რელიგია

რატომ ურჩევნია ადამიანს საკუთარი თავისა და სხვების განადგურება თავისი ყალბი სიმართლის გადასარჩენად

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.06, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

იუდამ იმის გამო, რომ მაცხოვარი გასცა, თავი მოიკლა, ხოლო პეტრე, რომელმაც, ასევე, თანაც სამჯერ უღალატა მაცხოვარს, წმიდანად აღესრულა. რატომ ვარჩევთ ადამიანები, რომ უმეტესწილად იუდასავით მოვიქცეთ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ მოიკლა თავი იუდამ და ცოცხალი დარჩა პეტრე, რომელიც იუდაზე არანაკლებ უკეთურად მოიქცა?

– ადამიანი, როდესაც სრულად ივიწყებს, რომ მისი სათავე მოდის სამოთხიდან, ჰგონია, რომ სამოთხის გარეთ იშვა, ცოდვის შვილია და ამიტომაც მისი ბოლო სიკვდილია. ეს ქრისტეს მოსვლამდე რიტუალურად სრულდებოდა – არსებობდა მსხვერპლშეწირვა, რაც მიანიშნებს, რომ ღმერთთან ადამიანი ძღვენის, მსხვერპლის გარეშე ვერ მივიდოდა (ძღვენი ისაა, რაც წინ მიმიძღვის), ესე იგი, იმთავითვე ფიქრობდა, რომ ღმერთთან მართალი არ იყო და ერთგვარი გამოსასყიდი სჭირდებოდა, სწორედ, ეს აღსრულდა ქრისტეში. შესაბამისად, იუდა და პეტრე ადამიანის ორი მდგომარეობაა. ერთი მხრივ, ადამიანი თავის თავსაა მინდობილი და დაეკარგა ხსოვნა, რომ სამოთხიდან მოდის, ამიტომაც უჭირს მონანიება (იმიტომ რომ მონანიებით მთლიანად ინგრევა), მაგრამ, მეორე მხრივ, პეტრემ შეძლო მონანიება, ვინაიდან პეტრეში გაცოცხლდა ქრისტეს სიტყვები: სამოთხის ხსოვნა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ძალიან ხისტი იყო და ადამიანურ მდგომარეობას ძალიან ენდობოდა, იმავდროულად, მასში იყო მადლისმიერი გულწრფელობა – ქრისტეს სიყვარული და მიღება. ხოლო იუდაში მხოლოდ ერთი მხარე იყო – თავისი სიმართლე, ამიტომაც გაუჭირდა, როდესაც იმხილა. არადა, იუდაც პეტრესავით იმხილა: ორივემ ერთნაირად თქვა, შევცოდეთო. იუდამაც ხომ აღიარა შეცდომა? მართლის სისხლი გავეციო...

იუდა მართლაც საშინელი სინამდვილის წინაშე აღმოჩნდა – ის მესიაში ხედავდა ღვთაებრივ ძალმოსილებას, ფიზიკურ მესიას და მასთან იყო, რადგან ლიდერობა უნდოდა. სხვათა შორის, პეტრეც იმავენაირად ფიქრობდა: მასაც ლიდერობა უნდოდა და არც მალავდა. მაგრამ იუდას უფრო გამოკვეთილად ახასიათებდა ლიდერობისკენ სწრაფვა და შესაძლოა, გამოცდაც კი უნდოდა ქრისტესი. აბა, მაშინ რატომ ინანა ბოლოს იუდამ, თუ მანამდე შეგნებულად უღალატა და გადასცა ფარისევლებს?! მაგრამ, როგორც კი ნახა, რომ ქრისტე შეიპყრეს, სცემენ და ამცირებენ, მიხვდა, რომ ქრისტე არ იყო ისეთი მესია, როგორსაც ელოდა, ანუ იყო უბრალო კაცი, პილატემაც ხომ ასე თქვა მაცხოვარზე – უბრალოა ეს კაციო.

ამდენად, იუდამ ვერაფრით გაუძლო ამ დამცირებას – საკუთარი ეგოს ნგრევას: თურმე, მაცხოვარი ფიზიკური ლიდერი არ ყოფილა და არ უნდა ჩამედინა, რაც ჩავიდინეო. მის მიერ ნათქვამი სიტყვები: მართლის სისხლი გავეციო, მიანიშნებს, რომ ქრისტე მართალი იყო და იუდას სხვა მოლოდინები ჰქონდა მისადმი. იუდამ ქრისტე გასცა იმისთვის, რომ რაღაც შეეტყო და, როდესაც, როგორც პილატემ, დაინახა, რომ იესო მართლა მართალია, იუდამ, თავისი ღვთის ხატობით, დაინახა, რომ მართალი გასცა, მაგრამ არ ეყო ის, რაც პეტრეს ეყო და საკუთარ ეგოს, ამპარტავნებას გადააყოლა თავისი სიცოცხლე; იუდამ საკუთარ თავს არ აპატია, პეტრესგან განსხვავებით.

– პეტრემ როგორ შეძლო საკუთარი თავის პატიება? ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან თვითგვემა ლამის ეროვნული ხასიათის თვისებად გვექცა.

– პეტრემ შეძლო საკუთარი თავის პატიება, რადგან ქრისტე დაეხმარა. პეტრეს ადამიანურად ძალიან უყვარდა მაცხოვარი, უბრალოდ, ზედმეტად იყო მინდობილი საკუთარ ეგოს. პეტრეს საკუთარი თავისადმი მინდობა დაენგრა, მაგრამ იმავდროულად, მიენდო იესოს, რადგან გულით უყვარდა და ამან გადაარჩინა. თორემ პეტრეს წამოდგომაც ძალიან ძნელი იყო. თუ დავაკვირდებით, ადამიანს, უმეტესწილად, უჭირს მონანიება იმიტომ, რომ საკუთარ თავს არ პატიობს. როდესაც იმხილება, უფრო სასტიკდება: ან მამხილებელს ანგრევს, რომ ის გარე მამხილებელი აღარ არსებობდეს ამ სამყაროში, ან საკუთარ თავს ინადგურებს. ესაა ის, რაც იუდას დაემართა. ადამიანი ჩაფრენილია თავის სიმართლეს – სწორედ, აქედან იწყება ამპარტავნება და, თუ დავაკვირდებით, სახარებაში ყველა სასწაული, რასაც ქრისტე ახდენს, მხოლოდ იმ ადამიანებზე სრულდება, ვინც ამ ტესტს აბარებს. განკურნებამდე იესო ადამიანს სცდის სიმდაბლეში – ადამიანი ამპარტავნებით მიდის მასთან თუ შეცნობილი აქვს, რომ დაცემულია ცოდვით და მისი ავადმყოფობა ამის შედეგია?! მაცხოვარი სცდის, როგორ ითხოვს ადამიანი: რომ მას ეკუთვნის განკურნება თუ წყალობას ელის – არ მეკუთვნის, მაგრამ შემიწყალე.

– არადა, ჩვენ ძირითადად გვგონია, რომ გვეკუთვნის ამსოფლის ყველა სიამე.

– ამის კლასიკური ნიმუში რა არის? ბევრი კეთროვანი იყო ისრაელში ელისე წინსაწარმეტყველის დროს, მაგრამ არავინ განკურნებულა გარდა ნეემან სირიელისა. „კეთრი“ ებრაულად ნიშნავს „ავსიტყვაობას“, ანუ სხვაზე ზედამხედველობაა. რატომ განიკურნა ნეემანი? ის ასირიის მხედართმთავარი იყო, რომლებსაც ებრაელები დაპყრობილი ჰყავდათ. ნეემანს თავზე, სახეზე გაუჩნდა კეთრი. რატომ? იმიტომ რომ ზემოდან უყურებდა ყველას. ნეემანი ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ვიღაცას მაღლიდან უყურებ, ავსიტყვაობ, მეორე მხრივ, ებრაელები ღვთის რჩეული ხალხი გახლდნენ, ასირია კი – წარმართული ქვეყანა. ანუ ეს იგივეა, როდესაც ჩვენში ჩვენივე დაცემული ბუნება დასცინის ჩვენსავე ღვთაებრივ საწყისს. ამიტომ ელისემ ნეემანიც სიმდაბლეში გამოსცადა, ვიცით, რომ არც კი გამოვიდა სახლიდან და თავისი მსახური გაგზავნა, მაგრამ ელისემ კიდევ უფრო გაუგონარი რამ მოსთხოვა: წადი და იორდანეში შვიდჯერ ჩაყურყუმალავდიო. ამპარტავნებამ სძლია ისევ ნეემანს, მაგრამ მსახურმა ურჩია, არაფერს გთხოვს შეუძლებელს, იქნებ გეცადაო და მართლაც, უცბად გონს მოდის ნეემანი, შვიდჯერ ჩაყვინთავს იორდანეში და ბავშვივით გათეთრებული ამოდის იქიდან. როგორც კი სძლია თავის ამპარტავნებას, კურნება მიიღო.

აი, ესაა იუდა და ქრისტე ჩვენში: ისე მყარად ვართ ჩაფრენილნი საკუთარ სიმართლეს, რომ გვირჩევნია, სხვა გავანადგუროთ, შევაკვდეთ კიდეც, ოღონდ არ ვიმხილოთ და ჩვენი ყალბი სიმართლე არ გაცხადდეს. მაგრამ, ვისაც გააზრებული აქვს, რომ ჩვენი სიმართლე არაფერია და მთავარი ღვთის წყალობაა, ის არ დაობს, არ ამტკიცებს თავის სიმართლეს, პირიქით, ყოველ მხილებაზე უხარია, რომ გამომჟღავნდა მისი ყალბი სიმართლე, ვიდრე ბოლომდე არ გასუფთავდება. თუმცა ყალბი სიმართლეებისგან გასუფთავებას თან ახლავს ტკივილები, ამიტომაცაა ჯვარი ნელ-ნელა გადაჩვევა; და სწორედ, აქედან იხსნება მართალთა ტანჯვა ამ წუთისოფელში. ანუ დახმარება ჩვენ წინააღმდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი