რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.06, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც გავიგე, სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა. შეიძლება, მას ვთხოვო, რომ სიყვარულში დამეხმაროს?

პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად მიიჩნევა. მიწიერი მოღვაწეობის დროს ის გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნავდა და ბევრი განსაცდელისგანაც იხსნა. თუ თქვენ სიყვარულისთვის დახმარებაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ, შეგიძლიათ, ევედროთ წმიდა ნიკოლოზსაც და სხვა წმიდანებსაც. სიყვარულის მოციქულს უფრო იოანე მოციქულს ეძახიან. ოღონდ აქ იგულისხმება უფლის სიყვარული, ხოლო თუ უფალი გეყვარებათ, ეს პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ და სწორი არჩევანის გაკეთებაშიც. გახსოვდეთ, რომ სიყვარული არა მხოლოდ სიხარული და ბედნიერებაა, პირველ რიგში, მოვალეობა, თავგანწირვა და ტვირთია.

კითხვა: სახარებაში წერია, „ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5.28). რატომ არის თანაბარი ზრახვა და ქმედება?

პასუხი: უფალი არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებსაც კრძალავს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. ამას გარდა, სწორედ ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო უკეთური აზრები, არ იქნებოდა ბოროტი საქმეები. ყოველი მოქმედება ხომ სურვილების გამოვლენაა?! ამიტომ არის საჭირო საკუთარ თავში ცოდვისკენ მიდრეკილი აზრების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.

კითხვა: ძალიან ახლობელ ადამიანებს სიკეთეს ვუკეთებ და მადლიერების მაგივრად, მათგან უმადურობას, ჩხუბსა და წყევლას ვიღებ. ამის გამო უკვე სასოწარკვეთა მეუფლება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც არ უნდა იქცეოდნენ თქვენი ახლობლები, სიკეთის კეთება არ უნდა შეწყვიტოთ. თუ ისინი უმადურები არიან, უფლის მიერ არ დარჩებით დაუჯილდოებელი, ღვთისმშობელი მოგაგებთ სანაცვლოს. ილოცეთ მათთვისაც და თქვენი სულის დასამშვიდებლადაც იცხოვრეთ ეკლესიურად და ეს გაგაძლიერებთ.

კითხვა: როგორც ვიცი, ნათლობის დროს ადამიანი ყველა მანამდე ჩადენილი ცოდვისგან თავისუფლდება – მიეტევება. მაინც უნდა მოვინანიოთ თუ არა ის ცოდვები, რომლებიც ნათლობამდე გვაქვს ჩადენილი?

პასუხი: ნათლობამდე ჩადენილი მცირედი ცოდვების მონანიების აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ თუ განსაკუთრებით მძიმე ცოდვები გაქვთ ჩადენილი, მაგალითად, როგორიცაა: აბორტი, მრუშობა, ქურდობა და სხვა, მაშინ საჭიროა, ეს ცოდვები მოძღვრის წინაშე მოინანიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი