რელიგია

რას ნიშნავს ქრისტიანისთვის ახალი წელი და რატომ იქცა გაუაზრებელ რიტუალად წელიწადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.01, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ახალი წელი აუცილებლად ახლისა და წინა წელზე უკეთესის მომტანია, რაც, ძირითადად, იმის დამსახურება გვგონია, თუ რამდენად ზედმიწევნით დავიცავთ მისი შეხვედრის წესებს. ჩემი დაკვირვებით, ახალ წელს საერთოდაც არ ვუკავშირებთ ჩვენს სარწმუნოებას. რას ნიშნავს ახალი წელი ქრისტიანისთვის და შეძლებს თუ არა თავისთავად წელი კარგობას ადამიანის ძალისხმევის გარეშე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

  

მამა გურამი: ცხოვრება ღვთის მიერ შექმნილი ადამიანისთვის, როგორც სულიერი არსებისთვის, რომელიც მოდის იმ თავდაპირველი მდგომარეობიდან და შექმნილია ამ სამყაროს ასათვისებლად და შემდეგ ისევ ღმერთთან დასაბრუნებლად, მთავარია მიხვედრა, ანუ გონს მოსვლა – მიხვდი, ანუ მიხვედი იქამდე?! სანამ არ მიხვდები, გზაში ხარ და აი, ამისთვის გვჭირდება ყოველი ახალი წელი: ეს არის ასპარეზი საიმისოდ, თუ რას უნდა მივხვდეთ იმ ახალ წელს, რომელიც მოდის და რას მივხვდით და რა გავიაზრეთ ძველ წელიწადში, რომელიც დამთავრდა. ალალბედზე კი არ ველოდები სამყაროსგან რაღაცას, რომ აი, წინა წელი ცუდი იყო, მაგრამ ახალი აუცილებლად მომიტანს სიხარულს, არამედ მეც ვმოქმედებ. ახალი წელი არაფერს მოგიტანს, თუ თავად არ ჩაერთვები და ამ წლებს არ გამოიყენებ იმისთვის, რომ გაიზარდო და უფრო მეტ რამეს მიხვდე, ვიდრე წინა წელს მიხვდი და აი, ასე თანდათან, წლიდან წლამდე, მიხვდომით, რწმენიდან რწმენამდე უნდა ავიდეთ სრულ ხედვამდე, რომ ერთ დღესაც წელთა მონაცვლეობა, დრო-ჟამი ისე ჩამოიშალოს და ისე მივხვდეთ, რაც მისახვედრია, რომ შემდეგი მიხვედრები საჭირო არ იყოს. მანამდე კი მივდივართ დღისა და ღამის, წლის წლით მონაცვლეობით.

გავიხსენოთ სამყაროს შექმნის პროცესი, უფრო ზუსტად, პირველი დღე – იყო საღამო და იყო დილა. არადა თითქოს პარადოქსია, რატომ იწყება ახალი დღე საღამოდან და ამის შემდეგ მოდის დილა?! იმიტომ რომ თავდაპირველად არის კითხვა, გაურკვევლობა, ქაოსი, სიბნელე და ამის მერე მოდის სიცხადე, ანუ დილა. პირველ დღეს სამყარო იყო დაულაგებელი და მოუწესრიგებელი და რა სამყარო იგულისხმება?! ფიზიკური?! რა თქმა უნდა – არა! ბიბლიას საერთოდ არ აინტერესებს ფიზიკური სამყარო. ეს არის ჩემ მიერ სამყაროს ქაოსური ხედვა. პავლე მოციქულიც ამას მიგვანიშნებს, როდესაც ამბობს, ღმერთმა, რომელმაც თქვა, იყოს ნათელი ბნელიდან, გაანათა ჩვენი გულები, რათა აგვავსოს ქრისტეს ნათლის შემეცნებით. ხედავთ – რა ყოფილა მთავარი? ჩვენი სიბნელე ნათდება და შესაბამისად, რისკენ მიდის წელთა მონაცვლეობა? დაგვისვამს ეს კითხვა?!

– მე ადრე დიდად არც მესმოდა, რატომ უნდა გამხარებოდა ან ახალი წელი, ან საკუთარი დაბადების დღე, როდესაც დრო მაკლდებოდა.

– დიახ, თუმცა წლები გაკლდება, მაგრამ, მთავარია, რომ ხარ გზაზე. რით მთავრდება ეს ყველაფერი?! ადამიანი არ სვამს ამ კითხვას: უხარია ახალი წელი, საცივი, გოზინაყი, ბათქა-ბუთქი, ანუ იქცევა ბავშვივით, რომელსაც არ აინტერესებს, რა რატომ ხდება, უბრალოდ, უხარია. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გავიზარდოთ და ყოველი წელი არის იმის გასააზრებელი, სად დავასრულე ძველი წელი, სად ვდგავარ, ანუ იმ ერთი დიადის შეცნობის გზის რა მონაკვეთში ვიმყოფები. ჩვენ ხომ სამოთხიდან მოვდივართ და ისევ სამოთხეში უნდა დავბრუნდეთ?! საავადმყოფოში რომ მოხვდება ადამიანი, ის უგონოდაა და რით ადგენს ექიმი, რომ გონზე მოვიდა? კითხვებს უსვამს: ვინ ხარ, ახლა სად იმყოფები, რა დღეა დღეს?! ანუ ცდილობს, გაარკვიოს, აქ არის თუ არა ადამიანი. ესე იგი, გონი რაა? ხსოვნა. უგონო მდგომარეობაში ყოფნა კი ისაა, როცა არაფერი გახსოვს. ჩვენ აი, ამ უგონო მდგომარეობაში ჩაკარგულები უნდა მივდიოდეთ გონიერებისკენ, სრული სიცხადისკენ. იქ რომ მივალ, რას ვიტყვი – ვინ ვარ?! სრულად გონს მოსვლა ნიშნავს იმას, როდესაც ვიტყვი: მე ვარ! ჯერჯერობით ჩვენ ვამბობთ: მე ვარ ქართველი, მამაკაცი, ქალი, ამდენი და ამდენი წლის, ამა და ამ პროფესიის, მამა, დედა, ბიძა, ბაბუა და ამასთან ვაიგივებთ თავს, მაგრამ ამის მიღმა – მე ვადგავარ გზას, რომელიც მიმიყვანს ქრისტეს, აი, ამ მდგომარეობამდე: მე ვარ!

ამდენად, თითოეული ახალი წელი მაახლოებს ამ შეგნებას და, შესაბამისად, მე ვჩერდები ძველი წლის ბოლოსა და ახალი წლის შესაყართან და ვაკვირდები, საით მივდიოდი, რას მივაღწიე, მოვედი თუ არა გონს და დავუახლოვდი თუ არა იმ ნათელს, რომ, როდესაც საბოლოოდ მოვა ჟამი, როდესაც დრო ჩამოიყრება, აღარ დაგვჭირდება დღეები და წლები, რადგან არაფერია, რაც იწყება და არ დასრულდება. ამიტომაა, რომ ებრაელები ახალი წლის ათვლას იწყებენ შექმნის დღიდან და ამით უპირისპირდებიან სამყაროს სტიქიურად აღმქმელებს, რომლებიც ამბობენ, რომ არსაიდან მოვდივართ, სამყარო ატომების უსასრულო კონგლომერატია, მიდის უსასრულობისკენ და წლებს აზრი არ აქვს. ებრაელები ათვლას იწყებენ შექმნიდან, ვინაიდან მივდივართ დასასრულისკენ. დასრულება კი რას ნიშნავს? სისრულის მიღწევას! ისევე, როგორც მდინარე მიდის დასრულებისკენ: საბოლოოდ, შეერთვება ზღვას ან ოკეანეს; ისევე, როგორც ნაყოფი იზრდება, რომ დამწიფდეს. ანუ სამყაროში ყველაფერი ამ პრინციპს ემორჩილება. ებრაელებს ეს კარგად აქვთ გააზრებული. ახალ წელს უწოდებენ „როშაშანას“, ამ დღეს, მათი გაგებით, აღსრულდება უფლის სამართალი – რაც ადამიანმა დააშავა მთელი წლის განმავლობაში, რა ცოდვებიც დააგროვა, ამის გამო უნდა გასამართლდეს და ახალ წლამდე ათი დღის განმავლობაში, რასაც ებრაულად ეწოდება „იომ კიპური“, შიშითა და ცახცახით ცდილობს, გამოისყიდოს ცოდვები და უფალს გამოსთხოვოს წყალობა. აი, მეათე დღე კი, უკვე არის საყოველთაო მიტევების დღე, რითაც მთავრდება ძველი წელი, ძველი ცოდვები გამოსყიდულია, ოღონდ ეს არ არის უბრალოდ გარეგნული მონანიება, ეს არის სიღრმისეული განცდა.

განახლებული ადამიანი ახალ წელს იწყებს სვლას სიცხადისკენ და ამას ზეიმობს. აბა, შევადაროთ ახლა ჩვენი ახალი წელი?! რას ვზეიმობთ, კაციშვილმა არ იცის, გაცნობიერება არ არის, არადა ქრისტიანობა არის გაცნობიერების რელიგია, ეს არ არის რიტუალები და გაუკვეველი რაღაცების მსახურება. პირიქით, წლის მიწურულს საფუძვლიანად უნდა ვჩხრიკოთ ჩვენი საქციელები, რომ ახალი წლის დღეს სამსჯავროს ცეცხლს მიეცეს და რა არის სამსჯავროს ცეცხლი? საკუთარი ჭვრეტით, საკუთარი აღიარებით უნდა დავწვათ ჩვენი შეცდომები, ცოდვები, რადგან, თუ ამით დამძიმებულები გადავალთ მეორე წელს, ეს ამოგვაგდებს რწმენიდან. ეკლესიაში ყოველ კვირას ტაძარში რომ ვეზიარებით და აღსარებას ვამბობთ, ეს სიფხიზლეში ყოფნაა, ახალი წელი კი სამსჯავროს დღეა. დაე, მოგვცეს უფალმა კეთილგონიერება, გამოვითხოვოთ მისგან მადლი, რომ სულით შევუერთდეთ სამოთხის ხსოვნას, რომ არ გაწყდეს ხსოვნის ძაფი. ხსოვნაში დარჩენა ნიშნავს გადარჩენას, დავიწყება – სიკვდილს და აი, ამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვართ ჩვენ. უფალმა აგვანთოს მისი შეცნობის გაუნელებელი სურვილით მანამ, სანამ მასთან ერთნი არ გავხდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი