რელიგია

რა ებრძვის სინამდვილეში მორწმუნე ადამიანს, თუ ის ეკლესიურ ცხოვრებას გადაწყვეტს

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.04, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტ, აღარ გააკეთო ის, რასაც იმ დღემდე აკეთებდი: არ განიკითხო, აპატიო, არ განრისხდე, უპირობოდ შეიყვარო, რთულდება ხოლმე ჩანაფიქრის განხორციელება. ყოფაში ადამიანები ამას ეშმაკის ბრძოლას უწოდებენ. ვინ ებრძვის ადამიანს ან ებრძვის კი, როდესაც ის ეკლესიის სწავლების მიხედვით ცხოვრებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ისევ ეგვიპტის მაგალითს გაგახსენებთ, რაც ჩვენი ცხოვრების ისტორიაა. ებრაელები ეგვიპტეში, ანუ ცოდვის მონობაში არიან. ამას ნიშნავს სიმბოლურად ეგვიპტე. ვიცით, რომ, როგორც კი მოსე გამოჩნდა და ლაპარაკი დაიწყო ეგვიპტიდან, ანუ ცოდვიდან გამოსვლაზე, ფარაონმა მათ სამუშაო დაუმძიმა: თუ ადრე ნამჯა მათთვის მიჰქონდათ, ახლა იქით დაავალა, თქვენ მოიტანეთო. ამის გამო ებრაელებმა მოსეს უსაყვედურეს კიდეც. რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვეულებრივად ცხოვრობ, ანუ ვნებების ტყვეობაში ხარ, დისკომფორტს არ განიცდი, მაგრამ, როგორც კი ცდილობ, რაღაც შეცვალო, ანუ საწინააღმდეგო გზით წახვიდე, მოდი, ხვალიდან ვიწყებ მარხვას, მიტევებას, მაშინვე ორმაგდება წინააღმდეგობა. საიდან? რატომ? ამის პასუხადაც კიდევ ერთ შედარებას მოვიტან: ზურგის ქარის მიმართულებით რომ მივდივარ, მაგრამ უცბად მოვტრიალდები, ხომ, ორმაგად ვიგრძნობ ქარის ძალას, იმიტომ რომ მის საწინააღმდეგოდ წამოვედი?! იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც: როდესაც დააპირებ ლოცვით რეჟიმში გადასვლას და გადაწყვეტ, რომ აღარ დალევ, ვთქვათ, ლუდს, აბა, ნახე, რა დღეში ჩავარდები?! უხეშად ვამბობ, იმ ლუდის არსი განიცდის ამას და რომ გადარჩეს, იმიტომ რომ ჩვევა იყო, ტკივილით ებღაუჭება და თავის ტერიტორიას იოლად არ დაგათმობინებს, რადგან იგრძნო საშიშროება. ლუდი კი არ არის პრობლემა, არამედ ის ვნება, სურვილი, რომელიც შენ შიგნითაა. მისადმი ლტოლვა გრძნობს დისკომფორტს, სწორედ, ის უნდა გადაილახოს და სწორედ, ეს არის ჯვარი! სამაგიეროდ, ამ მტკივნეული გადალახვით დაცარიელებულ ადგილს ამოავსებს სხვა სურვილი, არა უაზრო და ცოდვისმიერი, რის ბოლოც სიკვდილია, არამედ ისეთი, რომელიც სიცოცხლისკენ წაგიყვანს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ქრისტეს გზაზე (ის ხომ წარმართულად ცხოვრობდა მანამდე?!), როდესაც ვნებებს ვებრძოდი (იგულისხმება ჩვევები), სიკვდილივით მიჭირდა, მაგრამ მერე უკვე დავინახე, რომ იმ ადგილას, საიდანაც ვნების ფესვი ამოვიღე, სიცარელეს მადლისმიერი ნეტარება ავსებდა, ერთი-ორჯერ რომ განვიცადე, პირიქით, აღარც ვაცდიდი დროში, ისე ვყრიდი ჩემს ვნებებს, რომლებითაც წუთისოფელს ვიყავი მიჯაჭვული, იმიტომ რომ ვიგემე ის სიტკბო, რაც იმ სიმწარეს ავსებდაო. ადამიანებს ქრისტიანობა აკრძალვა ჰგონიათ. როგორ? სიგარეტი არ მოვწიო, ღვინო არ დავლიო? ხაჭაპური არ ვჭამო?! აბა, მოვკვდე?! დიახ, უნდა მოკვდე, იმიტომ რომ, რასაც ეს უნდა, ის არ არის ადამიანი, ხელოვნური წარმონაქმნია, შიშისგან შექმნილი, რომელმაც თავისი ცხოვრება ააგო ამ წუთისოფლის ვნებებსა და სურვილებზე. განა ყველი და ხორცია ცუდი, ლაპარაკია იმაზე, რომ მე გადავეწყვე მატერიალურ სიამოვნებებზე, იმიტომ რომ სულიერ სიამოვნებებს მოვწყდი და ამით ცხოველზე დაბლა ვეშვები. იმიტომ რომ, თუ ადამიანი მოსწყდა თავის ჭეშმარიტ – ღვთიურ არსს, რითაც უნდა ეკვება, ის მკვდარია. ეს პირველი ეტაპია და არ უნდა შეშინდე, თუ კვდები რამე მიწიერის სურვილით, უნდა მოკვდე, იმიტომ რომ, თუკი მხოლოდ ხორცისა და ხაჭაპურისთვის ცხოვრობ, ამის ბოლო ისედაც სიკვდილია! ცხადია, კვდები, როდესაც ვეღარ ჭამ, მაგრამ ამ სიკვდილის პარალელურად, იქვე ცოცხლდები, უახლოვდები შენს ნამდვილ მეს, რომელიც არ ცხოვრობს ამ მიწიერი სიამოვნებებით. იმიტომ კი არა, რომ ვარდს აღარ დაყნოსავს მორწმუნე, ის ამით, უბრალოდ, აღტაცდება, რადგან ვარდის სურნელი უკვე ჩემშია და მატერიაში მე მასში უკვე ღვთის გამოვლინებას ვხედავ, მიჯაჭვული აღარ ვარ. თავისთავად ჭამა არ არის პრობლემა, პრობლემა ვნებაა. მე ვჭამ იმისთვის, რომ უკეთ ვიყო თუ იმიტომ, რომ საკვები დამეხმაროს ფიზიკური არსებობის გაგრძელებაში, რათა ღმერთი ვადიდო?! ანუ ჩემში ღმერთის ნაკლებობას ვივსებ ამ ვნებებით თუ ღვთის მადლით?! აი, ესაა პრობლემა და როგორც კი ვნებები კვდება, ნამდვილი ადამიანი ცოცხლდება. პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს: ჩვენში ძველი კაცი თანდათან იხრწნება, ხოლო ახალი თანდათან აღმოცენდებაო, აი, ესაა ლოცვისა და მარხვის მიზანი.

– პირადად მე, თუ მოვკარი ყური, რომ კონკრეტულად რაღაცის დღეა, მაგალითად, მიტევების, თუ წინა დღეებში, იმ დღის შემდეგაც მიტევება არ მიჭირს, აი, იმ დღეს ვბრაზდები ლამის მთელ სამყაროზე.

– ადამიანი, ხომ, შინაგანად თავისუფალი არსებაა?! უბატონო გააჩინა ღმერთმა. ადამიანისთვის უჩვეულოა, იცხოვროს კანონებით, მაგრამ, თუ აუცილებელია, თავს უნდა მოერიო. უნდა მიხვდე, როდის არის აუცილებელი ეს ამბოხი და როდისაა შესაზღუდი. თუ მე დავინახე, რომ გამიჩნდა რაღაც ვნებისკენ მიდრეკილება, ნებაყოფლობით შევიზღუდავ თავს, არ დავუთმობ, იმიტომ რომ ეს ეგოს თავისუფლებაა და ადამიანი ხშირად ბოროტად იყენებს ღვთის მიერ მონიჭებულ თავისუფლებას. უნდა შეეცადო და მიხვდე, რისთვის უნდა შენს მიწიერ მეს ეს თავისუფლება? მეც მიჭირდა თავის დროზე, რომ ამა და ამ დროს ესა და ეს უნდა გამეკეთებინა და ამბოხი მქონდა. ამდენად, უნდა გაარჩიო, სად გადის ზღვარი თვითნებობასა და თავისუფლებას შორის, რადგან სწორედ, შეზღუდვებიდან გადიხარ ჭეშმარიტ თავისუფლებისკენ. თორემ, რასაც ადამიანის ეგო თავისუფლებას უწოდებს, ეს თვითნებობა და აღვირახსნილობა უფროა, ჩვენ, ხომ, გადავეჩვიეთ მორჩლებას, იმიტომ რომ მთლიანად ურჩობაში ვიყავით, სრულად საკუთარ თავს მინდობილები?! ამიტომაც გავპარტახდით უძღები შვილივით... ადამიანს ვითომ თავისუფლება უნდოდა და ამ დროს დაემონა ვნებებს. ადამიანებს მართავს ბრაზი, ბოღმა, შური და ამას უწოდებს თავისუფლებას! ვნებები გმართავენ, როგორც მარიონეტს და ესაა თავისუფლება?! რას ამბობს იესო? ვინც მე არ გამომყვება და ყოველდღე არ აიღებს თავის ჯვარსო. რატომ ჯვარი? იმიტომ რომ ჯვარზე უნდა აღსრულდეს ის ძველი ეგო, რომელმაც დაგაშორა ღვთაებრივ სასუფეველს, ის სასუფეველი თუ გინდა, შენი ეგო უნდა გააკრა ჯვარს. სამეფო დარბაზში ძველი ტანსაცმლით არ შეგიშვებენ. ძველი ტანსაცმლის გახდის პროცესია მორჩილება, რაც მტკივნეულია, მაგრამ გააზრებით, როდესაც მიხვდები, ამას რატომ აკეთებ, გაგიადვილდება. მაშინ ჯვარი ტკბილია. თუ გაუცნობიერებლად აკეთებ, ტანჯვის ხარისხი მეტია, მაგრამ მაინც უნდა გააკეთო, ეგვიპტიდან უდაბნოდან ქანაანამდე სამი დღის გზის გავლაში გადის 40 წელი, იმიტომ რომ ეგვიპტის უდაბნოში დაიყარა ყველა ძვალი. და „ძვალი“ რა არის? სიმყარე, უკვე ვნებებად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი, რაც პირდაპირ ქანაანში, ანუ აღდგომის სიხარულში ვერ გადავა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი