რელიგია

რატომ არის საშიში სიტყვა და რატომ მოგვაბარა ღმერთმა სიტყვა, როგორც ქმნადობის იარაღი

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 25.02, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ – ასე იწყება იოანეს სახარება. არათუ მეტყველების უნარის გამო, ადამიანი ერთდერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც წერა, ანუ ასოების გამოყვანა შეუძლია, რადგან კლავიატურაზე ტექსტის აკრეფას არათუ მაიმუნი, სწავლობს ყვავიც კი. შესაბამისად, მეცნიერები შიშობენ, რომ ადამიანის მიერ წერაზე უარის თქმამ შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინში ამ უნარზე პასუხისმგებელი უბნის გადაგვარება და, აქედან გამომდინარე, ადამიანის დეგრადაცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ისეთ ტექნოლოგიაზეც, რაც ადამიანს სიტყვების წარმოთქმის გარეშე ურთიერთობას შეაძლებინებს, შესაძლოა, დეგრადაციის ტემპი და ხარისხი უფრო მაღალიც იყოს. სიტყვაა ლოცვა და სიტყვაა წყევლაც. სიტყვის ძალასა და მნიშვნელობაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– სიტყვა ქმნის და სიტყვა ანგრევს, რატომ აქვს სიტყვას ამდენი ძალა?

– ადამიანს, ღვთის ხატს, ყველა დანარჩენი ქმნილებისგან განასხვავებს ის, რომ ის მეტყველია, სიტყვით გამოთქვამს თავის აზრს. მართალია, სამყაროს, ანუ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს აქვთ თავიანთი ენა და ისინი ჩვენ გველაპარაკებიან – მათ, რომლებსაც სულიერი თვალი აქვთ ახელილი, იციან ეს და ბიბლიაშიც წერია, დაელაპარაკეთ ფრინველებს, ცაში – ვარსკვლავებს, მიწაზე – ცხოველებს და ისინი გეტყვიან, რომ მათ უკან დგას ღმერთი და ისინიც ღვთის ქმნილებები არიან, ოღონდ ეს, ცხადია, სხვანაირი საუბარია; ადამიანის შემთხვევაში კი იგულისხმება სწორედ ის სიტყვა, რითაც ღმერთმა სამყარო შექმნა. თუ ჩვენ ვართ ღვთის ხატი, ჩვენც მოგვებარა ეს სიტყვა – ქმნადობის უზარმაზარი იარაღი, უბრალოდ, რადგან ჯერ არ ვართ სისრულეში, ჩვენი სიტყვა ხშირად აცდენილია იმასთან, რის გამოთქმაც გვინდა და აი, აქედან იწყება სიცრუე, ტყუილი. საიდან დაიწყო ეს? სამოთხიდან: არის ღმერთის სიტყვა, რომელმაც უთხრა ადამსა და ევას, როგორ მოქცეულიყვნენ და არის მეორე სიტყვა – ანტისიტყვა, მართლა გითხრათ ღმერთმა, ანუ მართალია ღმერთის სიტყვა და აი, აქ აირია ადამი, ვერ გაარჩია ნამდვილი ყალბისგან. დღეს ყველაფერი ერთად მოდის: ის სიტყვაც, რომელიც ღვთისგანაა, მაგალითად, როგორც ოფიციალური ფული სახელმწიფოს მიერ ოქროთი გამყარებული და მეორე სიტყვაც, რომელიც ჰგავს პირველს, ანუ ყალბი ფული, რომელსაც ვერც განარჩევ ნამდვილისგან, მაგრამ ის გამყარებული არ არის ოქროთი და, ამდენად, არანაირი ღირებულება არ აქვს.

რატომ ხდება, რომ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ ამ ორ სიტყვას: ღვთისა და ყალბს?! იმიტომ რომ დავკარგეთ განმრჩევლობის უნარი და დავიჩემეთ, რომ თავად ვიქნებოდით განმრჩეველნი ბოროტისა და სიკეთის და ამიტომაც ვუჯერებთ იმას, რასაც ვხედავთ, შემდეგ ვამბობთ იმას, რასაც ვხედავთ და ასე ვქმნით წარმოსახულ, ილუზორულ, არარსებულ სამყაროს. ჩვენ, როგორც ღვთის ხატს, გვაქვს პრეტენზია, რომ ვქმნით სამყაროს სიტყვით, ისევე, როგორც ღმერთმა შექმნა სამყარო, მაგრამ, რადგან არ გვაქვს სისრულე, სიმრთელე, ჩვენი ეს სიტყვა ხშირად დამანგრევლად იქცევა. ადამიანებს დღესაც გვეშინია არათუ მაგიის, იმისიც კი, თუ ვინმე დაგვწყევლის ან ცუდს იტყვის ჩვენზე, ეს ნაშთია იმ ხსოვნის, როდესაც სიტყვა და საქმე ერთიანი იყო. ეს უკვე შემდეგ გაწყალდა სიტყვა, როდესაც ადამიანმა მისი არამიზნობრივად გამოყენება დაიწყო, ანუ არა იმისთვის, ანუ შემოქმედებისთვის, რისთვისაც მოგვეცა, როგორც ღმერთის მსგავსების პირველგამომვლინებელი, ქმნადობის უნარის მქონე, რომლითაც შეგიძლია, გააცოცხლო, აღაშენო, შექმნა. ასე წერია: თქვა ღმერთმა და შექმნა! და ყველა ის უნარი, რითაც ღმერთმა სამყარო შექმნა, დღესაცაა ჩადებული სიტყვაში, მაგრამ დღეს ვამბობთ სიტყვებს და ქმნადობა არ არის, ვერ ვაცოცხლებთ ადამიანებს. უთხრა ქრისტემ ლაზარეს – „ლაზარე, გამოდი გარეთ! და გამოვიდა მკვდარი, რომელსაც შეკრული ჰქონდა ფეხები და ხელები სახვევით და მისი სახე სუდარით იყო შეხვეული. უთხრა მათ იესომ: გახსენით იგი და გაუშვით, გაიაროს.“ აი, ეს არის სიტყვის ძალა, რომლითაც შენ შეგიძლია, აღადგინო მკვდარი ადამიანი, აქ მკვდარ ადამიანზეა ლაპარაკი და არა სხეულზე. ამიტომ, რადგან ჩვენ ვართ გზაში და არ ვართ სისრულეში, სიტყვა ხდება საშიში. დავუშვათ, რაღაც დავინახე და ჩემი გაგებით, როგორც აღვიქვი, ისეთი სიტყვა ვთქვი, ამ სიტყვამ კი შეიძლება, დაანგროს კიდეც მეორე ადამიანი, იმიტომ რომ იმ მოვლენის სრულ არსს, რაც დავინახე, მე ვერ ვფლობ. ეს ღმერთმა იცის სრულად, ჩვენ კი მხოლოდ მონაკვეთს ვხედავთ და ადამიანური შეზღუდულობის წიაღში ვიმყოფებით. შესაბამისად, ვიწრო კუთხიდან ვიყურებით და როდესაც ამ ვიწრო ხედვას ვიღებთ სინამდვილედ და ვამბობთ კიდეც, ჩვენი ეს შეფასება, იმის ნაცვლად, რომ სიკეთეს მოემსახუროს, ყველაფერს ურევს. იმიტომ რომ, ვიმეორებ, ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა დაეყრდნო ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ იყო სრული. ამიტომაცაა საშიში სიტყვა. ნათქვამია: სიტყვა ვერცხლია, დუმილი – ოქრო. განა იმიტომ, რომ დუმილი უმჯობესია? რადგან ამ არასრულყოფილებაში ვართ, სანამ ჩვენი გაცნობიერება სრული არ გახდება, იმიტომაა დუმილი უმჯობესი. ვინაიდან დუმილით შეიძლება, იმდენი ვერ დააზიანო, რაც ნათქვამი სიტყვით. დუმილი გააზრების მეტ უნარსაც გაძლევს. შესაბამისად, წერია, სიტყვითა შენითა განმართლდები და სიტყვითა შენით გამტყუნდებიო. თვითონ სიტყვის არსს დავუკვირდეთ: სიტყვა, ატყვია, მეტყვის, ვეტყვი, მემიტყვია და ამ დროს გვაქვს სიტყვა ნატყვიარი, ანუ ფუძეა „ტყვია“. შემთხვევითი არ არის გამონათქვამი: ტყვიასავით მომხვდა გულზეო და ხშირად ტყვიაზე დამღუპველიცაა სიტყვა. ტყვიას შეიძლება, გადაურჩე და მხოლოდ ფიზიკური ტკივილი მოგაყენოს, მაგრამ ტყვიასავით ნათქვამ სიტყვას ადამიანის სულის დანგრევა შეუძლია.

– მახსოვს, მეოთხე კლასში ნასწავლი ანდაზა სულხან-საბას არაკიდან: შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმრთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო.

– ფიზიკური ტყვია ჩემს სხეულს ეხება, ფიზიკურს, წარმავალს, სიტყვა კი, როგორც ტყვია, ადამიანის არსს, მის სულში შედის და შეიძლება, მთელი ცხოვრება მოუწამლოს ან, პირიქით, გააცოცხლოს კიდეც. სწორედ, ამიტომაა პასუხისმგებლობა სიტყვა! ძალიან დიდი იარაღი მოგვეცა სიტყვის სახით. ადამიანი მხოლოდ ის ხომ არ არის, რაც ჩემ წინ მისი ფიზიკური სხეულით დგას?! უსასრულო მოვლენაა თითოეული ადამიანი, ამიტომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ადამიანს, მოვლენას, რაც ჩვენ გარშემი ხდება, დასკვნები დაუფიქრებლად არ უნდა გავაკეთოთ. მაშინვე არ უნდა გავასიტყვოთ, რაც დავინახეთ. ამით დიდ ტვირთს ვიღებთ. აბბა დოროთე ამბობს, ჩვენ უარი ვთქვით საკუთარი თავის განკითხვის მსუბუქ უღელზე და ავიღეთ სხვისი განკითხვის მძიმე ტვირთი. რატომ არის ეს ტვირთი მძიმე? როდესაც ამ გზით მიდიხარ, შენი სულიც იფიტება, იმიტომ რომ მძიმე სურათხატებს ხედავ, სიყვარული ვარდს ხედავს და სიძულვილი – ეკალსო. არავინ ამბობს, რომ კრინტი არ უნდა დაძრა, ლაპარაკია სიფრთხილეზე, კეთილგონიერებაზე: თუ სიყვარული დაგვეკარგა, მხოლოდ ეკლებიღა შეგვრჩება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი