ გავიაზროთ, თავადაც მივიღოთ მონაწილეობა გაგებაში და ის გარედან არ იყოს თავს მოხვეული. ეს რომ იმთავითვე მოცემული ყოფილიყო ადამიანში, მაშინ არც ჯილდო იქნებოდა და არც სასჯელი, არც განვითარება და არც წვდომისა და გაგების სიხარული. შესაბამისად, ეს მონაცვლეობები იქნება მანამ, სანამ ადამიანი სრულად არ გააცნობიერებს შობისა და შემდეგ აღდგომის აქტს. ვიმეორებ, ღმერთში დრო და სივრცე არ არსებობს – იქ ყველაფერი ერთბაშად და უცბად ხდება, მაგრამ ღმერთმა თავისი სიდიადე უკან გასწია და დაგვიტოვა სივრცე, რასაც ჰქვია წუთისოფელი, რომელიც გადაფარულია ღმერთის სისავსისგან, რომ შემდეგ დროთა მონაცვლეობით, ამ ციკლებით თანდათან გაცნობიერებებით ვეწიოთ საბოლოო აღდგომას. ანუ აღდგომაა აღდგინება, სრულად გონს მოსვლა, რითაც ჩვენი ქმნადობის პროცესი დასრულდება და ჩვენც უკვე ვიქნებით ღმერთისგან გამოყოფილი, ავტონომიური ქმნილებები, რომლებშიც სიცოცხლე იქნება თავისთავად და შეგვეძლება, ვუთხრათ ღმერთს – შენ! რაც თავში არ იყო, იმიტომ რომ ღმერთში ვიყავით გაღვრილები. ღმერთი არ იცვლება, ის არაფერს ელოდება, მისთვის არც გუშინააა, არც დღეს, არც ხვალ – მასში მხოლოდ სისავსეა. ღმერთმა გამოგვყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ციკლთა მონაცვლეობით ნელ-ნელა გონს მოვიდეთ, რათა ერთი ერთზე გავიხსენოთ ჩვენი თავი, როგორც მარცვალი იხსენებს თავის თავს და იქცევა ნაყოფად. ანუ ჩვენი ყოფნა გვაჩუქა ღმერთმა.

ასეთი კითხვაა: რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, ანუ სამყარო? და ასეთია პასუხი: მხოლოდ იმისთვის, რომ ნეტარება მიენიჭებინა ადამიანისთვის. რომ, რითიც ღმერთია სავსე, ანუ თვითკმარობით, ისეთივე გამხდარიყო ადამიანი. ნეტარებაა, როდესაც მე ვარ და არ ვსაჭიროებ ვიღაცის ან რაღაცის არსებობას ჩემ გარეთ. მაგრამ, ადამიანს რომ ნეტარება მისცე, ის მზად უნდა იყოს ამ ნეტარების მისაღებად, დასატევად. ამიტომ ღმერთი თავის თავს ერთგვარად ამცირებს, ქმნის რაღაც სივრცეს, რომელშიც მისივე ქმნილება ადამიანი გამოყოფილია მისგან, რომ გაიღვიძოს, ამოვიდეს ამ წუთისოფლის დაფარულობიდან და ღმერთმა თავისი თავი დაინახოს მასში. ებრაელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ადამიანი არის ღმერთის მიერ თავისი სახის გარედან დანახვა. ეს იმას ჰგავს, როდესაც მამას უხარია, როდესაც უყურებს შვილს და თავის ალი-კვალს ხედავს მასში. ეს რომ შემდგარიყო, ღმერთს თავისი ნათელი უნდა მოეცილებინა თავისი ქმნილებისთვის, რომ შექმნილიყო გაურკვევლობის, ნათლის მოკლების მდგომარეობა, რათა შემდეგ ეს სიბნელე და გაურკვევლობა გადაქცეულიყო სინათლედ და გარკვეულობად ღმერთის ნაწილისთვის, იმ ქმნილებისთვის, რომელიც მან წუთისოფელში მოაქცია, როგორც სიცოცხლის ერთგვარი მარცვალი, შესაძლებლობა. აღდგომის მისტერიას წინ უძღვის შობა, როდესაც აი, ამ წყვდიადში, დაფარულობაში პირველად ჩნდება ნათელი: აი, ესაა შობის სიხარული. ამიტომ ეუბნება მარიამს: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ...“ შობიდან სამოთხის პირველი სიხარული გამოკრთება, მაგრამ მხოლოდ შობა არ კმარა. შობით იწყება გაცნობიერება, გონს მოსვლა, აღდგომა კი უკვე ნიშნავს ღმერთის ქმნილების სრულ გონს მოსვლას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო სრულ გაურკვევლობაში, ანუ გზაში... ციკლებს მივყავართ გაგებიდან გაგებამდე, წვდომიდან წვდომამდე, ვიდრე სრულ აღდგომამდე, ანუ სრულ პასუხამდე არ მივალთ. ქრისტიანობაში ახალი ქმნადობა იწყება ქრისტეს შობით, დაცემული ადამის პირველი მდგომარეობიდან იწყება ახალი ციკლი – ამიტომაც გვაქვს მერვე დღე. ანუ პირველი შვიდდღიანი ციკლი დასრულდა მეშვიდე დღით, მაგრამ ის განახლდება, რომ ისევ სამოთხისეულ ნეტარებას დავუბრუნდეთ, რაც ადამმა დაკარგა, ახალი ადამით – ქრისტეთი, ამიტომაც მერვე დღე არის ახალი ციკლის პირველი დღე. ახალი ქმნადობა იწყება ისევ დიდი სიცოცხლის შობით – როგორც იქ, დიდ მატერიაში იშვა ადამით სიცოცხლის ახალი ჩანასახი, აქაც მარიამის მორჩილებითა და მიმღებლობით სავსე წმიდა საშოში იშვა სიცოცხლე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ შემოდის ღმერთი მთელი თავისი სიდიადით; არ აიძულებს მარიამს, პირიქით, სთხოვს, შეუძლია თუ არა, მიიღოს დიდი სიცოცხლე. აი, ესაა სასწაული! მარიამის ნების, მოსურვების შემდეგ შემოდის ჩანასახი და ღმერთი მთელი თავისი სისავსით ადამიანის დაფარულ ბუნებაში იშობა, აი, ეს არის პირველი სიხარული! და შემდეგ ეს შობილი გადის გზას, ეჭიდება წუთისოფელს, როგორც მიწაში დათესილი მარცვალი ეჭიდება მიწას და საბოლოო აღდგომით აღდგება არა ის სული, რომელიც შემოვიდა, არამედ უკვე ხორცშესხმული, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, რომელსაც ისევე აქვს სიცოცხლე თავის თავში, როგორც მამას. ჩვენც გვექნება სიცოცხლე ქრისტეში და იმიტომაც გადავიფარეთ მიწით, რომ გამოვყოფოდით ცალკე, რათა ისეთივე პიროვნული მე გვქონოდა, როგორიც აქვს ღმერთს. მაგრამ ეს ერთბაშად ვერ მოხდება და სწორედ იმისთვისაა ციკლურობა. ანუ ციკლურობა ჩემს სულს ამზადებს, ასუფთავებს და ისეთ მიმღებლობამდე აჰყავს, როგორიც ჰქონდა მარიამს, რომ ჩემშიც იმავე ძალით იშვას ქრისტე, როგორც მარიამში იშვა. ჯერ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ წლიდან წლამდე, წვდომიდან წვდომამდე, შობის აღნიშვნიდან შობის აღნიშვნამდე, ვუახლოვდებით მდგომარეობას, რომ ჩვენშიც იშვას მაცხოვარი. ადამიდან თუ აბრამიდან უამრავი ქალი დაიბადა, მაგრამ მაცხოვარი ვერ იშვა, იმიტომ რომ მარიამამდე შთამომავლობაც შვილთასხმიდან შვილთასხმამდე ერთი ღმერთის წვდომისა და გაგების საფეხურებია. იმ პირველი შობიდან გავლილი ციკლებით, ერთხელაც იქნებ ისე დაიხვეწოს ჩვენი სული, როგორც მარიამში და იმავე სულით იშვას იესო. თორემ, რამდენიც უნდა ვიძახოთ, ქრისტე იშვა ბეთლემსაო, აზრი არ აქვს, თუ შენი სულიც არ იშვება ბეთლემში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი