რელიგია

რატომ უჭირს ადამიანს თავისი სიმართლის დათმობა და რის გამო განიცდის ამას, როგორც სიკვდილს

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 03.06, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

როგორც წესი, ადამიანებს ყოველთვის და ყველასთან თავი მართალი გვგონია, თუმცა ქრისტიანობა ნიშნავს მორჩილებას, თავმდაბლობას, მოთმინებას. რატომ უჭირს ადამიანს სხვისი სიმართლის დანახვა და, საერთოდაც, როგორ უნდა ვიპოვოთ სიმართლე, როდესაც ყველა, თავისი გადმოსახედიდან, მართალია? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.

 

მამა გურამი:

ისევ ებრაელებს დავესესხოთ, მათ აქვთ ასეთი გამოთქმა: „ნუ ცდილობ, იყო მართალი, ეცადე, იყო ბრძენი“, რადგან ბრძენი მაღლდება ყველა იმ სიმართლეზე, რაც ჩვენ, ადამიანებს, გვახასიათებს, იმიტომ რომ ნამდვილი მართალი არის ერთი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ყველანაირად ცდილობს, გაიტანოს თავისი სიმართლე და როცა მეორესაც აქვს თავისი სიმართლე და ისიც ვერ ელევა თავისას. ადამიანი, ბუნებით, ღვთის ხატია და თუ გამტყუნდება, ესე იგი, კარგავს თავის ნამდვილ არსს. ამას კი ვერ ეგუება და ხანდახან მზადაა, თავიც შეაკლას, ოღონდ თავისი სიმართლე გადაარჩინოს. აქედან მოდის სირცხვილის გაგებაც.

ჩვენ, ქართველები, ვამბობთ: სირცხვილი და თავის მოჭრაო, ანუ, თუ ადამიანი სირცხვილს ჭამს, კვდება. დამცირება არის სიმცირე, სიპატარავე, რაც სიკვდილის ტოლფასია. შინაგანად ადამიანი ღვთის ხატია და სიპატარავე მას შეურაცხყოფს. ამიტომაცაა, რომ სიკვდილივით განიცდის შეურაცხყოფას – ანუ არად შერაცხვას. თუ შენ არად შემრაცხე, მე ვკვდები, შესაბამისად, გაიძულებ, რომ მაღიარო, რამედ ჩამაგდო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მდგომარეობა გაქრობის ტოლფასია.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: როგორ უნდა შევარიგოთ სიმართლეები? ერთი მხრივ, ადამიანი ღვთის ხატია და ის მართლაც არ უნდა შეურაცხვყოთ, რადგან განადგურდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ გავაგებინოთ, რომ მისი სიმართლე ამაოა?! ადამიანები თვითმკვლელობითაც კი ასრულებენ სიცოცხლეს, მიდიან სიკვდილზე, რადგან დაშვებულ შეცდომებს ვერ პატიობენ საკუთარ თავს. მაგალითად, ერთ „კანონიერი ქურდს“ სუფრაზე გული აერია, ადამიანია და ცუდად გახდა, მაგრამ მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, რაკი ეს სხვებმაც ნახეს. საკუთარ თავს არ აპატია და მანქანით გადაიჩეხა ხევში.

როდესაც ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე, პირველი გრძნობა, რაც მათ გაუჩნდათ, იყო სირცხვილი, შიში და იქიდან მოყოლებული ადამიანი იბრძვის საკუთარი სიმართლის აღსადგენად, მაგრამ სად გადაწყდება ეს საკითხი?! რომ ადამიანი დაკმაყოფილდეს კიდეც საკუთარი სიმართლით და იმავდროულად, გაუძლოს იმასაც, რომ ის არ არის აბსოლუტურად მართალი. ეს საკითხი წყდება ჯვარზე. ქრისტე ადამიანურ სიმართლეს აკრავს ჯვარზე, რადგან ადამიანური სიმართლით ღმერთამდე ვერ მივალთ. ადამიანური სიმართლე არ არის ჭეშმარიტი სიმართლე, ეს არის ხელოვნურად შექმნილი, ჩვენ რომ თავი ღმერთები გვგონია, იმის შედეგი.

და ღმერთი ვინ არის? ვინც ნამდვილად არსებობს! და ნამდვილის სინონიმი რა არის ქართულში? დიახ, ჩვენ ვამბობთ, მართალია ეს ამბავი? ესე იგი, მართალი ვინ ყოფილა? ნამდვილი! შესაბამისად, ზნეობრივი ცნება კი არ არის „მართალი კაცი“, არამედ ონტოლოგიური: გარეგნულად აქვს მართლის, ნამდვილის ფორმა, ხოლო შინაგანად არ არის მართალი, ანუ ნამდვილი. „მართალი არ ხარ“ ნიშნავს, რომ ყალბი ხარ, არავინ ხარ. შესაბამისად, ჩვენ ვეცადეთ, მართლები, ნამდვილები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ შევძელით, იმიტომ რომ მოვწყდით ნამდვილსა და მართალს და ამიტომ უკვე ყალბები ვართ. სიცრუეა ჩვენი ყოფა და ღმერთიც ამიტომ ამბობს, ადამიანი ჩემს სახეს ვერ იხილავსო.

სამოთხის, სიცოცხლის ხის, ღმერთის, ნამდვილისა და მართლის გარეთ არსებობა არის ილუზია, ინდურად ამას „მაია“ ჰქვია, ჩვენთან – სიცრუე, სიყალბე, ბოროტება და შენ ამ სიცრუეზე აგებ შენს სიმართლეს, ვინაიდან გახსოვს, რომ, ბუნებით, ღვთის ხატი ხარ და თამაშობ ღმერთობას. ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ წუთისოფელი სიცრუეზე დგას. აქ ნამდვილის ადგილი არ არის; აქ მართალი ჯვარზე გაეკრა და ქრისტე წუთისოფლის, ანუ სიცრუის მიერაა ჯვარცმული. ქრისტეც აძლევს წუთისოფელს ამის საშუალებას. რატომ?! იმიტომ რომ ადამიანის ტყავი აცვია, იმ ადამიანურ სხეულში შემოვიდა, რომელიც ამ სიცრუისგანაა ნაშობი. ქრისტე უარს ამბობს, ებრძოლოს სიცრუეს, პირიქით, იძრობს ტყავივით ადამიანურ სიმართლეს და აკრავს ჯვარზე. მეტსაც გეტყვით: საშინელი სიტყვები უწერია იერემია წინასწამეტყველს. ახალ ქართულად კულტურულადაა ნათარგმნი: ჩვენი სიმართლე ჭუჭყიან ტანსაცმელს ჰგავს, მაგრამ ძველ ქართულად წერია: ყოველი სიმართლე ჩვენი, ვითარცა ძონძი დედაკაცისა წიდოვნისაი.

– შემზარავი შედარებაა!

– ყოველთვის გაიხსენე ეს შედარება, როდესაც საკუთარ სიმართლეში იქნები დარწმუნებული! ადამიანურ სხეულში ჯვარზე გაკრული ქრისტე არის, როგორც ძონძი დედაკაცისა წიდოვნისაი. ქრისტე ჯვარზე გააკრეს მორალისტებმა, რომლებზეც ქრისტემ თქვა: გარეგნულად შეთეთრებულ სამარხებს ჰგავხართო... არაფერი ეშველება ამ წუთისოფელს, სანამ იმ წერტილამდე არ მივალთ, რომ არ ვეცადოთ მის გადაკეთებას მორალით, ზნეობით, არამედ გავაკრათ ეს ჩვენი სიმართლე ჯვარზე, რის შემდეგაც იწყება აღდგომა. რა არის აღდგომა? ყალბი სიმართლის მოძრობა, გველის ტყავივით, რომელიც მომეკრა და ვერ ველევი. თუ მე არ ვაღიარებ, რომ ჩემი ძველი ბუნების ადგილი იყო ჯვარზე, მაშინ გამოდის, რომ ქრისტე სამართლიანად გაეკრა და როგორც კი ვაღიარებ, მაშინ მე მომეძრობა ეს გველის ტყავი – სიყალბე, რაც სიმართლე მეგონა და აქ გადაწყდება პრობლემაც: ერთი მხრივ, მე ვიშორებ ყალბ სიმართლეს და, მეორე მხრივ, კი არ ვქრები, არამედ მაშინვე ნამდვილ სიმართლეში ჩავვარდები, რომლისგანაც მოწყვეტილი ვიყავი ილუზიით.

ამდენად, ჯვარცმა არის პირდაპირპროპორციული ჩვენი ყალბი სიმართლის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გენეტიკურად გადმოგვეცა და ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ, რითაც მე ქრისტეს, ჭეშმარიტებას, ნამდვილ სიმართლეს, ვაკრავ ჯვარზე. ასე რომ, ორი არჩევანია: ან მოვიშორო ის, რომელიც მაწვალებს, ან პირიქით – ავაზაკივით ვაღიარო ჩემი ყალბი სიმართლის უსუსურობა ნამდვილის წინაშე და გავაკრა ჯვარს. მაშინ მე უკვე მართალი ვარ ქრისტეში. რა საფასური უნდა გავიღო, რომ ქრისტე შევიძინო? როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნაგვად ჩავთვალო, რაც მაცვია, ის სიყალბე, რომელიც სიმართლე მგონია. ამიტომაც ვერ მივალთ მამასთან ჯვრის გარეშე, მაგრამ დღეს არავის უნდა ამის გაგონება. მთელი სამყარო მიდის თავ-თავისი გზით: რელიგიებით, მედიტაციებით, იდეებით, ლიბერალიზმით... ეს არის სურვილების მოსხმა გვამისთვის და ამით ნამდვილი სიმართლის კიდევ უფრო გადაფარვა. როგორც შოთა ამბობს: სწორედ მართალი სამართალი – ანუ „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი