რელიგია

რატომ გახდა იძულებული განგება, მკაცრი ჩარევით დააბრუნოს ადამიანი აცდენილ გზას

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.05, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

არა მხოლოდ პოლიტიკური, ანუ ფიზიკური, არამედ სულიერი კრიზისიც აშკარაა. სამწუხაროდ, ლაპარაკია ქრისტიანობის დაისზეც, რაზედაც მოწმობს ის მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდება: ერთმანეთის ზიზღი, აგრესია, ომები. შეძლებს, რომ აღდგეს ამდენად დაცემული კაცობრიობა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თქვენი ნათქვამია, პირიქით, ეს დაისი იმის მომასწავებელია, რომ ახალი უნდა იშვას, ვინაიდან ქრისტე პირველადაც მაშინ მოვიდა, როდესაც რწმენის დაისი იყო.

– იმ სიკვდილიდან, რომელშიც დღეს ვართ, უნდა მოხდეს ჩვენი აღდგომა და სწორედ ამიტომ გვამცირებს უფალი. ამდენად, არც კი უნდა ვეცადოთ, ადამიანური გონებით, განსწავლულობით, ლიბერალიზმით, დემოკრატიითა თუ ნაცონალიზმით მის ახსნას. ეს მკვდრადნაშობი მოდელების იზმებია. ყველაფერი მოისინჯა: ყველანაირი იზმი; სოციალური თუ პოლიტიკური წყობა; იდეოლოგია და შედეგად რა მივიღეთ?! ადამიანი ტექნიკურად დაკმაყოფილდა, მაგრამ რად გინდა ასეთი ტექნიკა?! ადრე, როდესაც არანაირი ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა, ადამიანები გულით გრძნობდნენ ერთმანეთს და შინაგანი განცდით ერთმანეთთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე დღეს, როდესაც ერთმანეთთან დასაკავშირებლად ამდენი მექანიკური საშუალებაა. რა არის ამ ტექნიკური მიღწევების დანიშნულება, თუ ადამიანი უფრო ბედნიერი არ იქნება?! მეტს შევჭამთ და რას ვჭამთ ასეთსა და ამდენს?! დღეს მანქანები გვყავს და გამონაბოლქვით ჰაერს ვაბინძურებთ. ანუ რისთვის გვჭირდება ეს ტექნიკური პროგრესი, როდესაც აზრი დაგვეკარგა, არ ვიცით, საით მივდივართ. სწორედ ესაა კრიზისი და მისი დანიშნულებაა, იქნებ ერთხელაც მივხვდეთ, რომ ჩვენს ძალისხმევას არაფერი შეუძლია. ავიღოთ მოციქულ პეტრეს მაგალითი: პეტრე ქრისტიანობის სიმბოლოა, ეკლესიის ბურჯი და ის უფალს ეუბნებოდა, ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებო.

– მეტიც, სულს დავდებ შენთვის, უფალოო...

– დიახ, მას თავისი ადამიანური შესაძლებლობით უნდოდა, გაჰყოლოდა უფალს ბოლომდე და რით დამთავრდა მისი ეს ძალისხმევა? უფალმა უთხრა, ვერ გამომყვები ბოლომდე, ამას მე მარტო ვაკეთებ და მერე მიიღებ ჩემგან მეტს. პეტრემ არ დაუჯერა, მაგრამ სამჯერ უარყო იესო. და განა ჩვენ არ უარვყავით ქრისტე? არ ვთქვით, რომ ის მითი და ზღაპარია?! ფერდი არ განვუგმირეთ უფალს და ჩვენში არ მოვკალით ის?! ნიცშეს ნათქვამი: ღმერთი მოკვდაო, ნიშნის მოგება კი არა, განაჩენია, ტრაგედიაა. და ნიცშეს ზეკაცმა რა მოიტანა?! ნაცისტური გერმანია! როდესაც ტრადიცია და შინაგანი ხმა ვერ იჭერს ადამიანს, დიახ, ადამიანი თავისუფლდება, მაგრამ რისთვის?! ტექნოლოგიურად ყველაფერი ვიცით, მაგრამ არ ვიცით უმთავრესი: ვინ ვართ ჩვენ! მამაა ჩვენი არსი, მაგრამ ჩვენ, დღევანდელი ქრისტიანობა და კაცობრიობა, ჩვენი არსიდან გარეთ გავედით; ჭკუა-გონება ჩვენი ხომ არ იყო?! მამის იყო! ჩვენ წამოვიღეთ, მაგრამ მამაზე უარი ვთქვით და გამოვაცხადეთ – ღმერთი არ არის. ჩვენ ვართ ჩვენი თავის ღმერთი. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია და ტაძარში ტახტი დაუდგეს გონებას, როგორც ღმერთს, მაგრამ ვინ ჩადო შენში ეს ყველაფერი?! მამამ, ღმერთმა! ხოლო ჩვენ მივიტაცეთ და მამაზე, ღმერთზე უარი ვთქვით. ყველაფერი ავხსენით და ღმერთს ვუთხარით, შენი ადგილი აქ არ არის! გაიხსენეთ – ძე შეცდომილს ღორების საჭმელი ენატრება; ეს ხომ ჩვენი სულის ალეგორიაა?! თითქოს ყველაფერი გაქვს და მაინც მუდამ შია კაცობრიობას, როგორც ღორს, რომელიც ვერაფრით ძღება. მეტიც, რომც არ გვშიოდეს, მაინც ვერ ვჩერდებით: ერთი მანქანა ჰყავს, მეორე უნდა; ერთი ქვეყანა მოიარა, მეორე უნდა; ერთი ხელი ტანსაცმელი აქვს, მეორე უნდა. სულ დაუკმაყოფილებელია ადამიანი. პრობლემებს ვერ ვწყვეტთ, ვერც პოლიტიკა წყვეტს, ვერც რელიგია, ტრადიციები არ მუშაობს. ადამიანური რესურსი ამოწურულია და იქნებ განგებამ სპეციალურად მიგვიყვანა აქამდე, რომ დავნებდეთ მას?! იქნებ ამ განსაცდელებით მივყავართ იქამდე, რომ ძე შეცდომილივით დავბრუნდეთ იქ, საიდანაც გზას გადავცდით?! მართლაც მივხვდეთ, როგორც ავაზაკი, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია და ღმერთი მართალია?! და მაშინ მოხდება აი, ის დიდი გარდაქმნა! ჩვენ კი ისევ ერთმანეთს ვაბრალებთ საკუთარ უბედურებებს, არადა რა მნიშვნელობა აქვს უკვე ამას?! ჩვენ ხომ ერთნი ვართ?! ეს იგივეა, ერთმა ხელმა მეორეს რამე დააბრალოს. აღარ უნდა დასრულდეს თითის გარეთ გაშვერა და, ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ, რაც გვემართება, ჩვენ, ყველამ, დავიტეხეთ თავს, როგორც ერთმა ადამმა და ერთს შევღაღადოთ?! ჩვენ ერთი ღმერთის შვილები ვართ და ვუთხრათ მას, შენ ჩვენ მოგვეცი დედამიწა, ჩვენი ბრალია, რომ ერთმანეთისკენ ვიშვერთ თითს და შენ მართალი ხარ; ჩვენ შენზე ვთქვით უარი და იმიტომ გვაქვს ასეთი სიცოცხლე! ხომ ვხედავთ, რაც მეტად ვცდილობთ, გადავლახოთ პრობლემები, პირიქით, გვემატება?! კაცობრიობის ყველა სისტემა მიმართულია, რომ უკეთესობა იყოს, სინამდვილეში კი უარესობა ხდება. ერთი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ახლა უკვე მესამე ომი... აი, ეს კრიზისი, დეგრადირება გვაახლოებს იმ წერტილამდე, როდესაც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს ძალისხმევას აზრი არ აქვს. რადგან ნებით არ გავაკეთეთ, არც ინტელექტი გვეყო, არც სულიერება და არც რწმენა, გაგვაკეთებინებენ დახმარებით ჩვენ წინააღმდეგ. სამყარო ძალიან მკაცრი ხელით დაგვეხმარება და გვაიძულებს, მივცეთ აღიარებითი ჩვენება, რომ, რაც გვემართება, ჩვენ მიერაა თავდატეხილი, ერთნი ვართ ჩვენ და ერთია ღმერთი! ამის ბრალია, იმის ბრალია – ადამის პარადიგმაა. ჩვენ უნდა დავიტანჯოთ, როგორც ავაზაკი, იმიტომ რომ ავაზაკები ვართ, ვინაიდან ღმერთის ყველაფერი მივიტაცეთ და ჩვენად გამოვაცხადეთ! ადამმა ავაზაკში თქვა, რომ იტანჯებოდა თავისი მიზეზით და ცხონდა. დღეს ზუსტად მასავით ვართ ჯვარცმულები, როგორც ავაზაკები, რომლებმაც მივიტაცეთ ცხოვრება; ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ იმ უგუნურების გამო, ღმერთი და ქრისტეს რომ უარვყავით, გვჭირს, რაც გვჭირს, აი, ეს არის ჩვენი ამ დაკნინებამდე მიყვანის მიზანი და აი, ეს იქნება ჩვენი აღდგომა. აღდგომა არის დაბრუნება სიცხადეში, როდესაც ჩამოიშლება წუთისოფლის ბადე. მეორე მხრივ, ეს აგონია, მშობიარობის ტკივილებია, როდესაც ერთი დიდი კაცი უნდა დაიბადოს, ვინც ვერ დაეტევა ეროვნების, კულტურის ტანსცმელში; ის ჭინთვებით იბადება, იმიტომ რომ ჩვენი ვიწრო ხედვები არ უშვებს, მაგრამ ვერ დაიჭერს, მაინც გამოხტება. სხვა საკითხია, როგორ დაიბადება: საკეისროთი, რთულად თუ იოლად. ამის გვეშინია, მაგრამ კრიზისი ნიშნავს ახლის მოლოდინს. როგორც ესაია ამბობს, საშოს კარს არიან მომდგარნი ბავშვები და შობის ძალა არ არის. მე ვარ გამღები საშოსი, მივიყვან შობამდე და შობის ძალას არ მივცემ?! ასე უნდა დავინახოთ აღდგომის ისტორია: ქრისტე უნდა აღდგეს ჩვენგან და მაშინ შედგება ახალი სამყარო, რომლისკენაც მივდივართ ყველანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი