რელიგია

რატომ უჭირს თავისი ღმერთობით მთვრალ ადამიანს ღმერთთან დაბრუნება

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 29.09, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მას შემდეგ, რაც ადამმა დაკარგა სამოთხე, მან შექმნა წუთისოფელი, რომელშიც თავად უნდოდა ყოფილიყო ღმერთი. ეს არის სივრცე, რომელიც ღმერთის დაშვებაა და არა მხოლოდ ადამის მოსურვება, ოღონდ, სადაც არ არის ღმერთი და ადამიანს აქვს სრული თავისუფლება. თუმცა წუთისოფელი ადამიანის წარმოსახვა და ქმნილებაა და თავის თავში არსებობა არ აქვს, იმდენად ძლიერად იჭერს ადამიანს, რომ სრულად იმორჩილებს, თუ რატომ, ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ეს ჩემ მიერვე შექმნილი და არარსებული წუთისოფელი რატომ აღმოჩნდა ჩემზე ძლიერი ან რატომ აღმოაჩნდა ამ ჩემ მიერ შექმნილ ტყუილს ჩემზე მეტი სიცოცხლისუნარიანობა? იმიტომ რომ აქ არ არის ღმერთი თუ იმიტომ რომ მე დამავიწყდა, ვინ ვარ?

– ადამიანს, ღვთის ხატს, ღმერთმა აჩუქა ყველაზე ძვირფასი, საკრალური – ღმერთის სული, გული, არსი – მე ვარ. სიცოცხლის ხით ადამიანი თანდათან უნდა გაზრდილიყო სამოთხეში, მაგრამ, რადგან მან პირდაპირ მოინდომა ღმერთობა, რაკი გველმა უთხრა, შენ იქნები, როგორც ღმერთიო, დაიწყო ახალი სამყარო. ანუ ადამიანი გაბრუვდა ღმერთობით და მეორე ღმერთის არსებობას ვერ ეგუება. საქმეც ისაა, რომ ღმერთმა დაუშვა ღმერთს გარეთ სივრცე, სადაც ღმერთის თანდასწრება არ არის, სადაც ნამდვილი მე არ არის და ამის ადგილი დაიკავა ადამიანის მიერ შექმილმა არსმა – მე ვარ. ამით ადამიანმა ისეთი ჯინი გამოათავისუფლა ბოთლიდან, რომელსაც უკან ვეღარ აბრუნებს. ასეც უნდა იყოს, ვინაიდან, ასე რომ არ იყოს, ადამიანი უსასრულოდ დარჩებოდა ღმერთს გარეთ. როდესაც ადამიანმა აიღო ტვირთი – მე ვარ ღმერთი, რაც ტყუილია და აბრუებს მას (ღმერთს გარეთ როგორ იქნები ღმერთი?!), შესაბამისად, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა მას ამძიმებს. იმიტომ რომ ბუნებით კი არა, შესაძლებლობით ხარ ღმერთი; იმიტომ რომ სიყვარული და მადლი გაკლია – ღმერთობა ნიშნავს ნეტარ მდგომარეობას, სიშვიდეს, სისავსეს. ადამი, ევა და გველი ადამიანში სამი მდგომარეობაა: პირველია გონითი საწყისი, შემეცნება, ღვთაებრიობა, ზეცა, ამაღლებული მდგომარეობა; მეორე – ანუ ევა, გულის მდგომარეობა, გრძნობები და მესამე, ანუ გველი არის გულის დაბლა, ჭარბი ვნებები, გატაცებები, ჭამა-სმა, სექსი. როდესაც ზომიერია, ვნებები, თავისთავად, ცუდი არ არის. სამოთხე ღმერთში ყოფნაა: მადლისმიერი სიცოცხლე გონებიდან გულში იღვრება, გული დამშვიდებულია, გრძნობები გაჯერებულია ღვთაებრივი მადლით, ანუ ჰარმონიაა გონებასა და გულს შორის და ასეთი ჰარმონიული გონება და გული მატერიაში ვნებებს არეგულირებს, ანუ სხეული იღებს იმდენს, რამდენიც სჭირდება, მაგრამ, როდესაც ეს იერარქია ამოყირავდა, ადამიანი ღმერთს მოსწყდა და გადაწყვიტა, მე ვიქნები ღმერთიო, გაბრუვდა. შესაბამისად, ადამი, რომელიც ღმერთისგან ვერ იღებს სიყვარულსა და მადლს, დააწვა ევას, გულს და გულიდან და სამშვინველიდან იღებს სიხარულსა და სიამოვნებას; გული იტანჯება, ამდენი ჯაფისთვის არ იყო გაჩენილი და ამიტომ იძულებულია, სიამოვნების წყაროდ, რადგან სიამოვნების ვერ იღებს თავისგან, ანუ ღმერთისგან, აქციოს გველი: ჭამა-სმა, გართობა, სექსი. ხოლო, რადგან სხეული ამ სიჭარბისთვის არ იყო გაჩენილი, გამოიფიტა. და აი, ადამიანი, რომელიც დათვრა ღმერთობით და ვითომ თვითონ რომ შექმნა ეს სამყარო, სინამდვილეში დაემონა სტიქიებს და ისევე არ შეუძლია მათ გარეშე, როგორც ნარკოდამოკიდებულს – ნარკოტიკის გარეშე, ანუ გველი გახდა თავი. წუთისოფელიც დგას ვნებებზე, თვალთა გულისთქმაზე, ხორცის გულისთქმაზე, პატივსა და დიდებაზე და, რაკი ამას ემონება, წუთისოფელი ბობოქრობს ადამიანზე და ადამიანი კარგავს თავისუფლებას, იმიტომ რომ თვითმყოფადი არ არის. ადამიანი დაემონა ვნებებს და ამის გარეშე ვერ ცხოვრობს, ეს ისაა, რასაც ვუწოდებთ ცოდვის მონობას. ამაზე ამბობს ქრისტე, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენო და როდესაც ეკითხებიან, როგორ გაგვათავისუფლებ, არავის მონები არ ვყოფილვართო, ქრისტე მათ ეუბნება, ყოველი ცოდვის მკეთებელი ცოდვის მონააო. ადამიანი რომ არ მომწყდარიყო ღვთაებრივს, მაშინ ის მიწიდან მხოლოდ იმას აიღებდა, რაც სჭირდებოდა და თავის დასატკბობად გამოიყენებდა, ახლა კი, რადგან მოსწყდა სიყვარულისა და სიმშვიდის პირველწყაროს, ამ ენერგიას ჭარბად იღებს მიწიდან და თუ ადრე ღმერთზე იყო მიბმული და დამოკიდებული, ახლა მიწაზე, ქვენა გრძნობებზეა დამოკიდებული: კუჭზე, გენიტალიებზე, თვალზე და ეს იჭერს მას. რატომ დაუშვა განგებამ ეს? რატომ გაუშვა ადამი? შეუძლებელი იყო, არ გაეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამი სულ მეამბოხე იქნებოდა: მე როგორ ვარ ღმერთი, როდესაც ღმერთის თანდასწრების ქვეშ ვარ და არ მაქვს დამოუკიდებლობა?! ამიტომ ღმერთი უშვებს ადამიანს, იცხოვროს წარმოსახვით სამყაროში, რომ გონს მოვიდეს და შიშით და იძულებით კი არ იყოს ღმერთთან, არამედ გაცნობიერებულად, ვინაიდან ადამიანს უკვე აქვს შედარების საშუალება: იცის, რა მოუტანა მას ღმერთობით სიმთვრალემ. ორი ღმერთი არ არსებობს, ერთია ღმერთი, მაგრამ მეც ღმერთი ვარ, როდესაც მაქვს საშუალება, უსასრულოდ მივემსგავსო პირველწყაროს და ამით ვარ ნეტარი და ღმერთად ვგრძნობ თავს იმით, რომ ღმერთს ვეუბნები შენ! როგორ გადაილახა დილემა, რომ ადამიანი ღმერთიც იყოს და ღმერთს გარეთ არ იყოს? ადამიანის არასრულყოფილებით, რომ სრულყოფილების გზაზე წავიდეს მონანიებით, გონს მოსვლით, გაღვიძებით იმ ბანგიდან, რომ ეგონა რაღაცას მიაღწევდა და ისევ ბრუნდება სიცოცხლის ხესთან და ზრდით, ღმერთისკენ მუდმივი სწრაფვის წყურვილით მიემსგავსება თავის შემოქმედს, და თავად ეს მიმსგავსების პროცესიც მისთვის სიამოვნება და ნეტარებაა.

– ჩემი თამადობით, ცოტას ეტყობა სურვილი, მიემსგავსოს ღმერთს. რთულია და იმიტომ?

– ადამიანი თავისი ღმერთობითაა გაბრუებული, ამ ბანგიდან უნდა გამოვიდეს, რადგან, თუ ღმერთი ხარ, რატომ უნდა მიემსგავსო?! იმდენად დამატკბობელია ღმერთობა, რომ ადამიანი თავსაც კი გაწირავს, რომ არ დაენგრეს კომფორტი: მხოლოდ მე ვარ ამ სამყაროში, მე ვარ ღმერთი! ადამიანს არ ესმის, რომ თუ გამოვა ამ მდგომარეობიდან და არასრულყოფილებიდან გამოზრდის თავის თავს, მისი განვითარების ყოველი ნაბიჯი იქნება ნამდვილი. ამის სურვილი შეიძლება, იმიტომ არ აქვთ ადამიანებს, რომ ჩვენც, ფარისევლებისა და მწიგნობრების მსგავსად, გაბრუებულები ვართ ცოდნით. არადა ცოდნა ინსტრუქციაა, რომ კეთება დაიწყო, ამიტომ ამბობს ქრისტე, ნეტარ ხართ, თუ იცით და აკეთებთ. კეთებას კი ვიწყებ ჩემი არასრულყოფილებიდან და მე არ მეშინია ჩემი არსრულყოფილების. ცოდნა კი ილუზიაში გამყოფებს, რაც ძალიან მაცდუნებელია: მე ხომ ღმერთი ვარ და რა უნდა გავაკეთო?! მოციქული პავლე ამბობს, ყველაფერი ნაგვად მიმიჩნევია, რათა ქრისტე შევიძინოო. იმიტომ რომ, რაც შენ შეაგროვე, ილუზიაა და ამის ბოლო სიკვდილია. ამას მიხვდა პავლე და ჩვენც მივხვდებით საბოლოოდ, რომ ამ ჩვენ მიერ შექმნილში არც სიყვარულია, არც სიცოცხლე და ამის ბოლო სიკვდილია. ამიტომ ჩათვალე ნაგვად, რომ ქრისტე შეიძინო: ქრისტე ნამდვილია! და შენ ისევ სიცოცხლის ხეს უბრუნდები და იწყებ ღმერთთან მიმსგავსების ბუნებრივ, ცოცხალ გზას, მას შემდეგ, რაც წუთისოფლის გზა იგემე. როდესაც შენ მართლაც მიემსგავსები განგებას, ის აღარასდროს დაგეკარგება, იმიტომ რომ შენ უკვე ღმერთი ხდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი