რელიგია

რატომ არ არის ადვილი მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ცნობა და როგორ ქრება ის თვალსაწიერიდან მაშინვე, როგორც კი იცნობ

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.06, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

უცნაურია, რომ აღდგომის შემდეგ მოწაფეებმაც კი ვერ იცნეს ქრისტე. რატომ ვერ იცნეს თავდაპირველად უახლოესმა ადამიანებმაც კი მკვდრეთით აღმდგარი ჩვენი მაცხოვარი ან რით იცნეს შემდეგ? – ამ თემაზე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა საიდუმლო იმალება აღმდგარი მაცხოვრის ვერცნობაში?

– ქრისტეს ცნობა დამოკიდებულია ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე. ვინ არის ქრისტე? ერთი მხრივ, ისტორიული პიროვნება, რაც ჩვენ ვიცით დოგმატურადაც და „სახარებიდანაც“, მაგრამ ამაღლებული, ანუ საბოლოო სახით, ქრისტე არის ჩემი შინაგანი არსი, რომელიც სამოთხეში დავტოვე და მე ვარ ის, რომლის არსიც გადაფარულია ცოდვით. შესაბამისად, ჩვენ განვსხვავდებით დავიწყების, გადაფარვის ხარისხებით და კულტურებისა და რელიგიების მრავალგვარობაც გამოწვეულია იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ჩვენი არსი გადაიფარა ცოდვით მატერიაში შემოსვლის შემდეგ; ეს მრავალგვარობა, საბოლოოდ, მიდის ყველა ამ საფარველის მოძრობისკენ და ქრისტეში ყველა საბურველი: კულტურული, გენეტიკური, ტრადიციული, აღმზრდელობითი, რაც კი არსებობს, ჩამოიხსნა. ეს მრავალგვარობა იმ ერთის გადაფარვით შეიქმნა; ის ერთი აღდგა და მივიღეთ მაცხოვარი, ანუ მე ჩემი არსი ვიხილე! მაგრამ არ არის ადვილი, რომ ჩემი თავი ვიცნო ქრისტეში, იმიტომ რომ ამას ეწინააღმდეგება ის, რაც ჩემში ამ წუთისოფელმა შემოიტანა – გაუცხოება, შიში, ეჭვი, არსებობს კი ღმერთი საერთოდ?! გვითხრეს, ჩვენ ვართ შენი მშობლები; რომ სამოთხე, ანუ თავდაპირველი არსი არ გაგაჩნია, მატერია ხარ. ამდენად, როდესაც ქრისტე მოვიდა, შეგვეშინდა: ერთი მხრივ, გვიზიდავს, ვინაიდან ქრისტეში ჩვენი სული იღვიძებს და უნდა, რომ მას მიეწებოს, მაგრამ ჩვენს მეორე ბუნებას, ანუ ტვინს, რომელსაც დატყვევებული ვყავართ, არ უნდა და არც გვიშვებს მასთან; გვეუბნება, რომ ეს სიგიჟეა, ტყუილია. აღდგა ქრისტე, აღდგომის მოწმეები არიან - ლოდი, რომელიც თავად მიაგორეს, დაბეჭდეს, დაცვა დააყენეს, გადაგორდა, მაგრამ, ჯერ დაცვას ეუბნებიან, ფულს მოგცემთ და არავის უთხრათ, რაც მოხდაო, შემდეგ ხმას ავრცელებენ, მოწაფეებმა მოიპარეს ქრისტეს ნეშტიო – სად არის ღვთის შიში?! იმიტომ რომ რწმენა გარედან არ მოდის, ეს საიდუმლოა და შიგნით მწიფდება. ამიტომაა, რომ ქრისტეს ვერ იცნობ სასწაულებით: ლაზარე აღადგინა, ზოგმა ირწმუნა, მაგრამ ელიტამ თათბირი გამართა. რატომ? იმიტომ რომ არ იყო მათთვის ხელსაყრელი ამის დაჯერება, ხოლო, როდესაც შენთვის რამე ხელსაყრელი არ არის, უამრავ მიზეზს გამონახავ გასამართლებლად; ლაზარე მოვკლათ, თორემ ავტორიტეტს დავკარგავთ, ყველა ქრისტეს გაჰყვება, რომაელები კი მოვლენ და დაგვიპყრობენო; ქრისტეს მოკვლაც კი განიზრახეს. აბა, სადაა რწმენა?! მეტიც, ქრისტეს მოწაფეებსაც კი იგივე ემართებათ. პეტრე ხომ აღიარებს, შენ ხარ ძე ღვთისაო – მან ეს სულიწმიდის ზემოქმედებით ირწმუნა და ქრისტეც ხომ ეუბნება: ნეტარ ხარ შენ, პეტრე, რომ სისხლმა და ხორცმა კი არ გაგიცხადა შენ ეს, არამედ მამის სულმაო – მაგრამ იგივე პეტრე მეორე წამს, როდესაც ქრისტე ამბობს, ჯვარზე გამაკრავენ იერუსალიმში და შემდეგ აღვდგებიო, გაიხმობს იესოს და ეუბნება, უფალო, შეიბრალე შენი თავიო. პეტრეს რეაქცია ადამიანურია, მაგრამ ქრისტე მაშინვე ეუბნება: სატანავ, გამშორდი, კაცებრივ ზრახავო. ანუ ის, რაც პეტრემ წამიერი განათებით აღიარა – შენ ხარ ძე ღვთისაო – მის გულსაც რომ ერწმუნა, უამრავი სირთულე გაიარა. ჯვარცმამდეც უჭირდათ მისი ცნობა, არათუ აღდგომის შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანი დეგრადირდა! მთლიანად მიეცა წუთისოფელს... მართალია, ირწმუნეს ქრისტესი და უხაროდათ, მაგრამ გულს დაჯერება რომ უნდა?! ვიმეორებ – ადამიანის სული ცოცხალია, მაგრამ სხეულს იმდენად დაემონა, რომ უჭირს ქრისტეს ცნობა, რომელიც აღდგა ამ შიშებისა და ეჭვებისგან შექმნილი ადამიანური ბუნებიდან და შედგა. მოწაფეებსაც კი არ სჯეროდათ, ამიტომ, რომ დააჯეროს აღდგომაში, ქრისტე ეუბნება, სულს არ ხედავთო, ჩემი სხეულიაო და იძულებულია, მოითხოვოს პური და თევზი. ზღვაზე თევზჭერის დროსაც ეცხადება მოწაფეებს და იქაც ეჭვით უყურებენ. ამაღლების წინ უსაყვედურა კიდეც მათ. ქრისტეს ვერცნობის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ბოლომდე დაეცა, სიკვდილის შიშმა, მატერიასთან თავისი თავის გაიგივებამ მთლიანად გადაფარა. მაგრამ აი, მოდის ქრისტე, ჩვენი სუფთა არსი, გაწმენდილი, ისეთი, როგორიც სამოთხეში ვიყავით, რა თქმა უნდა, გვიზიდავს და მიიზიდა კიდეც მოწაფეები – ჯერ 12, შემდეგ – 70, 500, უამრავი ხალხი დაჰყვებოდა, მაგრამ რა მოხდა შემდეგ?! ქრისტემ ისინი ჯერ გამოიტყუა თავისი მოძღვრებით, სასწაულებით – დიახ, ასეთი ქრისტეს მიყოლა ადვილია, იერუსალიმში „ოსანას“ შეძახილით ხვდება ხალხი, მაგრამ ამის შემდეგ იწყება გაცხრილვა, ყველაზე დიდი გამოცდა: როდესაც ქრისტე გამოდის თავისი ძველი სხეულიდან, რომ ეს ქვეყანა დატოვოს, ჯვარზე გაეკრას და მამასთან წავიდეს. ამბობს ქრისტე: მე, ანუ ძველ, ადამის სხეულს, გამაკრავენ ჯვარზე და არ შეგეშინდეთ, ძველი მოგშორდებათ და მე აღვსდგებიო. ვერ წვდებიან ისინი ქრისტეს სიტყვებს, მაგრამ ქრისტე მაინც აკეთებს ამას და მის მოწაფეებშიც კი მხოლოდ სულიწმიდის გადმოსვლისას, ქრისტეს აღდგომიდან 41-ე დღეს შემოვიდა რწმენა. მარიამ მაგდალინელს რომ ეცხადება, ჯერ მებაღე ეგონა და სიტყვა რომ უთხრა – მარიამო, მიხვდა და გაეშურა მაცხოვრისკენ. იგივე დაემართა ემაუსის გზაზე დამდგარ ქრისტეს შეჭირვებულ მოწაფეებს: იერუსალიმში სამ წელს ქრისტეს მოწაფეები იყვნენ, მისი დიდება და პატივი ნახეს, მაგრამ ამ დროს იესო ჯვარზე გააკრეს, დამარხეს და გაორებულები არიან. რა ქნან, რა იფიქრონ. არ იციან, იყო თუ არა იესო მესია?! სწორედ იქ დაემგზავრა მათ მაცხოვარი, რაც ნიშანდობლივია – იესო დაგვემგზავრება, თუკი ჩვენი აზრები და ფიქრები მიმართული იქნება იქითკენ, თუ რა მოხდა; დიდი ტკივილით, ფიქრებითა და ეჭვებით უნდა მივიდეთ სრულ სიცხადემდე. აი, ამის სიმბოლოა ემაუსის გზა. სხვათა შორის, „ემაუსი“ ნიშნავს ზრახვათა ადგილს. ანუ ეს მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდება არ არის, ეს მდგომარეობაა, წერია კიდეც, ზრახვასა და გამოძიებაში იყვნენო. ქრისტესა და შენ შორის უამრავი ხერგილია, უამრავი საშიში მოსახვევია, მხეცები, ნადირები, საეჭვო არსებები ფუთფუთებენ და თუ არ გეყოფა რწმენა, გაბედულება და მიზიდულობა, მასთან ვერ მიხვალ. ჯერ ვერ ცნობენ მოწაფეები ქრისტეს, მაგრამ, რომ უსმენენ, თანდათან უნათდებათ და, ბოლოს, სახლში რომ შეიპატიჟეს და იესომ პური გატეხა, იცნეს! და წერია: ქრისტე გაქრა მათი თვალსაწიერიდან! რას ნიშნავს გაქრა? ანუ გარეთ აღარ არის, გულში შემოვიდა. სანამ სრული მინდობა და შეცნობა არ გვაქვს, მანამდე ქრისტე გარეთაა. სადაც მანძილია, იქაა გაურკვევლობა, შიშები და ეჭვები, მაგრამ, როდესაც აღწევ შეცნობის ისეთ სიცხადეს, რასაც ქრისტეს მოწაფეებმა მიაღწიეს და იცნეს ის, გარეთ არაფერი აღარაა, გულშია სიხარული! თუ ჩვენი მიზიდულობა ქრისტესკენ, დიდი სიცოცხლისკენ, სიხარულისკენ გადააჭარბებს ყველა იმ უარყოფით ძალებს, რომლებითაც სავსეა ჩემი დაცემული ბუნება, მივაღწევ გაცნობიერების ხარისხს, როდესაც მე და უფალი ერთნი ვიქნებით, ჩვენ შორის ვეღარაფერი ჩადგება და სამოთხეს მარადიულად დავიბრუნებ. აი, რისკენ მიდის ჩვენი გზა, ოღონდ ეს გზა გადის ჯვარცმაზე, რომ ტკივილებით მოვიცილოთ ყველაფერი ის, რაც ხელს გვიშლის და გვაშორებს უფლისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი