რელიგია

რატომ ეშინიათ ადამიანებს ქრისტეს მეორედ მოსვლის და რატომ ნიშნავს ქრისტიანობა უფლის გამოცხადებას

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.10, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ადამიანები ჯიუტად (ან იქნებ უნებლიეთაც) ეძებენ მეორედ მოსვლის ნიშნებს, ამას ხან პანდემიას უკავშირებენ, ხან – დედამიწას მოდებულ მეტისმეტ სისხლისღვრასა და ომებს და შიშობენ, რომ აპოკალიფსი ახლოსაა. სწორედ, მეორედ მოსვლაზე გვესაუბრება წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– ფიზიკური აქტია მეორედ მოსვლა, რისიც ადამიანებს ასე ეშინიათ?

– ტერმინი „მეორედ მოსვლა“ უფრო ხალხურია, რადგან ქრისტეს ველოდებით პირველად მოსვლიდანვე. ასეთი გამონათქვამიც იყო ჩემს ბავშვობაში: ქრისტემ თქვა, პირველ ათასწლეულს თუ არ მოვედი, მეორე ათასწლეულს არ გადავაცილებო, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ვიცით, რომ 2000 წელს ელოდნენ ქრისტეს, მაგრამ დადგა 2000, უკვე 2021 წელია და ქრისტე არ ჩანს, რამაც ადამიანთა ნაწილს გული აუცრუა კიდეც. პეტრე მოციქული წერს, ბოლო ჟამს დამცინავები მომრავლდებინ და იტყვიან, სად არის მისი მოსვლის დაპირებაო... მაგრამ არ იციან მათ, რომ უფალი არ აყოვნებს მოსვლის დაპირებას, იმიტომ რომ უფლისთვის 1 000 წელი ერთ დღესავითაა, ხოლო ერთი დღე 1 000 წელივითო. შიშს კი იწვევდა და იწვევს „გამოცხადების“ ტერმინები, მეტაფორული ენა. არადა იმ ეპოქაში მეტაფორული ენით იწერებოდა მსგავსი ტექსტები. ამდენად, კარგია, რომ „სახარება“ ითარგმნა და გავრცელდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდი როლიც შეასრულა, ვინაიდან „გამოცხადების“ დამოუკიდებლად წაკითხვამ გააგიჟა ხალხი. „გამოცხადების“ ტექსტი იმდენად ღრმაა და იგავური, რომ ადამიანი დამოუკიდებლად ვერ იგებს მას, რამაც, სამწუხაროდ, წარმოშვა უამრავი ხედვა, რასაც დღეს „აპოკალიპტიკა“ ჰქვია და რაზეც „ჰოლივუდის“ უამრავი ფილმია შექმნილი, რომლებშიც აპოკალიფსი წარმოჩენილია ნგრევით, მსხვერპლით, სისხლით და ადამიანებსაც ასე წარმოუდგენიათ: ქრისტე მოდის ჩვენს გასაჟლეტად და სწორედ, ესაა ყველაზე დიდი პარადოქსი. „გამოცხადება“ მთავრდება სიტყვებით – „ჰო, მოდი, უფალო იესო!“ იესო ქრისტიანისთვის სიყვარულია და რა გამოდის? ელოდები საყვარელ ადამიანს, პატივსაცემ სტუმარს და ამ დროს გეშინია?! რატომ გეშინია?! ხომ ის მოდის, ვისაც მთელი 2000 წელია, ველოდებით და ვინც დაგვიბარა: „ჰო, მოვალ მალე“. ქრისტეს პირველად მოსვლა, უხეშად რომ ვთქვათ, იმას ჰგავს, საცოლეს რომ ბეჭედს დაუტოვებს საქმრო. ანუ უფალმა სულიწმიდით დაგვნიშნა და გვითხრა, დამელოდეთო. ჩვენც ველოდებით, იმიტომ რომ მოვა ის, ვინც ჩვენთან იყო და არის. ამის მიუხედავადაც, ქრისტეს მეორედ მოსვლა გადაიქცა აპოკალიფსად! სად არის ის სიხარული, რომლითაც ქრისტიანები ქრისტეს მეორედ მოსვლას უნდა ელოდნენ?! იმის ნაცვლად, ამბობდნენ, სად ხარ, რატომ აგვიანებ, ნეტავ, მალე მოხვიდე, პირიქით ხდება. შარშან პატრიარქმა თქვა, ქრისტე მალე მოვაო და ლამის ცოცხლად შეჭამეს, დაბერდა, ადამიანები სძულს და, რადგან თვითონ ამსოფლიდან მიდის, უნდა, რომ ყველა თან გაიყოლოსო. არადა ქრისტიანობა არ არსებობს ქრისტეს მოსვლის გარეშე, მაშინ ქრისტე მითი ყოფილა! იმიტომ რომ ეს ორი მოსვლა არ არის! ეს იგივეა, დათესო მარცვალი, არც ელოდო, არც არაფერი გააკეთო, არც იმედი გქონდეს, რომ ჭირნახული მოიწიო. მაშინ რატომ დათესე?! პირველი მარცვალი არის ქრისტეს შემოსვლა და რატომ გვიხარია? რატომაა „სახარება“? ვინაიდან გაჩნდა იმედი, რომ ბერწ კაცობრიობას შეეძინება შვილი. მოსვლა ნიშნავს, რომ ჩვენში გაჩნდა ქრისტეს სრულად გაცხადების სიხარული, რაც მანამდე არ გვქონდა, ვინაიდან ცოდვას მთლიანად ვყავდით შეჭმული, არც იმედი გვქონდა, არც არავის ველოდით და ამ დროს შეგვეძინა ძე და მას შემდეგ, რაც ქრისტე მივიღეთ რწმენით, ველით მას. როდესაც ქრისტეს ეკითხებიან, დრო და ჟამი გვითხარი, როდის მოხვალო, უფალი ეუბნება, არასწორ კითხვას სვამთ, მე თქვენ შორის, ვარ ცათა სასუფეველი არის აქ! მაშინ რას ნიშნავს მოსვლა? ჩვენი შეძლების იმ დონეზე მისვლას, როდესაც ჩვენ მას მივუხვდებით და გონს მოვალთ. ადრე გოგონებს აკვანშიც წინდავდნენ, მაგრამ როდის მიჰყავდა სიძეს? როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა. ქრისტეში ჩვენ დავიწინდეთ, როგორც პატარა სულები, ჩვილები. ჯერ არ დავმწიფებულვართ ისე, რომ სიძეს დავხვდეთ ისეთები, როგორებსაც გველოდება, ანუ ზრდასრულები. აი, ამას ელის მთელი სამყარო და ვისთვის მოვიდა ქრისტე – ერთი რომელიმე ეთნოსისთვის, ერთი ტრადიციისთვის, ერთი კულტურისთვის, თუ ზოგადად კაცობრიობისთვის, ადამის მოდგმისთვის?! ქრისტე განათდა და მისი ნათელი ყველა ერს მიეღვარა. მოციქულებმა გადატეხეს ყველა საზღვარი, ყველა სიმკვრივე გაარღვიეს, რაც იმ პერიოდში არსებობდა, ცეცხლივით ყველას მისწვდა ქრისტეს ნათელი. კანიბალებთანაც კი მიდიოდნენ, იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა კაცთა მოდგმისთვის, წინაღობები კი უგუნურებამ შექმნა. ნათელი, რომელმაც მოიცვა ყველას გული, იზრდება, ცნობიერდება; სიცოცხლე ჩაისახა, მაგრამ ადამიანი გონით უნდა ამაღლდეს ყველა თავის არტახზე და კაცად შედგეს. პავლე მოციქული ამბობს: ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა, მაგრამ ეს მოცემულობაა და ეს მოცემულობა უნდა იქცეს ფაქტად. ამ შესაძლებლობაში ინახება კაცი: რაც თავში გვქონდა, აი, ის უნდა მივიღოთ ბოლოში. ქრისტე – როგორც კაცობრიობის სინჯი, რწმენით ითესება ჩემს გულში, და მეორედ მოსვლა ნიშნავს, რომ მოდის, როგორც მოსავალი და შენს ცნობიერებაში იქცევა კაცად.

– და ასე ერთბაშად მოვმწიფდებით ყველანი უფლის ჩვენს გულებში მისაღებად?

– ერთი წერტილი იყო მარიამის სახლი, ერთი წერტილი იყო იუდეა, ერთი წერტილი იყო ისრაელი... კოსმოსური ხომალდი ეშვება, ზოგადად, დედამიწაზე, მაგრამ მის რომელიღაც კონკრეტულ ნაწილში, კონკრეტულ ქალაქში, კონკრეტულ კოსმოდრომზე. ქრისტეს მეორედ მოსვლაც იქნება ზოგადი, მაგრამ კონკრეტულად ერთ რომელიღაც წერტილში. ჩვენ არ ვიცით, სად ან რომელ წიაღში მოვა, მაგრამ ერთ წერტილში გაჩნდება და განათდება. არც გვეცოდინება, საიდან, მაგრამ მოვა და არის კიდევ ერთი ნუგეში: თუ პირველი მოსვლა იყო დამცირებით, რითაც იმარჯვებდა ქრისტე – რაც მეტად დევნიდნენ ქრისტიანებს, მით მეტად ძლიერდებოდა უფლის ნათელი, მეორედ მოვა, როგორც მეფეთმეფე და უფალთუფალი, ფიზიკური ძალის მქონე. პირველად მოსვლამ შეამზადა ჩვენი გულები, რომ მეორედ მოსვლისას უფალმა იმეფოს ამ გულებზე. სიყვარულის მეფე არ არის მოძალადე, მას უნდა, რომ ადამიანები ნებაყოფლობით უფენდნენ თავიანთ გულებს. ამიტომაც იესოს შესვლა იერუსალიმში იყო მეორედ მოსვლის წინასახე. იმხანად ადამიანები მზად არ იყვნენ ამისთვის და იესომ ეს დაინახა. მეფეს რომ გული დაუფინო, მზად უნდა იყოთ ცნობიერად და გულითაც. ამიტომაც მოვა მეორედ, როგორც მეფეთმეფე და უფალთუფალი და ტახტზე დაბრძანდება, ოღონდ განა ფიზიკურზე – გულების ტახტზე. სიყვარული იმეფებს და ეს იქნება ჩვენი ამ ორიათსწლიანი ძალისხმევის შედეგი და არა გარედან მექანიკურად მოცემული. ადამი ისევ შეკრებს საკუთარ გაფანტულ თავს და სიყვარულითა და გაცნობიერებით უკვე ღმერთად ვიქცევით. გული და გონება შეერთდებიან: ჩვენ ვიქნებით თავისუფლები და იმავდროულად - ერთიანნი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი