რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№52

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.01, 2021 წელი

კითხვა-პასუხი
დაკოპირებულია

„თბილისელების“ კითხვებს მოძღვარი პასუხობს 👇

კითხვა: არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ბევრი ცოდვის გამო სასოწარკვეთილება ეუფლება, რომ უფალი აღარ შეუნდობს. მართლაც შესაძლებელია თუ არა, უფლის მოწყალებასაც ჰქონდეს საზღვარი?
პასუხი: თუ ადამიანი გულწრფელად ნანობს ჩადენილ ცოდვას და ცდილობს, აღარ გაიმეოროს, იღვწის ამისთვის, უფალი შეუნდობს. არასდროს უნდა მივეცეთ უიმედობას, წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ოკეანეს აქვს საზღვრები, ხოლო ღვთის მოწყალება კი უსაზღვროა“.

კითხვა: როგორი განწყობით უნდა შეხვდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ახალ წელს?
პასუხი: როდესაც ახალი წელი დადგება, კარგად დაფიქრდით გასული წლის შესახებ – როგორ გაატარეთ ის, ლოცვით, კეთილზნეობით, სიკეთით, სიმშვიდით, უფლისადმი სასოებით თუ ცოდვებით, ამპარტავნებით, შურით, სიბოროტით. იქნებ მთელი წლის განმავლობაში მოცული იყავით ცოდვიანი სურვილებით, ბილწი აზრებით, იქნებ ცოდვას ცოდვაზე ამატებდით. თუ ეს ასეა, მაშინ გამოფხიზლდით, გაიხსენეთ, რომ ყოველ ადამიანს ელოდება სიკვდილი და უფლის სამსჯავრო. შეინანეთ, ილოცეთ, დაუყოვნებლივ მოიქეცით იესო მაცხოვრისკენ, განერიდეთ ცოდვებს და ესწრაფეთ სიკეთეს!

კითხვა: ყოველ წელს გამოდის საეკლესიო კალენდრები, რომლებზეც ხატებია გამოსახული. მომდევნო წლისთვის ეს კალენდრები გამოუსადეგარია, მაგრამ როგორ უნდა მოვეპყროთ მასზე გამოსახულ ხატებს?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, ამოჭრათ ეს ხატები, გაუკეთოთ ჩარჩო, აკუთრხებინოთ და ილოცოთ კიდეც მათზე. ხოლო ის ნაწილი, სადაც კალენდარია, სუფთა ადგილზე დაწვით.

კითხვა: საოჯახო საჭიროებისთვის ვაგროვებ მცირე დანაზოგს. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?
პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. თუ ფულს ოჯახისთვის საჭირო, არაცოდვიან საქმეს მოახმართ, ცოდვაში არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: როგორ უყურებს ქრისტიანული სარწმუნოება ასტროლოგიას და უნდა ვენდოთ თუ არა ასტროლოგების რჩევებს?
პასუხი: პლანეტები, ვარსკვლავები, მზე – ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მოქმედებს ადამიანზე და ეს მოქმედება უნდა შეისწავლებოდეს მეცნიერულად, თუმცა დაუშვებელია, ეს საფუძვლად დავუდოთ რაიმე წინასწარმეტყველებას. ზოგადად, ასტროლოგიით განსაკუთრებული გატაცება არ არის მიზანშეწონილი მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვარსკვლავები კი არ განსაზღვრავენ ადამიანის ბედს, არამედ ყოველი მოკვდავი თავად ირჩევს თავის გზას და თავადვე არის საკუთარი მომავლის შემქმნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი