რელიგია

რატომ არის ქრისტეს მოსვლის შემდეგ ტანჯვა გამართლებული და რატომ ვლინდება ადამიანის საუკეთესო ვერსია სწორედ ტკივილებში

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.02, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რაც უფრო მეტად გტკივა და იტანჯები, მით მეტ ნელსურნელებას გამოსცემ, ისევე, როგორც სანთელი ვერ გაანათებს, თუკი არ იწვის. რატომ ასდის ჩვენს ადამიანურ ტკივილებს მაცხოვნებელი სურნელი? ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ იღვიძებს ჩვენი ღვთიური ბუნება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს? რატომ ვხდები ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, როდესაც ვტყდები, როგორც ადამიანი?

– პეტრე მოციქული წერს, ვინც ხორცით იტანჯება, მან შეწყვიტა ცოდვის ქმნაო. პავლე მოციქულის შესახებაც ბევრჯერ გვითქვამს, სატანის ანგელოზმა დამქენჯნა და სამჯერ ვევედრე უფალს, რომ მოეშორებინა ეს სიკვდილის სხეული, უფალმა მითხრა, შენზე ჩემი მადლი საკმარისია, რადგან ჩემი ძალა უძლურებაში ვლინდებაო და პავლე მოციქული ამბობს, მე დავიკვეხნი ჩემი უძლურებითო. სიტყვები ხომ შემთხვევით არ ჩნდება?! და ქართული სიტყვა „ტანჯვა“ გვიხსნის არსს, ალბათ, ტანი და ჯვარია, სხვა, აბა, რას უნდა ნიშნავდეს?! ანუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ ტანჯვას აზრი აქვს, ვინაიდან ტანჯვა არის გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხო და ამაღლდე, მაშასადამე, უნდა გაამართლო ტანჯვა. თუ ტანჯვას ვერ გაამართლებ, ის გეწვია, შენ კი იშორებ ან არ იღებ, ყველანაირად ეწინააღმდეგები და უბრაზდები ღმერთსაც კი, ესე იგი, უკვე წააგე, იმიტომ რომ ვერ შეიცანი ღმერთის მონახულების ჟამი. ბერები, წმიდა მამები ტიროდნენ, როდესაც ფიზიკური უძლურება ან სატანჯველი არ ეწვეოდათ, ღმერთმა დაგვტოვაო, ხოლო, როდესაც ეწვეოდათ, უხაროდათ, ღმერთი გვეწვიაო. მაგრამ, თუ ტანჯვის არსს არ გავიაზრებთ, გამოვა, რომ ეს მაზოხისტური მიდრეკილებაა. არავის უყვარს ტანჯვა და მე რომ მკითხო, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა ნეტარებაა, სიხარული, სიმშვიდე, უტკივილობა და უტანჯველობა... თუკი ჩვენ გავიაზრებთ ტანჯვას და გავუგებთ, უკვე გავამართლებთ ღმერთს ამ ტანჯვისთვის. მაგრამ, როდესაც ადამიანმა არ იცის, რატომ იტანჯება, ის მწარდება, რადგან ვერ იგებს, რატომ ემართება ის, რაც ემართება. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ტანჯვა კი არ ტანჯავს, არამედ ტანჯვის მიუღებლობა, ხოლო, თუ ჩაუკვირდება, მიხვდება, რომ ის, რაც ტანჯვას მოჰყვება, გადაწონის. ამიტომაც უხაროდათ წმიდა მამებს ტანჯვა და არა იმის გამო, რომ ტკივილი მოსწონდათ. როგორც კი მივხვდებით, რატომ გვაცოდვილებს ყოვლისშემძლე და ყოვლად მოწყალე ღმერთი, იობის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რაც იობში მოხდა, უნივერსალური ნიმუშია, კლასიკური მაგალითია. იობი ათ შვილს დაკარგავს ერთ დღეს, სხეული იმდენად უწყლულდება და უყარს, რომ ახლოს ვერ ეკარებიან. მას უჭირს პასუხის გაცემა იმაზე, რაც დაემართა; მას არ შეუძლია, მიიღოს ისეთი ღმერთი, რომელიც ისე მოქმედებს შენზე, რომ საერთოდ არაფერს გეკითხება და იძულებული ხარ, რომ მაინც გაამართლო. გახსოვთ, რომ იობის მეგობრები ღმერთს ამართლებენ და იობიც ამბობს, მე ვიცი, რომ ღმერთი მართალია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, რაც დაემართა, ღმერთმა ეს მისთვის ამ ეტაპზე უცნობი უდიდესი სიკეთისთვის დაუშვა, მაინც უნდა იცოდეს, თუ რა სიკეთეა ეს. მას უნდა, მიხვდეს, რა ხდება, რას ასცდა ამ სატანჯველით და ეს რა შედეგს გამოიღებს. შესაბამისად, როდესაც ღმერთი იობს 50 კითხვას უსვამს, იობისთვის ღმერთი უკვე არ არის მასზე გარედან სტიქიურად მოქმედი ძალა, რომელიც არაფერს ეკითხება და, ბოლოს, იობი ამბობს, აქამდე შენზე შორიდან მესმოდა, ამიტომ ბევრს ვლაპარაკობდი, ახლა კი პირისპირ გიხილე, ბაგეზე ხელს ვიდებ და ვდუმდებიო. რას ნიშნავს „შორიდან მესმოდა“?! იმას, რომ ჩვენ ვიცით, ღმერთი მართალია; თუ ახლობელი მოგიკვდა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. დიახ, მე შეიძლება, ამას დავეთანხმო, მაგრამ რაღაც მაინც აკლია, იმიტომ რომ ჩემს გულში უნდა მოვიდეს ამ ტანჯვის გაგება და ამის მერე მას უკვე ძალიან თავისუფლად გადავიტან. ვარდს რომ გასრეს, სურნელი გამოიფრქვევა, საკმევლის წვა ნელსურნელების წყაროა, ყურძენს რომ დაჭყლეტ, ღვინო გამოიწურება, ანუ ადამიანი, რომელიც თავის თავს მინდობილი ცხოვრობს, აგროვებს წიდს, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს. მაგალითად, ადამიანს, რომელიც უსისტემოდ ჭამს და სვამს, სხეული უუძლურდება და საჭირო ხდება ქირურგის სკალპელი, აკრძალვები, მტკივნეული პროცედურები, რომ გამოჯანმრთელდეს, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს თავს დაიტეხა თავად ადამიანის მიშვებულმა ცხოვრებამ და მეორე – ეს არ არის სასჯელი ან პირდაპირი გაგებით, შურისძიება, არამედ ეს მწარე შეხება პირდაპირპროპორციულია იმ გადაცდომის, რაც ადამიანმა დაუშვა და რითიც დაიუძლურა სხეული. ამდენად, ის ტანჯვა, რასაც მკურნალობისას განიცდის, ადამიანისთვის სასიკეთეოა, რომ გაათავისუფლოს იმისგან, რაც თავს დაიტეხა მიშვებულობით, რათა შემდგომ უკვე თავს გაუფრთხილდეს. ცოდვაც ასეა, სამოთხის დაკარგვის შემდეგ ადამიანს, რომელიც თავის თავზე მინდობით ქმნის ცხოვრებას, თანდათან უმძიმდება მდგომარეობა, უკუშედეგები უგროვდება სამყაროსთან ჭიდილში; რაკი სიკეთისა და ბოროტების განმრჩევლობის უნარი არ აქვს, სამყაროს დარტყმების ქვეშ ექცევა, საკუთარი სხეულის უძლურობები, ომები, ადამიანებთან ურთიერთობა რომ გადაიტანოს. შესაბამისად, ამისგან რომ გათავისუფლდეს, დამატებით ენერგიებს ხარჯავს და გონს რომ მოვიდეს, აუცილებლად უნდა იწვნიოს უკუშედეგი. ტანჯვები მის თავზე მოდის, როგორც მასწავლებელი, როგორც გამწმენდი საშუალებები, როგორც მისი დამაბრუნებელი იმ მდგომარეობაში, რომელსაც თანდათან გადასცდა და ეს ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებაა. დავუკვირდეთ სიტყვას – გვემართება! რა არის მართი? სწორი! იმის გამო, რომ სიმრუდეში ვართ, ანუ გადავცდით ღმერთის სიმართლეს, უკვე ღმერთის სიმართლე მოდის – ანუ გვემართება, რომ გაგვასწოროს და რადგან სიმრუდეში ვიყავით, ნორმაში დაბრუნება ტკივილს იწვევს. იმდენად არანორმალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით ცოდვით დაცემის შემდეგ, რომ ის, რაც არანორმალურია, ნორმად გაგვიხდა და შედეგად მივიღეთ დამძიმებული ცხოვრება, რომელსაც უარესისკენ მივყავართ, ამიტომ განგება უკვე დაგვმართებს, რითაც თავის სისწორეს გვაჩვენებს, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ჩვენ კი გვგონია, რომ ღმერთი გვტანჯავს, მაგრამ ბიბლიაში წერია: შენმა უგუნურებამ დაგმართა, რაც გჭირს და ისე მწარეა, ძვლებამდე გიწიაო. და რატომ არის დაშვებული ეს სიმწარე? იმისთვის, რომ ადამიანი სრულად არ გადაგვარდეს ღმერთისგან, თავისი ცნობიერებით იმდენად არ გადაგვარდეს, რომ მერე საერთოდ ვერ მოვიდეს გონს. ამიტომაც დამცავი ზღუდეებია. მათთან მიახლოება მტკივნეულად იჩენს თავს და ისინი აჩერებენ ჩვენს ამ დეგრადირებას. და რატომ გვტკივა?! იმიტომ რომ გონება ვერ გამოვიყენეთ, ის გულმა და ხორცმა ჩაითრია. ვნება და ცოდვისადმი მიდრეკილება იმდენად გაძლიერდა, რომ გონებაც ჩათრეულია და გულიც, ამიტომ სხვა არაფერი დარჩა, გარდა ფიზიკური ზემოქმედებისა. სიტყვა, შეგონება აღარ ჭრის, ამიტომ ეს ტკივილი, რაც არაბუნებრივია, ადამიანს, როგორც ცხოველს, ტყავზე ურტყამს და ამით აიძულებს, გასწორდეს. როგორც კბილის ტკივილი გაიძულებს, მიხვიდე ექიმთან, თუმცა შეიძლება, ძალიანაც არ გინდოდეს მისვლა, რადგან ნებით არ ვასწორებთ და ვნებამ დაგვიმორჩილა ისე, რომ არც სიტყვას ვუჯერებთ და არც ცნებებს, მაშინ უკვე ტკივილი ამოქმედდება, როგორც ჩვენივე დამცავი საშუალება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი