რელიგია

რატომ არ აქვს ქრისტიანს არაფრის უფლება, გარდა იმისა, რომ არ გადაითელოს, განიკითხოს და თავის თავზე აიღოს სხვების ცოდვები

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.03, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა, თუ მრევლი არ არის, ქრისტიანია, ეს ხელს არ უშლის არც ერთ მხარეს, რომ სრულიად არაქრისტიანულად მოექცეს მას, ვისაც მისგან განსხვავებული პოლიტიკური ან არაპოლიტიკური მოსაზრებები აქვს. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი ისეთ დროს, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თუ ასეთ კრიტიკულ ვითარებაშიც კი არ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რწმენა, როგორც ფარი, მაშინ რა ფასი აქვს ჩვენს რწმენას?

– პრობლემა ისაა, რომ ღმერთის რწმენა გაიგივებულია სიტყვიერ აღიარებასთან, რომ ღმერთი არსებობს. ამდენად, შეუძლებელია, ვთქვათ, მოიქცევა თუ არა მორწმუნე ადამიანი ისე, როგორც დღეს ვიქცევით, იმიტომ რომ რწმენა და ამგვარი ქცევა შეუთავსებელია. უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, უნდა იქცეოდნენ თუ არა ასე ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ხოლო განსაცდელებს განგება უშვებს იმისთვის, რომ მოხდეს ნამდვილისა და ყალბის, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ლუსტრაცია, რათა ჩენჩო გაიცხრილოს. ნამდვილი მორწმუნე ჩანს საქმით, ვინაიდან კეთილი ხე ბოროტ ნაყოფს ვერ გამოიღებს და ვერც ცუდი ხე – კარგ ნაყოფსო. უფალი პირდაპირ მიუთითებს საქმეზე, ამდენად, რაც ხდება, იმის გამოვლინებაა, რომ ჩვენ მორწმუნეები არ ვართ. ეს არის ყალბი რელიგიურობა, რადგან ნამდვილი რწმენაა ღმერთთან კავშირი და არა ღმერთთან კავშირის აღიარება. ეს უფრო მეცნიერის საქმეა. ეს მეცნიერმა შეიძლება, თქვას, ღმერთი არსებობსო და ამის მტკიცებულებები მოიტანოს. ხოლო მწამს ნიშნავს, რომ ვიქცევი ისე, როგორც ღმერთი ამბობს. „მწამს“ სიტყვის სინონიმია „მჯერა“. რას ნიშნავს, მე მჯერა შენი ან როდესაც ბავშვს ეუბნებიან, დაუჯერე მასწავლებელს?!

– მოიქეცი ისე, როგორც მასწავლებელმა გითხრა.

– შესაბამისად, ღმერთის რწმენა არ ნიშნავს, ვთქვა, რომ ღმერთი არსებობს, ეშმაკებსაც სწამთ და შიშით კვდებიანო, წერია „სახარებაში“, ამიტომაა რწმენა საქმის გარეშე მკვდარი. მორწმუნე ნიშნავს, რომ უჯერებს ღვთის სიტყვას, მაგრამ, თუ ეს ქცევით არ გამოვლინდება, ესე იგი, შენ არ გწამს, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. ასე რომ, რაც უნდა ლამაზად ილაპარაკო, შედეგი არ არის. გავიხსენოთ, რა ხდებოდა ქრისტეს დროს: ქრისტე მოდის, როგორც ჭეშმარიტება, მაგრამ ვინ უარყოფს მას? არა ბრბო და უგუნური მასა, არამედ განათლებულად მიჩნეული ფენა; რელიგიური ლიდერები, ფარისევლები, მწიგნობრები, პოლიტიკური ელიტა... ისინი, რომლებიც მოსეს სკამზე ისხდნენ, რჯულის მდებლები იყვნენ; სწორედ მათთვის ხდება ქრისტე დაბრკოლება და უარყოფენ. რატომ? იმიტომ რომ ქრისტემ გააკეთა ლუსტრაცია, ანუ გამოავლინა სიყალბე. ქრისტეში სიტყვა და საქმე გამთლიანებულია, ხოლო, როდესაც სიტყვა და საქმე ერთია, ეს უკვე ყალბი რელიგიურობის მამხილებელია. არადა, როდესაც სიტყვაა დომინანტი, ანუ მიღებულია სიყალბე, ლაპარაკი, რიტუალური მხარე, იერარქიულობა, ნორმები, ეს მკვდარი რწმენაა და როდესაც ნამდვილი მოდის, ყალბი იმხილება. წესით, რაც დღეს ხდება საქართველოში, ის მდგომარეობაა, როდესაც ყველახე მეტად უნდა გამოგვევლინა, ვართ თუ არა ქრისტიანები. ამდენად, კარგი ის არის, პირობითად, კარგი, რომ, თუკი აქამდე ცოტა ეჭვი მაინც გვქონდა და იმედი, რომ რელიგიურები ვართ, სრული მხილებაა, რომ ჩვენთან ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რელიგიურობის მხრივ, როგორიც ქრისტეს მოსვლის დროს იყო. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რომ ამდენი და ამდენი ათასი ეკლესია გვაქვს. რომ ამდენი და ამდენი ათასი მღვდელმსახური გვყავს, ამდენი და ამდენი მილიონი მორწმუნე ვართ, რომ ერთადერთი მადლი ჩვენშია. ქრისტე ამბობს, თუ სიტყვები არის, მაგრამ ნაყოფი არ არის, ეს სიყალბეა და სად გვაქვს ნაყოფი?! სოციალურ ქსელზე არაფერს ვამბობ, უბრალოდ, არ შეგვიძლია სხვისი აზრის მოსმენა, არაფერი რომ არ ვთქვათ დაბუდებულსა და გამოვლენილ ბოღმაზე, სიძულვილზე... ახლა ავხსნათ, რატომაა ეს მაინც კარგი: რომელი ჯობია, ადამიანი რეალურად ავადმყოფი იყოს ბოლო სტადიის სიმსივნით, მაგრამ სჯეროდეს, რომ კარგად არის და ექიმები მატყუებენო, თუ დაინახოს, რომ ბოლო სტადიის უმძიმესი დაავადება აქვს?! ცხადია, ორივე ცუდია, მაგრამ პირველი უარესია, იმიტომ რომ პირველის დროს არხეინად ხარ. გგონია, არაფერი გჭირს და ამ დროს მომაკვდავი ხარ. ისევ ჯობია, სიმართლე იცოდე. ბოლო პერიოდის განმავლობაში გვიმატებს და გვიმატებს შემოქმედი განსაცდელებს და თუკი აქამდე ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ ჩვენ მართლაც რელიგიური ერი ვიყავით, ეს ილუზიაც ირღვევა. თურმე, ეს არ არის რწმენა. რწმენა ვლინდება ურთიერთობებით. დიახ, შენ ამბობ, რომ ღმერთი მწამსო, მაგრამ როგორ გწამს, ანუ გიყვარს ღმერთი, ვისაც ვერ ხედავ, თუ არ გიყვარს ადამიანი, ვისაც ხედავ?! აი, ესაა ტესტი. ამიტომ ამბობს ქრისტე, ნუ უსმენ სიტყვებს, უყურე საქმეებს! ამ შემთხვევაში, ადამიანების მორწმუნეებად და ათეისტებაც დაყოფაც პირობითია. შეიძლება, ადამიანი ამბობდეს, ათეისტი ვარო, შესაბამისად, არაფერს მოელი მისგან, მაგრამ შეიძლება, თავისი პრინციპები აქვს და ყოველ შემთხვევაში, არ გატყუებს, არ თვალთმაქცობს. სხვათა შორის, სიტყვა „თვალთმაქცი“ ნიშნავს დამალულს, ნიღაბს, რაც ნამდვილ სახეს არ ავლენს, ანუ ყალბი სახითაა გამოვლენილი; ის არ არის, რაც გარედან ჩანს. გავიხსენოთ, რა სიტყვები ითქმება ერთმანეთის მიმართ და არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ, თუნდაც, პუტინის მიმართ იყოს?! არადა ებრაელები კეთრით ისჯებოდნენ ავსიტყვაობის გამო და, საერთოდაც, სიტყვით იწყება ყველაფერი: რას ნიშნავს „ღმერთმა თქვა და იქმნა?!“ რომ სიტყვა და საქმე ერთია. ადამიანი ვლინდება იმით, რაც მისი პირიდან გამოდის. პირდაპირ ამბობს ქრისტე: რაც პირიდან გამოდის, ის ბილწავს ადამიანსო... იაკობ მოციქული წერს, განა ერთი წყალისთვალიდან ერთდროულად ამოაქვთ მლაშე და ტკბილი წყალი?!“ ანუ რატომ ამოდის თქვენი ერთი ბაგიდან კურთხევაც და წყევლაც?! არადა ამის ეპიდემიაა ჩვენთან. ასე რომ, კარგია, რომ უკვე აშკარაა, რაც გვჭირს. თუმცა ასეთ დროს მტრების ძიება იწყება გარეთ: ევროპა, ამერიკა, რუსეთი, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“... როდესაც ასეთ დღეში ვართ, ლაპარაკი უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ერთ ნავში ვსხედვართ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა, აი, ვინ ძირავს ამ ნავსო, ყველას ჩაგვძირავს! ამიტომ აქ გონს უნდა მოვიდეთ! კი არ უნდა განვიკითხოთ ერთმანეთი, არამედ ერთად შევეშველოთ ნავს, იმიტომ რომ ყველანი დავიღუპებით, თუკი არ მოვინანიებთ, ვინაიდან პრობლემა ჩვენშია, ჩვენი სხეული ბოლომდეა დამპალი, ნახე, რას ვგავართ?! სანამ შენს თავს არ გააიგივებ მასთან, ვინც ცუდი გგონია, ის სიცუდე შენც დაგღუპავს, იმიტომ რომ ერთად ვართ ყველა, ერთი საქართველოა! ჩვენ იმიტომ არ ვართ ქრისტიანები, რომ თქვათ, აი, ვიღუპებით; აი, ახალგაზრდობა გაირყვნა. ეს შეიძლება, თქვას ექიმმა, ანუ დასვას დიაგნოზი. მაგრამ შენ ხომ მეტის შესაძლებლობა გაქვს?! ნუთუ მთელი მართლმადიდებლობა ისაა, რომ მე კარგი ვარ და ისინი ცუდები არიან?! რომ ვიღაცები სცოდავენ, ცუდები არიან და ამიტომ ჩვენ, კარგებიც, ვიღუპებით?! მეტი არაფერია რწმენა?! სად არის ჯვარცმული სიყვარული და სხვისი ცოდვების საკუთარ თავზე აღება და ამით გასუფთავება?! ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია და იმისთვისაა, რომ ნაგავი, რომელიც დროდადრო გროვდება, მუდმივად გაასუფთაოს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ქრისტემ. ამდენად, ქრისტიანს არაფრის უფლება არ აქვს, იმას გარდა, რომ ითელებოდეს და კი არ განიკითხოს, არამედ მუდმივად უდრტვინველად ასუფთავებდეს სხვის ნაგავს, მაშინ, როდესაც ჩვენ დედაბრებივით ვქაქანებთ, ვიწყევლებდით და ეს გვგონია ქრისტიანობა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი