რელიგია

რატომ ცხონდება ავაზაკი წამში და შეიძლება, ვერც კი ცხონდეს ადამიანი, მთელი ცხოვრება რომ ქრისტიანული წესით ცხოვრობდა

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.06, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ერთი ადამიანი შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდეს სიკეთეს, თრგუნავდეს ვნებებს, ეზიარებოდეს ყოველ კვირას, ლოცულობდეს, მაგრამ მეორემ, რომელმაც მთელი ცხოვრება ვნებებში ჩაფლულმა გაატარა, უცებ, წამში, გაიაზროს ჭეშმარიტება და ცხონდეს, რაც, ადამიანურად, თითქოს უსამართლობაცაა და გაუგებარიც – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ავაზაკი, მართალია, წამში არ ცხონებულა, რაკი ის, ფაქტობრივად, ადამია და მრავალი ათასი წლის შემდეგ ჩავარდა საგონებელში, მაგრამ მაინც ეს ერთ წამში მოხდა. მოკლედ რომ ვთქვა, მინდა, ვისაუბროთ მეთერთმეტე ჟამის მუშაკზე. რატომ ხდება ასე?

– თუ არ ვიცით, რატომ მოვიდა ქრისტე, ვერაფერს გავიგებთ. დღეს ხომ არსებობს მოსაზრება, რომ ყველა გზას ერთ ღმერთთან მივყავართ, რომ ყველა რელიგია სიკეთეს ქადაგებს და ქრისტიანობაც ერთ-ერთ რელიგიადაა მიჩნეული, ქრისტეც – ერთ-ერთ მასწავლებლად, დიდად, მაგრამ არა ერთადერთად?! სწორედ ისაა ქრისტეს ეკლესიის პრობლემა, რომ ის ნელ-ნელა ერთ-ერთ რელიგიად იქცა და ქრისტეც, თუ მის სიტყვას დავიცავთ, ცხონების გარანტიად, სხვები კი დაიღუპებიან. მაგრამ ასეთი გამორჩევა, რომ მხოლოდ მათი მიმდევრები ცხონდებიან, დანარჩენები კი დაიღუპებიან, ყველა რელიგიას ახასიათებს. მართლაც, რა არის ქრისტეში ის განსაკუთრებული, რაც ერთადერთია, რატომ ჰქვია ამ უწყებას „სახარება“ და რატომაა, როგორც შენ თქვი, რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკი თუ ავაზაკი ბოლო წამს ცხონდება?! პირდაპირ თუ გაიაზრებ, მაშინ კეთილი საქმეების კეთება რად გვინდა, თუ ერთი მთელი ცხოვრება შრომობს, მეორე კი ერთი საათით ადრე მოდის და მაინც ცხონდება?! თუ ავაზაკი წამში ცხონდა, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ძალისხმევას?! და იგივე ხდება უძღები შვილის შემთხვევაშიც. უფროსი შვილი მამამისს საყვედურობს, მთელი ცხოვრება გემსახურები და თიკანიც კი არ დაგიკლავს, ჩემმა ძმამ გააპარტახა ყველაფერი, უკან დაბრუნდა უქონელი, მაგრამ ხარი დაუკალი, დღესასწაული მოუწყვეო... აი, ამითაა ქრისტიანობა პარადოქსული. ჯვარცმაც ესაა: ადამიანური გონების ტკივილი, ჩასწვდეს იმას, რასაც ვერ სწვდება. იესოს ადამიანური ბუნებაც კი ვერ სწვდება, იმიტომ რომ ამის პასუხი ადამიანური ბუნების მიღმაა; იმიტომ რომ გამოსავალი არ არის, მხოლოდ მჯეროდეს, რომ, რაც უნდა მოხდეს, ღმერთი მაინც მართალია, თუმცა, მართლაც, მართალია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცოდვის ფესვი და თუ გვეცოდინება, რამ გამოიწვია სამოთხის დაკარგვა და რამ წარმოშვა წუთისოფელი, თავისი ტრაგიზმით, გვეცოდინება ამონახსნიც, ანუ სად დევს წუთისოფლის გაუქმების გასაღები! ადამის ნებამ აირჩია საკუთარი თავის მინდობის გზა და ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანს თავისი ნებით შეექმნა ეს წუთისოფელი. შესაბამისად, სანამ ადამიანის ნება თავის თავს ენდობა და ღმერთს უპირისპირდება, რა სიკეთეებიც უნდა გააკეთოს, შექმნას რელიგიები, ზნეობის კოდექსები, მაინც ღმერთსაა დაშორებული, ხოლო, რაც ღმერთისგან დაშორებულადაა შექმნილი, ყველაფერი ღმერთს გარეთაა, ღმერთი ერთადერთი ნამდვილი წყაროა, მხოლოდ ის არსებობს, დანარჩენი ილუზიაა. როგორ შეიძლება, ღმერთს გარეთ სივრცე, რეალობა იყოს?! მაგრამ მაშინ სად ხდება ეს მოქმედებები?! ხომ ვხედავთ, რომ წუთისოფელში რაღაცები ხდება?! ეს სად არსებობს მაშინ?! თუ ეს ღმერთს გარეთ შეიქმნა, მაგრამ ყველგან ღმერთია, მაშინ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ეს სად არსებობს?! ხოლო, თუ არსებობს, მაშინ ღმერთიც და წუთისოფელიც ერთდროულად როგორ არსებობს?! და აი, აქ მივადგებით საკითხს, რომ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, არც არსებობს: წუთისოფელი მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაშია და მთელი მატერიალური სამყარო, რასაც ჩვენ მატერიალურ სამყაროს ვუწოდებთ, წარმოსახვაა და უკვე ფიზიკაც ამტკიცებს, რომ მატერია გეძლევა, როგორც რეაქცია შენს ხედვებზე. წუთისოფლის ბოლო იმიტომაა სიკვდილი, რომ ღმერთი – სიცოცხლის წყარო – არ არის ამ სივრცეში. ეს ჩვენი წარმოდგენაა, სიზმარია და განგებამ დაუშვა, რომ ადამიანის ბუნებაში, რაკი მიწისგან შექმნა, არის ის ქვენა სიმკვრივე, რათა ადამიანს ეგონოს, რომ ღმერთს გარეთ ქმნის რაღაცას. შესაბამისად, ადამიანს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის. ღმერთი თავის თანდასწრებას ამ მატერიის მიღმა ერთგვარად მალავს, იმიტომ რომ აქ ადამიანს ეძლევა ასპარეზი, ითვითნებოს, როგორც ღმერთმა და არ დარჩეს იძულებით ღმერთად, ღმერთის ასლად. და ნახე, როგორ ამხელს ქრისტე, ჭეშმარიტება, ამ წუთისოფელს, როდესაც ამ წარმოსახვაში შემოდის?! მაცხოვარი მთელ ამ სისტემას უპირისპირდება და პირდაპირ ეუბნება მთელ იუდეურ სამყაროს, თქვენი მამა ეშმაკიაო; ასევე, ამხელს პილატეს, არანაირი ძალაუფლება არ გაქვს, ღმერთს რომ არ მოეცაო; ასევე, ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომ მათი სწავლება სიყალბეა; ამხელს ოჯახებს, ანუ ყველაფერს, რაც წუთისოფელშია, იმიტომ რომ ადამიანის გამრუდებულ წარმოსახვაზე დგას ეს წუთისოფელი და მასში სიცოცხლე არ არის. საპნის ბუშტივითაა, რომელიც არსებობს, მაგრამ ერთ წამში ქრება. და აი, აქვეა პასუხიც: თუ ეს ასეა, რა მოსპობს ამას?! და რატომ ვერ მოსპობს ამას უამრავი სიკეთის კეთებაც კი?! წარმოიდგინე, სიზმარში რომ კაცი გადაარჩინო, საკუთარი თავი გაწირო, მთელი შენი ქონება გაიღო ამისთვის, რომ გაიღვიძებ, ჩაგეთვლება, რაც სიზმარში გააკეთე?! ვინმე მოგიწონებს ან სადმე რომ მოყვები ამას, შეგაქებენ?! რაც სიზმარში ჩაიდინე, ის ხომ ნულია, საერთო ხომ არაფერი აქვს რეალობასთან?! ზუსტად ასეთივეა ღმერთის თვალში ის ადამიანი, ვინც საკუთარი წარმოდგენით სჩადის სიკეთეებს. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, მთელი ქონება რომ გავიღო, ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, მთელი ცოდნის საიდუმლოს რომ ვფლობდე, თუ სიყვარული არ მაქვს, არად მარგია, არარაობა ვარო... ანუ, თუ სიყვარული არ გაქვს, ყველაფერი ტყუილია. სიყვარული, ხომ, ჭეშმარიტებაა?! სიყვარული კი მხოლოდ ღმერთს – ნამდვილ წყაროს – შეუძლია, დანარჩენი ილუზიაა. შესაბამისად, აი, აქ არის პასუხი, თუ რატომ ცხონდნენ ავაზაკი, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი ბოლო წამს. იმიტომ რომ მიხვდნენ ამას და გაიღვიძეს: სწორედ გაღვიძებაშია ცხონება. სანამ წარმოსახვაში, ანუ სიზმარში ცხოვრობ, თავიც რომ გაწირო, სიკეთე აფრქვიო, უზადოდ მოიქცე და, თუნდაც, ღმერთს თაყვანი სცე, ღმერთში არ ხარ. ჩვენ გვგონია, ვინმემ თუ წამოიძახა: დიდება ღმერთსო, მორწმუნეა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ადამიანი ნამდვილ ღმერთს კი არ სცემს თაყვანს, ვინც ის შექმნა, არამედ თავისი წარმოდგენით შექმნილ ღმერთს, იმიტომ რომ თავად ჰგონია თავი სამყაროს ღმერთი. შესაბამისად, თავადვე ეთაყვანება თავის მიერ შექმნილ ღმერთს და სწორედ აი, ამას აუქმებს უფალი: აქ სიცოცხლე არ არის, აქ სიყვარული არ არის, აქაურობა პირველწყაროსაა მოწყვეტილი და განგებამ დაუშვა, რომ ადამიანი გადაშვებულიყო ამ თავის წარმოსახვებში, რომ, საბოლოოდ, უძღები შვილივით მიმხვდარიყო, როგორია წუთისოფლის ბოლო, მამის გარეთ ცხოვრება: ღორების საჭმელი ენატრებოდაო. და ეს რის სიმბოლოა? გაუმაძღრობის. იმიტომაც ჰქვია უძღები შვილი, რომ ვერ ძღება. წუთისოფელი უძღებობის მდგომარეობაა. აქ ვერაფრით ძღება ადამიანი, უფრო მეტი და მეტი უნდა. აი, აქ უნდა გამოვიღვიძოთ და გაიღვიძებს თუ არა, ადამიანი იმ წამში ცხონდება. რატომ? იმიტომ რომ ის ფხიზლდება სიზმრიდან!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი