რელიგია

რატომ უნდა დაგლახაკდე, მოგწყურდეს, მოთვინიერდე და გდევნონ, რომ დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 22.09, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მორწმუნესაც და ურწმუნოსაც სმენია ცხრა ნეტარების შესახებ და სწორედ ცხრა ნეტარების საიდუმლოზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– ცხრა ნეტარებაშიც ყველაფერი ამოყირავებულია, ანუ ღვთიური ნეტარების საფუძველია ის, რაც ყოფისთვის აუტანელია?

– ცხრა ნეტარება იესოს მოძღვრების მწვერვალია, გულისგულია. მოწაფეებს გაუმხილა, როდესაც მთაზე აიყვანა – მთა არის სულიერი მდგომარეობა, ანუ მიგვანიშნებს, რომ ამის წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ამაღლებულ მდგომარეობაში. უფალმა ისინი აიყვანა თავიანთი არსების გულისგულში, ყველაზე მაღალ მდგომარეობაში, რისკენაც საბოლოოდ მივდივართ. მის მოწაფეებს ამ მდგომარეობაში დარჩენა, ბუნებრივია, არ შეეძლოთ, მაგრამ მათ უფალმა გაუცხადა და განაცდევინა ის, რისკენაც მივდივართ, რასაც ყოველდღიურობაში ვერც შემოიტანდნენ. რადგან ადამს დროზე ადრე მოუნდა ღმერთობა, განგებამ ის ძე შეცდომილივით გაუშვა შორ ქვეყანაში, მისცა სივრცე და მან თავისი „მეთი“ შექმნა წუთისოფელი, მაგრამ მოდის იესო, ნამდვილი მე-არსი და აჩვენებს ადამიანს, თუ რა არის ნამდვილი მე, ნამდვილი სამოთხე, მაგრამ, იქ რომ მიხვიდე, უნდა გაღატაკდე მეს მინდობით შექმნილისგან; უნდა მოგშივდეს ნამდვილი, იგლოვო შენ მიერ შექმნილი სიყალბე... სიყალბიდან გამოსვლის გზას ჰქვია გაღატაკება, ღატაკდები ყალბი სიმდიდრისგან; ყალბი მოლოდინებისგან, რაც განგებამ დაუშვა, ახლა კი მოგიხმობს ნამდვილისკენ.

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა, ანუ ცათა სასუფეველს მაცხოვარი უპირისპირებს იმ რეალობას, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და ეს გეოგრაფიული ადგილი კი არა, სულის მდგომარეობაა. ცათა სასუფეველში, ნამდვილში რომ დაბრუნდე, უნდა მოგწყურდეს ნამდვილთან დაბრუნება, ანუ უნდა მიხვდე, რომ, რაც შენ შექმენი, არ გარწყულებს. ამიტომ არიან ნეტარნი გლახაკნი სულითა და მწყურვალნი. „გლახაკნი“ ნიშნავს არა დაბეჩავებულს, არამედ მდგომარეობას, როდესაც სული გრძნობს თავის სიგლახაკეს. პირდაპირ თარგმანში ასეა: ნეტარ არიან ისინი, რომლებიც ღმერთის ნაკლებობას განიცდიან. ამდენად, არ უნდა შეგვაშინოს ამ სიღატაკემ. მეორე მხრივ, ის კი არ იგულისხმება, რომ ნეტარება ღმერთის ნაკლებობაა, არამედ ნეტარებაა ის, რომ ამ მდგომარეობით შენ გამოხვალ სიყალბიდან; ღმერთის ეს წყურვილი, ეს ნაკლებობა გამოგიყვანს სიყალბიდან, რომელსაც სიკვდილისკენ მიჰყავხარ. სხვანაირად წუთისოფელს თავს ვერ დააღწევ. მაგრამ ჯერ უნდა დაინახო, რომ ეს სამყარო ყალბია. სანამ ადამიანს ეგონება, რომ რაღაცას წარმოადგენს და წუთისოფელი ღირებულია, ის არ მოინდომებს უკეთესის მოძებნას. და ნეტარია ის, ვინც დაინახა ღმერთის ნაკლებობა, გაუჩნდა თავისი ნამდვილი სახლის მონატრება და ამ თავისი სიგლახაკით მივა ცათა სასუფეველში. მას ღმერთის მოწყურება არ გააჩერებს იქ, სადაც არის. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშინისცემულნი იქნებიან... რაზე გლოვობს ადამიანი? ადამი გლოვობდა სამოთხის კართან, როდესაც მიხვდა, რა დაკარგაო... როცა ახლობელი ადამიანის დაკარგვას გლოვობ, აღარაფერი გინდა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასს მისტირი და დარდობ. და ნეტარი ხარ, როდესაც დარდობ სამოთხის დაკარგვას, იმიტომ რომ ეს გლოვა, დარდი, ტკივილი ის ძალაა, რომელიც ნუგეშინისცემით დამთავრდება. არ დაგტოვებს ღმერთი, როცა დაგინახავს, რომ ღმერთს გარეთ, სასუფევლის გარეთ გლოვობ. როცა შენთვის მთელი წუთისოფლის სიმდიდრე არაფერია, უკვე გაიღვიძე და მიხვდი, რა დაკარგე და მისტირი, სულიწმიდა განუგეშებს. მკვლევრები ამბობენ, ბიბლიაში 365-ჯერაა დაწერილი „ნუ გეშინია“.

– ანუ ყოველდღე გვანუგეშებს სულიწმიდა?

– დიახ, „ნუგეში“ ძველქართული სიტყვაა და ნიშნავს „ნუ გეშინია“. ანუ მისი, ვინც მისტირის თავის დაკარგულ სახლს და ვისთვისაც უცხოა ის, სადაც არის, მანუგეშებელი უფალია და უკვე ამით ხარ ნეტარი. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას... ამ წუთისოფელში ველური ცხენებივით ვართ და ღმერთი ვერ გვიჭერს, ამიტომ ჯერ ვგლახაკდები და ღმერთი მწყურია, შემდეგ ვიწყებ გლოვასა და ტირილს ამ მდგომარეობის გამო, მანუგეშებს განგება და უკვე ვთვინიერდები, ღმერთს ვეძლევი, ვემორჩილები, აღარ ვარ აღგზნებული, როგორც იქამდე ვიყავი, რადგან ღმერთის, სამოთხის მონატრებამ საკუთარ უნუგეშო მდგომარეობაზე ამიხილა თვალი, უკვე თვინიერი ვარ და ასეთები დაიმკვიდრებენ მიწას, ანუ მყარ მდგომარეობასო. ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ... მოთვინიერებული ადამიანი, სახლიდან რომ აღარ გარბის, მოწყალე ხდება, სხვებისთვისაც სიკეთე უნდა, რადგან მან იცის, რა ჯოჯოხეთური გზა გაიარა, როგორ ანუგეშა ღმერთმა, აპატია და მიიღო. ამიტომ თვითონაც მოწყალე ხდება სხვების მიმართ, აღარავის განიკითხავს, იცის, მათ როგორ უჭირთ. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინიდან ისინი ღმერთს იხილავენ, იმიტომ რომ გულით შეიცნობა ღმერთი! არ ვიცი, სხვა ენებში როგორ არის, მაგრამ ქართული ამბობს: შენი გულისთვის ეწამა იესო... ანუ ქართულში შენი არსის გამომხატველი გულია. „წმიდა“ რას ნიშნავს? არა დაბადებიდან წმიდას, არამედ გაწმენდილს. წიდმოშორებულს, გამოყოფილს ჭუჭყისგან და მიძღვნილს ღმერთისთვის. წუთისოფელია ჭუჭყი, რომელმაც ჩვენში სამოთხის ხსოვნა ჩააქრო და ეს რომ განიწმინდება, ასეთების წმიდა გული ღმერთს იხილავს. წმიდა გული ჩვენს შიგნითაა, გადაფარულია წიდით და ზადით, ამიტომ გვაქვს ქართულში ორგულობა, როგორც გაორება, ეჭვი... საიდან გაჩნდა ორი გული? გული, ხომ, ერთია?! მეორე გული არც არსებობს, ვინაიდან ტყუილზეა აგებული, ღალატითაა სავსე. ჩვენი მეორე გული ანტისიცოცხლეა, რომელსაც ძალა არ აქვს, ნამდვილია ერთი გული, საიდანაც მოდის ერთგულება. და როდესაც გაორებული არ არის, ადამიანი ღმერთსაა მინდობილი. ამას მოჰყვება მშვიდობისმყოფელთა ნეტარება, რომლებიც ღმერთის ძეებად იწოდებიან. ანუ ადამიანი, ვინც გამოვიდა ამ ბრძოლებიდან, ჭიდილებიდან და ღმერთი იხილა, დაცხრა; სახლში, ანუ ღმერთთან დამშვიდდა და უკვე ღვთის ძეა, მონა აღარ არის. ვინაა ძე? ვინც მამის ყველა სიკეთით სარგებლობს, მანამდე ძეები არ ვიყავით, იმიტომ რომ წუთისოფელს დავემონეთ. ასეთი ადამიანი კი საშიშია წუთისოფლისთვის და, ბუნებრივია, მას დევნიან: ის უკვე ნათელშია, მაგრამ ჯერ კიდევ – წუთისოფელში, მაგრამ მაინც ნეტარია, იმიტომ რომ ეს დევნა მას კიდევ უფრო აძლიერებს და ავსებს ღმერთის სიყვარულით. ასეთ ადამიანებს გმობენ კიდეც, მაგრამ გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა. გიხაროდეთ იმიტომ, რომ უფლის რწმენა გაძლიერებს, სავსე ხარ მისი სიყვარულით და კი არ გძულს, ვინც გდევნის, არამედ მართლა გებრალება და ლოცავ. შენ გაიგე, ვინ ხარ, მაგრამ მათ ჯერ არ იციან და როგორ უნდა გაბრაზდე?! პირიქით, გინდა, რომ მათაც გაიგონ და შენი ერთადერთი რეაქციაა: უფალო, აუხილე თვალი მათ! რომ იცოდნენ, რა სამყარო ელოდებათ, მაშინ ამას არ გააკეთებდნენ. დიახ, ცხრა ნეტარებაა სწორედ ის მწვერვალი, რისკენაც ჩვენ მივდივართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი