რელიგია

რატომ იწვევს შიშს ქრისტეს მოსვლა, რაც მარადიული სიცოცხლის დასაწყისი უნდა გახდეს

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 18.05, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მეორედ მოსვლისას მაცხოვარი მოვა, როგორც მეფეთ მეფე და უფალთ უფალი, იმას გარდა, რომ მიცვალებულებიც აღდგებიან. შესაბამისად, ჩვენ შევხვდებით მაცხოვარს და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც წუთისოფელმა დაგვაშორა. ამის მიუხედავადაც, მეორედ მოსვლა იწვევს შიშს, რაც საკმაოდ არაბუნებრივი რეაქციაა, თუ ქრისტიანი ხარ. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მეორედ მოსვლისას, ბოლოს და ბოლოს, ვნახავთ მაცხოვარს, იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარდა და აღარ არიან, წესით უნდა გვიხაროდეს, არადა გვეშინია. რატომ დამახინჯდა ეს მოვლენა და აღიქმება, როგორც სასჯელი? რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

– ზუსტად ამის ალუზიაა „სამანიშვილის დედინაცვალი“: ბიჭი იბადება და გლოვობენ, უსამძიმრებენ ოჯახს. რატომ არ უხარიათ ვაჟის დაბადება? იმიტომ რომ გაუყოფს ქონებას უკვე დაბადებულს, ანუ მას, ვინც მიწასაა მიჯაჭვული. იმავეს აღწერს სახარებისეული ამბავი, როდესაც მოგვები ვარსკვლავს მიჰყვებიან, რამაც მათ მხსნელის, მესიის დაბადება აუწყა. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მოგვები აღმოსავლეთიდან მოდიან, ვინაიდან სამყაროს მხსნელი დაიბადა და არა რომელიმე კონკრეტული ხალხის მესია. წერია, რომ ამის გამო შიშმა მოიცვა მთელი იერუსალიმიო, ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ, თან, ორივე ძალაუფლება შეძრწუნდა, სამეფოც და სამღვდელმთავროც. რატომ? იმიტომ რომ მემკვიდრე მოდის და ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ. დღესაც ქრისტეს მოსვლისადმი პანიკური შიშიც იმის დასტურია, რომ ჩვენ გადავგვარდით, ქრისტიანებიც კი: თითქმის არავისთვისაა ხელსაყრელი ქრისტეს მოსვლა, ვინაიდან თითქმის ყველა მიწიერი გეგმებით ცხოვრობს, ქრისტე კი იწვევს დისკომფორტს და რაც მეტად ხარ მიჯაჭვული მიწიერს, მით მტკივნეულია შენთვის ქრისტეს მოსვლა. ამიტომაც, როდესაც მაცხოვარი თავისი მეორედ მოსვლის ნიშნებზე ყვება, გვაფრთხილებს, ნუ დამძიმდება თქვენი გული წუთისოფელზე ზრუნვითო და მუდივად იმეორებს, იფხიზლეთ! ქრისტეს მოსვლის შიში ჩვენი გულის გადაგვარების შედეგია. მთელი ევროპა ქრისტიანული იყო, აზიაც კი, ხოლო დღეს ანაქრონიზმად და გონებაჩამორჩენილობად ითვლება ის, ვინც მაცხოვრის მეორედ მოსვლას ელოდება. ეს გასაგებიცაა, ადამიანს თვით ღმერთისგან აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება, ამიტომ ის იგონებს კონცეფციებს, რომლებითაც ამტკიცებს, რომ არანაირი ქრისტე არ ყოფილა. ეს თეორიები იწყება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან: თავდაპირველად, ისტორიიდან ამოიღეს ქრისტეს დაბადება, როგორც ფაქტი, მითი და გამოგონილი ამბავიაო; სამყაროს ბიბლიური ქმნადობის ისტორია სასაცილოდ აიგდეს და ევოლუციის თეორიით ჩაანაცვლეს. რატომ მოხდა ეს? როდესაც არავინ არის და სამყარო თავისით რეგულირდება, შენც არავის წინაშე არ ხარ პასუხისმგებელი, არ გაქვს მადლიერების გრძნობა, არც საზრისი და სავსებით ბუნებრივია, რომ, თუკი იტყვი, ქრისტე მოდისო, დაგცინებენ. წინასწარმეტყველებაცაა ამის შესახებ. მაგრამ ქრისტეს მოსვლა არ არის გარეგნული მოვლენა, არც ქრისტეს შობა იყო ადამიანის თვალისთვის დასანახი. ეს ხდება ადამიანის სიღრმეში და ძალიან ინტიმურია: ღმერთი არც თავის მოვლინებას, არც აღდგომას, არც ნათლის მოფენას გარეგნულად არ აკეთებს. ის თავისი ყოვლისშემძლეობით კი არ ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, არამედ თავისუფალი ნებით და სად არის თავისუფალი ნება?! სადაც მე ძალისგან არ ვითრგუნები. ღმერთმა მატერიაში მოგვაქცია, რათა ნელ-ნელა გავიზარდოთ. მისი მიზანი არ არის ჩვენი მწყობრში მოყვანა, არამედ – გამოზრდა. სიყვარული მხოლოდ იქაა, სადაც ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, როდესაც შეუძლია, თქვას – კი ან არა. მე თუ არ შემიძლია, რომ არა ვუთხრა ღმერთს, ანუ არ ხარ მართალიო, მაშინ რობოტი, უბრალოდ, კლონი ვარ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე, ამიტომ ხანდახან ღმერთზე „კეთილებიც“ კი ვართ და ვამტყუნებთ მას, აბა, სადაა სამართალი, რატომაა ამდენი შფოთი და ომი, ამდენი ტკივილი?! ჯერ ერთი, ეს ტკივილები ფიზიკურ დონეზეა და აბსოლუტური არ არის: ფიზიკურის მიღმა არსებობს ადამიანის გონება და სული; მეორეც – რაც ხდება, იმას ადამიანები თავად დაიტეხავენ თავს და განისწავლებიან ან სიტყვითა და რწმენით ან დარტყმით. სიტყვა და დარტყმა არეგულირებს ადამიანის მოქმედებებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ თრგუნავს და ჩაგრავს. როგორ შეიძლება, რომ კალაპოტმა მდინარე დაჩაგროს?! პირიქით, არეგულირებს, აკავებს. რომ არა კალაპოტი, მდინარე გაიღვრება, დაჭაობდება და ზღვამდე ვერ მიაღწევს. ამიტომ სამყაროს, ბუნების, მორალური, შინაგანი კანონები, რომელთა დარღვევას მოჰყვება სასჯელები, ადამიანს კი არ ზღუდავს, არამედ, პირიქით, ადამიანის ზედმეტ თავაშვებულებას ანელებს, რომ არ გაიღვაროს. ღმერთი არ აშინებს ადამიანს, რადგან უნდა, რომ ადამიანი განვითარდეს. ამიტომ ბოლო ჟამს ყველაფერი ერთად გვატყდება თავს. რაც გარედანაა, ეს ქერქია, გარსია, მიწიერია, მატერიალური აზროვნებაა, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რასაც ეშინია ამ რყევისა და ნგრევის. თუმცა თავის წიაღში დიდ სიცოცხლეს ინახავს, რომელზედაც დაშენდება ახალი სამყარო, სიხარულით შეხვდება ქრისტეს მეორედ მოსვლას. გარსს კი ეშინია, ვინაიდან იცის, რომ გაუქმდება, თუმცა, სინამდვილეში ეს ხსნაა ამ გადაგვარებული გარსისთვის. ის მერე გაიგებს თავის ფუნქციას, თუ რატომ დაუშვა განგებამ ამდენი ბოროტება, პოლიტიკური სისტემები და იზმები რომ ქმნიან. გარსი ერთგვარად შემაკავებელია და ეს გარეგანი სიმკვრივე იმისთვისაა გაჩენილი, რომ რწმენა გადაარჩინოს. როდისაა ნაყოფი მწიფე? როდესაც მისი კანი ბოლომდე გამკვრივდება. ამიტომ ის, რაც, წესით, უნდა გვიხაროდეს, ჯერ გარსითაა დაფარული. გული გარედან ბოლო წუთამდეა დახურული. თითქოს ქრისტიანობა ჩახშობილია, მაგრამ ერთ წუთში შეიძლება, მოსცილდეს გარსი და გამოვლინდეს ის, რაც შიგნით იყო დამალული და არ ჩანდა. რაც ქრისტეს მოსვლის ამ სიხარულს, სურვილს ატარებს, შიგნითაა და უწყვეტია. ჩვენ რომ ქრისტეს ველოდებით, ეს მეორედ მოსვლა კი არ არის, არამედ მომწიფებაა. ქრისტე ჩვენში შემოვიდა, როგორც მარცვალი; დაითესა, როგორც ნოყიერ მიწაში და მის მოსვლას იმ წამიდან ველოდებით, რაც რწმენა მივიღეთ და იესო სამყაროში სულიწმიდით შემოვიდა. გვესმის საყვედურებიც, ამაოდ ველოდებით ამდენი ასეული წელია და არაფერი იცვლებაო, მაგრამ ასე იყო ქრისტეს პირველად მოსვლის დროსაც, ის უჩინრად დაიბადა, უჩინრადვე აღდგა. ადამიანი კი ითხოვს, რომ ღმერთი ფიზიკურად გამოვლინდეს; ძალის ხილვა უნდა, არადა ღმერთის ძალა მის უძალობაშია. ღმერთს, რომელიც ყოვლისშემძლეა, არ შეუძლია, ადამიანში შექმნას შიში და სიყვარული. ისეა სამყარო შექმნილი, რომ ადამიანი თავისი მონდომებითა და მოსურვებით უნდა განვითარდეს. ესაა ქრისტეს მოსვლა. მეორედ მოსვლა ხალხური ტერმინია, სახარებაში არსად წერია – იქ ნათქვამია კუალად მოვა, რაც ნიშნავს უწყვეტად მომავალს. ამიტომაც, პავლე მოციქულით დაწყებული, ქრისტეს მოსვლას ყველანი თავიანთ ცხოვრებაში ელოდნენ. ესაა მარადიული აწმყო, დროის მიღმა, უბრალოდ, ეს აწმყო უწყვეტად მოდის გარკვეულ მომენტამდე, როდესაც ჩამოიშლება გარსი და გამოვლინდება ის, რასაც სამყარო თავის წიაღში ინახავდა. ასე რომ, ბუნებრივია ქრისტეს მოსვლის შიში: მე შიგნით მწამს, იმედი მაქვს, მაგრამ ჩემს ბიოლოგიურ ნაწილს ეშინია, როგორც ქრისტეს ეშინოდა ჯვარცმის. მთავარია, ამ შიშმა არ დაგვთრგუნოს და არ ჩაახშოს ჩვენში ცრემლებით გამოზრდილი იმედის ნაპერწკალი, დღემდე რომ მოვიტანეთ. სწორედ იმიტომ ამბობს იესო, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი