რელიგია

რატომ სჯობნის სიკვდილის დღე დაბადებისას და რატომ ნიშნავს ფიზიკური სიკვდილი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლას

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.09, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის გარდაცვალების დღეს მიძინებად მოიხსენიებს და 28 აგვისტოსაც, სწორედ, ღვთისმშობლის მიძინების დღე აღვნიშნეთ. მეტიც, ბიბლიაში ნათლად წერია, რომ დღე სიკვდილისა სჯობს დაბადებისას. თუ რატომ, – ამას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.

– რაღას ვიბადებით, თუ სიკვდილის დღე დაბადებისას სჯობია?

– ფიზიკური სიკვდილი შესაძლებლობაა, გათავისუფლდე იმისგან, რაც დაბადებით წინ გველოდება. წუთისოფელი ადამიანში შემოდის, თავისი ტკივილებით, ტანჯვით, პრობლემებით, სიკვდილით კი, ანუ ბოლოსკენ, როდესაც იმით, რაც თავს გადახდა წუთისოფელში, ადამიანი გამოცდილებას შეიძენს, ეს ყველაფერი უკან რჩება და მივდივართ განსვენებისკენ. იოანეს სახარებაში წერია, ჩვენ გარდავიცვლებით სიკვდილიდან სიცოცხლეში, ჩვენ კი, თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც ბიოლოგიურ არსებას, ვამბობთ, რომ გარდავიცვლებით სიცოცხლიდან სიკვდილში. თუ რწმენით უყურებ სიკვდილს, მაშინ სიკვდილის სხეულიდან, მკვდარი გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გასვლა, ანუ გარდაცვალება არის გარდასახვა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ფიზიკური სიკვდილი სიცოცხლისკენ გამავალი კარია, მაგრამ, თუ საკუთარ თავს ბიოლოგიურ არსებასთან აიგივებ, მაშინ სიკვდილი დასასრულია, იმიტომ რომ იმის იქით ხედვა არ გაქვს, რწმენა არ გყოფნის. ასეთი გამოთქმაა: სიკვდილი ურწმუნოსა და მორწმუნისთვის ისეთივეა, როგორც კატის კბილები წრუწუნისა და კნუტისთვისო. წრუწუნისთვის კატის კბილები საფრთხეა და სანამ კბილებს დაასობს, შესაძლოა, შიშისგან მანამდე გაუსკდეს გული, მაგრამ იმავე კატის კბილები მისი კნუტისთვის დედის მიახლოებაა, რომელიც ქეჩოში წაავლებს ხელს და თბილ ადგილას გადაიყვანს. ანუ ჩვენი მიდგომა ქმნის ერთსა და იმავე სიკვდილს სიცოცხლეში ან, პირიქით, სიკვდილში გადასასვლელ საშუალებად. პავლე მოციქული წერს: ქრისტემ გვიხსნა არა სიკვდილისგან, არამედ სიკვდილის შიშისგან. პრობლემა იმდენად სიკვდილი არაა, რამდენადაც სიკვდილის შიში. თუ გავაცნობიერებთ ამ შიშს, ჩვენ უკვე სიკვდილით სიცოცხლეში გადავდივართ. პავლე მოციქულისვე სიტყვებია: სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა, სიკვდილი – შენაძენი და რომელი ავირჩიო, არც ვიცი, ორივე მიზიდავს; წასვლა ბევრად ჯობია, მაგრამ წუთისოფელში დარჩენაც არაა ურიგო, რათა თქვენ სიყვარულით გემსახუროთო. ამ კონტექსტიდან უკეთ გავიგებთ, რატომ ჰქვია სიკვდილს მიძინება. როდესაც ქრისტე მოწაფეებს ეუბნება, ლაზარემ, ჩვენმა ძმამ, მიიძინაო, მოწაფეებს ჰგონიათ, რომ ლაზარემ დაიძინა და გაიღვიძებს და მაშინ ქრისტე მათ პირდაპირ ეუბნება, მოკვდაო. ქრისტე ვინაა? ჩვენი რწმენით განათებული მდგომარეობა, რომლის გადასახედიდანაც სიკვდილი გარდაცვალება, ანუ მიძინებაა; გადასვლა ახალ სამყაროში, მაგრამ მისი მოწაფეებისთვის, ანუ უფრო დაბალი ცნობიერებისთვის, სიკვდილია, ანუ გაქრობა. ამდენად, ღვთისმშობელმაც მიიძინა, ის თავისი ძის სამყაროში გადავიდა. ქართული ენა ამბობს: განისვენა. ნეტარებაა განსვენება, დასვენება ამ შრომიდან, ღვწიდან, ტკივილიდან, რასაც გვაყენებს ამ თიხის ჭურჭელში ცხოვრება... ზედმეტი სიცხე გვწვავს, ზედმეტი სიცივე გვთოშავს, ზედმეტი შრომა გვღლის... მუდამ ვოხრავთ და ვკვნესით, ამიტომ გვინდა ამ თიხის ჭურჭლის, სხეულის გადაგდება და შემოსვა მარადიული ნეტარებით. ადამიანი დილიდან დგება საწოლიდან, შემდეგ მოუწევს შუადღის ხვატი და დაღამებამდე მუშაობს, რომ ისევ დაისვენოს, დაწვეს და დაიძინოს, იმიტომ რომ დამაშვრალი სხეული ვერ უძლებს მეტს. ასეა ადამიანის ბედისწერაც: ბავშვობას მოსდევს სიმწიფე, როდესაც ხვატივით აწვება მოვალეობები: ოჯახი, სამსახური, სიბერისკენ კი მისი სხეული იფიტება და როგორც საღამოსკენ შრომით დაღლილისთვის ლოგინია ნეტარება, სიკვდილიც ნეტარებაა სხეულისთვის, რომელმაც თავისი მიწიერი ღვაწლი აღასრულა. ასე განიცდება ამ წუთისოფლიდან წასვლა, როდესაც გარდაცვალებას ვიაზრებთ, როგორც სულის თავის სამყოფელში გადასვლას და მძიმე სხეულში ყოფნისგან გათავისუფლებას.

– ყველა გარდაცვალება განსვენებაა, ანუ ყველას სული ისვენებს გარდაცვალებით?

– პრობლემა თავად სიკვდილის ფაქტი კი არა, მისი გააზრებაა. ძალიან დიდი შეცდომაა, თუ ადამიანი მორწმუნეს უწოდებს თავის თავს და ამბობს, რომ ჯოჯოხეთია ჩვენი ყოფა და იმიტომ უნდა გარდაცვალება, რომ ეს ტანჯვა დასრულდეს და გადავიდეს ნეტარებაში. ასეთი ადამიანი იქაც იტანჯება. ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვსულვართ, რომ მაინცდამაინც ვიტანჯოთ. ტანჯვა – ეს არის რეაქცია ჩვენს უფლისკენ სვლის გზაზე. განსაცდელები ცხოვრების გზაზე იმიტომ კი არ მხვდება, რომ აქ დავიტანჯო, რათა შემდეგ იქ სიკეთე მივიღო, არამედ ისინი მზრდის, მაძლიერებს, არ მაძლევს საშუალებას, რომ დავმიწდე. წუთისოფელი მეძლევა იმისთვის, რათა ნელ-ნელა გამოვთავისუფლდე ამ სიძნელისგან და გაცნობიერებას მივაღწიო. წუთისოფლის ტვირთი არ არის ის სიმძიმე, რომლისგან გათავისუფლებასაც უნდა ვნატრობდეთ. ეს, დაახლოებით, ისეთი ტვირთია, როგორიც ბავშვისთვის ამოცანის ამოხსნა, მაგრამ, რომ ამოხსნის, უხარია. ებრაულად „განსაცდელის“ ფუძეში დევს „გამარჯვება“ და, იმავდროულად, „სასწაული“. აუცილებლად უნდა მივუხვდე წუთისოფლის სიძნელეებს და ამის შემდეგ დავინახავ სასწაულს, რომ, თურმე, წუთისოფლის განსაცდელი იყო სასწავლი. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც განსაცდელები მეწვევა და გაურკვეველ სიტუაციაში ვვარდები, კი არ უნდა ვიწუწუნო, ვებრძოლო და გაძლებაზე ვიყო, არამედ მივიღო როგორც შესაძლებლობა, რომელიც თავის თავში ინახავს სასწაულს, გამარჯვებას, ამაღლებას. უნდა დავრჩე, რომ გაგებით ავმაღლდე მასზე და ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ ადამიანი წუთისოფელში გარეგნულად იმყოფებოდეს სხეულში, მაგრამ შინაგანად სრულად თავისუფალი იყოს, იმიტომ რომ მან ისწავლა მიდგომა. აი, ასეთი ადამიანისთვის სიკვდილი ძილია, ის გაცნობიერებულად მიებარება უფალს, ისევე, როგორ გაცნობიერებულად ვიძინებთ ღამით და იოტისოდენადაც არ გვეშინია, რომ არ გათენდება. პირიქით, ვიძინებთ იმ იმედით, რომ დილით ხალისით შევუდგებით იმ საქმეს, რომელიც წინა საღამოს დავიწყეთ. გაცნობიერების ამ ხარისხზეა დამოკიდებული, სიკვდილი ჩვენთვის ძილი და დასვენება იქნება თუ სატანჯველი. ღვთივ მიიძინა, ღვთივ განისვენაო, ამბობენ ღვთისმშობელზე, წმიდანებზე და ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სიკვდილი გვექცეს მიძინებად. როდესაც ასე ვიაზრებთ გარდაცვალებას, ამ ცხოვრებასაც არ ვიღებთ, როგორც სატანჯველს. გლეხს ტკბილად იმიტომ სძინავს, რომ დღისით პატიოსნად იშრომა. ჩვენ არ უნდა გავექცეთ წუთისოფლის სატანჯველებს და, თუ პატიოსნად აღვასრულებთ ჩვენს ღვაწლს, პატიოსნადვე აღვესრულებით და განვისვენებთ. თუ გამოწვევებს ვუპასუხე, ტკივილების არსი გავაცნობიერე, მიყვარდა, შემოქმედებად ვაქციე სიცოცხლე, მაშინ ჩემთვის გარდაცვალება მართლაც დასვენება იქნება, ვინაიდან ისვენებს ის, ვინც იმუშავა. მაგრამ, თუ შენ არ გიმუშავია, სულ წუწუნებდი, ბუზღუნებდი, გაურბოდი წინააღმდეგობებს, როგორღა განისვენებ?! სიკვდილი, ხომ, შფოთად და გაურკვევლობაში გადასვლად გექცევა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი