რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№31

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.08, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ამტკიცებს – ღმერთს არ ვუყვარვარ, არ მეხმარება და ამიტომ არასდროს მიმართლებსო. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ ცდება, მაგრამ არ მიჯერებს. რა გავაკეთო?

პასუხი: აუხსენით თქვენს მეგობარს, რომ სიცოცხლე, რომელიც ყველაზე დიდი საჩუქარია, მას უკვე მიეცა. როდესაც ადამიანს არ ჰყოფნის მადლიერება იმისა, რომ ჯანმრთელი დაიბადა და საკუთარი ხელით შეუძლია, სარჩო მოიძიოს, რა თქმა უნდა, შრომის კეთილი ნაყოფის მიღებაში ხელი შეეშლება. მიმოიხედოს ირგვლივ და შეამჩნევს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც თვალის ჩინი არ აქვს ან სიარული არ შეუძლიათ, თქვენს მეგობარს კი ყველაფერი აქვს და მადლობის ნაცვლად, შემოქმედს ემდურის. გამოსავალი ღვთის გმობა კი არ არის, არამედ ის, რომ შეიყვაროს უფალი და რწმენით ევედროს.

კითხვა: ჩემს ახლობელთან სტუმრობის დროს დავკარგე ჯვარი, მან არ გამომიჩინა. რა მოელის ჯვრის დამმალავს ან მე როგორ მოვიქცე?

პასუხი: შესაძლოა, სხვაგან დაკარგეთ და ცილს სწამებთ ახლობელს. დამშვიდდით, მოიქეცით უბრალოდ, შეიძინეთ ახალი ჯვარი, აკურთხებინეთ ეკლესიაში და ატარეთ. ხოლო, თუ რა მოელის ამა თუ იმ ადამიანს, ვინც ცოდვა ჩაიდინა, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. არ არსებობს ცოდვა, რომელიც შენდობილი არ იქნება, თუ ადამიანი გულწრფელად მოინანიებს. უფალი ადამიანის გადასარჩენად მოვიდა და არა დასასჯელად. მთავარია, თქვენ შეუნდოთ და თქვენს სულს მოშორდეს რისხვის სიმძიმე. ასევე, ილოცეთ მეგობრის სინდისის გამოსაღვიძებლად, უფალი ყველაფერს ხედავს.

კითხვა: ვცხოვრობ მეუღლის ოჯახში. ვუვლი მის ავადმყოფ დედას, მაგრამ მადლიერების ნაცვლად სულ უმადურობასა და ჩხუბს ვაწყდები. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ადამიანი ყველა შემთხვევაში ვალდებულია, მოუაროს ავადმყოფს, მით უმეტეს, ოჯახის წევრს, როგორც არ უნდა იქცეოდეს ის. თუ ის ადამიანი არ გამოხატავს მადლიერებას, ღვთისგან არ დარჩებით დაუჯილდოებელი, ღვთისმშობელი მოგიგებთ სანაცვლოს. ილოცეთ მისთვის და თქვენი სულის დასამშვიდებლად იცხოვრეთ ეკლესიურად, ეს გაგაძლიერებთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანმა სხვის ცოდვაში დაიდოს წილი?

პასუხი: სხვის ცოდვებზე პასუხისმგებელნი ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგნებულად ვაქეზებთ მოყვასს ბოროტი საქმის ჩასადენად. ასევე, მაშინაც, როცა რაიმე უგვანოს ვაქებთ და ამით ხელს ვუწყობთ მათ ჩვენი სიტყვების განსამტკიცებლად ჩაიდინონ ჩვენ მიერ მოწონებული ცოდვიანი საქციელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი