რელიგია

რატომ შეიძლება, არ ჩაეთვალოს ადამიანს დახმარებად, ქონებაც რომ აჩუქოს სხვას

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.08, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მაცხოვარი ეუბნება მის მარცხნივ მდგომარეთ: „მშიოდა და არ მომეცით საჭმელი, მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და, საპყრობილეში არ მომინახულეთ“, ვინაიდან „რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ“. როგორ უნდა შევეწიოთ ყველას, ვინც დახმარებას ითხოვს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ხანდახან სათქმელია ხოლმე უარი დახმარების თხოვნაზე, თუ, რაკი მორწმუნე ხარ, ყოველთვის წაგებული უნდა იყო და განურჩევლად ყველას დაეხმარო?

– ადამიანი, ჩვეულებისამებრ, აზროვნებს კი ან არას, ანუ თეთრისა და შავის კატეგორიებით. ერთი ადამიანი გადაწყვეტს, რადგან „სახარებაში“ წერია, სადაც მათხოვარს ვნახავ, გავცემ მოწყალებას; მეორე კი იტყვის, არა, არაფერსაც არ მივცემ. ადამიანებს უჭირს ამ ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიციის მიღმა გასვლა. და რადგან ვერ იღებს პასუხისმგებლობას, იფიქროს, იაზროვნოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, ორიდან ერთს ირჩევს: ან გაიღოს მოწყალება, ან არა და ეს თითქოს იცავს კიდეც მას. არადა ადამიანად ყოფნა პასუხისმგებლობაა. თუ პირდაპირ მივიღებთ ამ გამონათქვამს, რა გამოდის, ყოველ მთხოვნელს უნდა მისცე, რასაც ითხოვს?! „სახარება“, უპირველესად, სულიერი სიღრმით გაიგება და შემდეგ – ფიზიკურით. ამდენად, აქ, უპირველესად, ლაპარაკია სულიერ შიმშილზე, სულიერ წყურვილზე, სულიერად საპყრობილეში ყოფნაზე. ასე რომ, განგება შენგან მოითხოვს ისეთ მდგომარეობას, როდესაც მზად ხარ მშიერის დასაპურებლად და ეს რომ შეძლო, პური უნდა გქონდეს გასაცემი. აი, ეს არის ადამიანური სისავსე, რომელიც ღვთიური სისავსის მსგავსია. პავლე მოციქული ამბობს: მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, თუ სიყვარული არ მაქვს, არას მარგიაო. ანუ აქცენტია შენი სულის მდგომარეობაზე, რომელსაც აქვს ის შინაგანი სისავსე, რომ მშიერი გააძღოს, მწყურვალი დაარწყულოს, უსახლკარო შეიფაროს. მშიერი, მწყურვალი, უსახლკარო – მდგომარეობებია, განცდებია და მე ვარ ის, ვისაც მაქვს ისეთი სისავსე, რომ მშიერი დავაპურო. ვიცით, რა ხდება ქუჩებში, მეტროში, გზებზე, უამრავი მათხოვარია, შეიძლება, რამდენიმემ გაიღოს მოწყალება, მაგრამ დანარჩენები, როგორ ფიქრობ, გულქვები არიან?! ყოველდღე ერთსა და იმავე ადამიანს რომ ხედავ მთხოვნელად, ყოველდღე უნდა გასცე მოწყალება?! ამიტომ არ გვარგებს „სახარების“ სიტყვა-სიტყვით გაგება. სიკეთე, უპირველესად, გულისხმობს სიბრძნეს, ხედვის უნარს და, აქედან გამომდინარე, როდესაც სიყვარული გაქვს, ეხმარები ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, ვისაც შია, ხარი უნდა დაუკლა; ვისაც სახლი არ აქვს, უნდა აუშენო და შენი გაყიდო. მეტიც, შეიძლება, მე მისცემიც კი არაფერი მქონდეს ხურდის გარდა, ვიღაცამ კი ქონება აჩუქოს და მაინც არ ჩაეთვალოს, იმიტომ რომ უსიყვარულოდ გასცა. თუ დააკვირდები, ხურდას უფრო იშოვის ადამიანი, მაგრამ ის მანუგეშებელი სითბო და სიყვარულია საშური, რაც მას სწყურია. იესო არ ამბობს, მე გაძლევთ პურსო; ის ამბობს, მე ვარ პურიო. ანუ იესო ამბობს, მე მიყვარხარ და ეს გაცოცხლებს შენ. ღატაკს შეიძლება, იმდენად პური კი არ სწყურია, არამედ სიყვარული; თავშესაფარი, სადაც მას ანუგეშებენ, დაინახავენ, იგრძნობს, რომ ვიღაცას ახსოვს. რას ნიშნავს, რომ ადამიანმა დაკარგა ღმერთი? იმას, რომ მარტო დარჩა და იმ წამიდან ბოგანოა, მიუსაფარია, მშიერია... რით? აი, იმ მზრუნველობით, რომელშიც სამოთხეში იყო, ამიტომ გეუბნება იესო, შენ იყავი მისთვის ის პურიო. პური რომ მხოლოდ საჭმელი იყოს, მაშინ ვიღაცას მილიონები აქვს, დაარიგებს ათასობით პურს და გვაჯობებს ყველას?! არა! მაცხოვარი ამბობს, შენ იყავი მისთვის პური, წყალი და თავშესაფარიო. იესო არსად ასახელებს რაღაც ატრიბუტებს. არ გეუბნება, მე გაძლევთ წყალსო; ამბობს, მე ვარ წყაროო; არ გეუბნება, მე მოგცემ ნათელსო; ის ამბობს, მე ვარ ნათელიო; არ გეუბნება, მე სწორ გზაზე დაგაყენებთო, ამბობს, მე ვარ გზაო. აი, ამაზეა ლაპარაკი, თორემ ის თავისთავად ცხადია, რომ მშიერს ლუკმა უნდა უწილადო. როდესაც, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისგან და ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, ხოლო თხებს - მარცხნივ, მარჯვნივ მყოფებს ეუბნება, დაიმკვიდრეთ სასუფეველიო; ვითომ ასე ადვილია სასუფევლის დამკვიდრება?! მაგრამ, აბა, რას ითხოვს იესო? მშიოდა და ხარი დამიკალითო, რომ ეთქვა, ვიტყოდით, დაიმსახურა სასუფეველი, ხარი დაუკლაო, მაგრამ არა! იესო გეუბნება, მშიოდა და მაჭამეო; მწყურვალი ვიყავი და მასვიო; საპატიმროში ვიყავი და კი არ გამათავისუფლე, იჩალიჩე, ადვოკატი დამიქირავე, ფული გადაიხადე, არამედ – მომინახულეო. ამას კი რა უნდა? გული! დიახ, თუ გული არ გაქვს, ვერ გააკეთებ! უგულოდ ფულსაც მისცემ, სახლსაც აუშენებ. ესე იგი, რატომაა, თურმე, შესაძლებელი, რომ უსიყვარულოდ სახლიც აუშენო და კიდეც დააპურო?! იმიტომ რომ ამას ეგო აკეთებს. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, ქონებაც რომ დავარიგო, თუ სიყვარული არ მაქვს, არას მარგიაო. თურმე, შესაძლებელი ყოფილა, რომ უსიყვარულოდ ქონებაც კი დაარიგო, ვინაიდან ამას აკეთებ, როგორც ღმერთი. ადამიანი ხომ დაეცა და დაცემა რას ნიშნავს?! დაიჯერა, შენ იქნები, როგორც ღმერთიო. ადამიანს უნდა, რომ იყოს ღმერთი. და ვინ არის ღმერთი?! ვისაც აქვს ძალაუფლება და ფლობს ყველაფერს. შესაბამისად, აი, მე რომ გავცემ, ღმერთი ვარ. შენ კი პატარა ხარ, იმიტომ რომ არაფერი გაქვს. შესაბამისად, მე თუ შენ მოგეცი, ღმერთი ვარ! სახლი თუ აგიშენე, ღმერთი ვარ! ძალაუფლება თუ მაქვს და საპატიმროდან გამოგიყვანე – ღმერთი ვარ! მაგრამ ეს ატრიბუტები ჩემს ღმერთობაში ხელოვნურად მამტკიცებს. სხვათა შორის, პავლე მოციქული მეორეგან წერს, ვინც თავს გაწირავს თქვენთვისო... იმიტომ რომ თავი არსია, ნამდვილია, ხოლო სხეულს სწირავს ეგო. ხოლო ნამდვილი თავის გაწირვაა, როდესაც მე უარს ვამბობ ჩემს უპირატესობაზე ადამიანთან მიმართებით და ყველანაირად ვიმდაბლებ თავს. სხეულის გაწირვა კი ისაა, რომ ჩემი თავი ვაჩვენო ვიღაცას, ეგოს ვწირავ სხეულს, რომ ამით დავამტკიცო ჩემი ღმერთობა. ამიტომ ბევრ ფულსაც კი გადაიხდი, რომ შენს ეგოს აჭამო, ბოლოს და ბოლოს, შენ ხომ ღმერთი ხარ?! ეს არის ღმერთობა ღმერთის გარეშე. ადამიანი ცდილობს, ხელოვნურად იყოს ღმერთი, ის ხომ ღმერთის მაიმუნია და ყველაფერში ჰბაძავს?! ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ სხვების თვალში წარმოჩინდეს, როგორც ქველმოქმედი, გამცემი, მოყვარული, კეთილი, ოღონდ ეს ეგოა, უსიყვარულო... შენ ვიღაც მშიერს შეიძლება, სიჩქარეში პურიც მისცე და ფულიც, მაგრამ უგულოდ, არადა ადამიანს შენი ფული და პური კი არ სჭირდება, შენ სჭირდები, შენი გული სჭირდება! მე უნდა ვიყო შენთვის პური! მე უნდა ვიყო შენთვის თავშესაფარი! აი, ეს გვაკლია ჩვენ, იმიტომ რომ დავკარგეთ საკუთარი თავი, ანუ ღმერთი და ამას ვერაფერი ამოავსებს. შეიძლება, გავაძღოთ კიდეც მათხოვარი, მაგრამ მას ისევ მოშივდება პური, ოღონდ, როდესაც ადამიანს შეიყვარებ, მას არც მოშივდება, არც მოსწყურდება და ის არც თავშესაფრის გარეშე დარჩება, იმიტომ რომ მან თავისი თავი იპოვა – დაბრუნდა სამოთხეში! ადამიანს ისევ ადამიანი შია და სწყურია, ადამიანია მისი თავშესაფარი. ძალიან ცოტაა, რომ მხოლოდ პური აჭამო ადამიანს, საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთისთვის პური და შენ იქნები პური მეორისთვის, თუ ის გიყვარს. ადამიანს ადამიანი სწყურია, იმიტომ რომ ამის გარეშე მასში ღმერთი ინავლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი