რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№8

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.03, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან ბევრგან შემინიშნავს გზებზე აღმართული ჯვრები. რამდენად გამართლებულია ეს ეკლესიურად?

პასუხი: ძალიან სასიკეთოა გზებზე ჯვრების აღმართვა. როდესაც გზაზე მგზავრი ასეთ ჯვარს შეხვდება, უნებურად პირჯვარს გადაიწერს და უფალს მოიხმობს შემწედ. თავს განიმტკიცებს თუნდაც მოკლე, მაგრამ გულმოდგინე ლოცვით და უფლის მოიმედეობით ძალამოცემული განაგრძობს გზას.

კითხვა: ჩემი მეგობრის შვილს სურს, მონასტერში შედგეს ბერად. ოჯახში კი სიხარულის ნაცვლად, დაბნეულობა და სევდაა. შეიძლება თუ არა, მშობელმა ასეთ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა გაუწიოს?

პასუხი: მაცხოვარმა ბრძანა: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19, 14). თუ ადამიანი უფლისკენ ისწრაფვის, ნუ დააბრკოლებთ. მონასტერში ხომ უკეთ ილოცებს ის თავისი მშობლებისთვის, ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

კითხვა: უფალი მოგვიწოდებს, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტერი. მე ეს ვერ შევძელი. არ ვიცი, როგორ უნდა შევიყვარო ადამიანი, რომელიც სულ სიძულვილით შემომცქერის?

პასუხი: ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი. მტერი რომ შეიყვარო, უნდა ამაღლდე ადამიანური ბუნებიდან და ღვთიურ ბუნებას დაუახლოვდე, ანუ დაემსგავსო უფალს – მას შეურაცხყოფდნენ, გვემდნენ და მაინც ყველა უყვარდა. იტყვით, ის უფალი იყო და არა ჩვენნაირი მოკვდავიო, მაგრამ ჩვენ ხომ, სინამდვილეში, ყველანი უფლის მსგავსნი ვართ. სულიერი სიმაღლე ეკლესიაში სიარულით, უფალთან მიახლოებით მიიღწევა. მუდმივი მტრობით სავსე გული ადამიანს ამძიმებს და ხელს უშლის წარმატებაში. მოერიდეთ სიძულვილს. მტერს სიკეთის მიგებებით უპასუხეთ, თუ მაინც ვერ შეძელით მასში სიყვარულის გაღვიძება, ილოცეთ მისთვის. ეს ლოცვა თქვენს სულს სიმსუბუქეს და მადლს მიანიჭებს.

კითხვა: განსაკუთრებული პატივის მიგების გამოსახატავად ბოლო დროს გარდაცვლილებს, არასასულიერო პირებს, ეკლესიაში ასვენებენ. ეს სწორია?

პასუხი: ეს ქრისტიანული ტრადიციაა. საქართველოში ყოველ სოფელს თავისი ეკლესია ჰქონდა, სადაც სოფელი აღნიშნავდა თავის ჭირსა და ლხინს. ეკლესიაში ეზიარებოდნენ, ინანიებდნენ, იწერდნენ ჯვარს და აქვე უგებდნენ წესს მიცვალებულებს, შემდეგ კი მიაცილებდნენ სამუდამო განსასვენებელში (ამიტომაც იყო ეკლესიები სასაფლაოზე). ეს ტრადიცია მოშლილი იყო და ახლა ისევ აღდგა. ეს მისასალმებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი