რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.05, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ ვასწავლოთ ბავშვს უფლისადმი მოწიწება და სიყვარული?

პასუხი: ბავშვის სულიერ განვითარებაზე სულ პატარა ასაკიდან უნდა იზრუნოთ. მან უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა; ხშირად უნდა ესწრებოდეს ღვთისმსახურებას ტაძარში; უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ, მიაწოდონ მოსახსენებელი, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი; ბავშვი ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს; უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საზრდელის მიღებამდე; შეასწავლეთ მათ ლოცვები; ასწავლეთ ბავშვებს მღვდელმსახურისგან კურთხევის აღება, მიაჩვიეთ ოჯახში გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; ბავშვის თანდასწრებით წარმართეთ კეთილმორწმუნე საუბრები ღმერთსა და სულის ხსნაზე; მიაჩვიეთ პურისა და სხვა ტკბილეულის გაყოფას და-ძმებისა და სხვა პირებისთვის.

კითხვა: რა განსხვავებაა ეკლესიასა და მონასტერს შორის?

პასუხი: მონასტერი გახლავთ სამკვიდრო, სადაც ცხოვრობენ ბერ-მონაზვნები, რომელთაც აქვთ სამონაზვნო ცხოვრების წესი, ხოლო, რაც შეეხება ეკლესიას, ის არის სალოცავი ტაძარი, სადაც სრულდება საღმრთო ლიტურგია და სხვა საეკლესიო საიდუმლოებანი.

კითხვა: სწორად იქცევა თუ არა ადამიანი, როდესაც თავის უმოქმედობას საკუთარი უნიჭობით ამართლებს?

პასუხი: უფლის წინაშე ცოდვას სჩადის ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს უნიჭოდ და უუნაროდ გამოაცხადებს, რადგან ღმერთმა ყველა ადამიანს უბოძა ნიჭი – სწორედ იმდენი ძალა და უნარი, რამდენიც მის ბუნებას შეესატყვისება და რაც საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად. ვინც საკუთარ თავს უნიჭოს უწოდებს, ის ან ვერ ხვდება უფლის წყალობას, ან უფრო მეტს მიელტვის. ამიტომ თავისი დაუდევრობით შესაძლოა, ისიც დაკარგოს, რაც უფლისგან მიუღია.

კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?

პასუხი: ეს არავინ იცის დანამდვილებით, მაგრამ თუ ადამიანს აქვს რწმენა, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით შვილის დაბადების შემდეგ, ისე შეიცვლება სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფევლის დამკვიდრების შემდეგ – იქ ხომ სამუდამო სიცოცხლეა. თუ რწმენით ვიცხოვრებთ, თუ ამქვეყნიური სიკეთის ქმნით მოვემზადებით მარადიული ცხოვრებისთვის, ამ ქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ თუნდაც წმიდანები, რომლებიც ღვთის რწმენით იმდენად იყვნენ სავსენი, რომ სხეულის სულთან გაყრისას სახეზე სიხარული ეწერათ – უფალი მათთან იყო. ის ჩვენთანაც იქნება გარდაცვალების დროს. ყველამ იცის, რომ გარდაცვალების წინ ადამიანები ხედავენ იმ სანახებს, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებაში დახვდებათ. ამით ღმერთი ადამიანს წინასწარ აჩვევს და აჩვენებს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას უადვილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი