რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 05.06, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიან ადამიანს მოყვასის მიმართ?

პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ყველა. საკუთარ თავზე წინ სხვები უნდა დააყენოს, მოთმინებით აიტანოს გარეშეთა უძლურებანი და უგუნურებანი, არავინ შეურაცხყოს, სულიერი საუბრებით სარგებლობა მოუტანოს მათ და ილოცოს მოყვასისთვის.

კითხვა: გვესაუბრეთ მფარველი ანგელოზების შესახებ – რა დანიშნულება აქვთ მათ?

პასუხი: ანგელოზები არიან ღვთისგან შექმნილი უხორცო სულები. ნათლობის შემდეგ უფალი ყოველ ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მთელი ცხოვრება მასთან რჩება. მფარველობს მას როგორც სიხარულში, ასევე განსაცდელში. ლოცულობს მისთვის მძიმე წუთებში და ეხმარება. როდესაც ადამიანი ცუდად იქცევა, მაგალითად, სჩადის ბოროტებას, ასეთ დროს მფარველი ანგელოზი დროებით განეშორება და აგრძნობინებს, რომ ამ საქციელით დამწუხრებულმა მიატოვა, თუმცა, როგორც მშობელი, მალევე სიყვარულით უბრუნდება მას. მფარველი ანგელოზი ადამიანს მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებს და მიაცილებს უფლის სამსჯავრომდე. მფარველ ანგელოზს უნდა ვევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც მინიშნებულია საგანგებო ლოცვა: „ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი“.

კითხვა: რა დატვირთვა აქვს სულთმოფენობას ტაძრიდან მოტანილ ყვავილებს?

პასუხი: ეს ხალხური ტრადიცია გახლავთ, რომელსაც გარკვეული საფუძველი აქვს. სულთმოფენობას ტაძრები ყვავილებით ირთვება. ყვავილები და ბალახები მორწმუნეებსაც მიაქვთ, მთელი წირვის განმავლობაში ხელთ უპყრიათ და წირვის დასრულების შემდეგ სახლში მოაქვთ და შემდეგ ზოგიერთი სამკურნალოდაც იყენებს. ამ ყვავილებს ადამიანზე გარკვეული სასიკეთო გავლენის მოხდენა მართლაც შეუძლიათ.

კითხვა: დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი მათხოვრობს ქუჩაში. მათ ხშირად ვერ ვეხმარები. შეუძლებელია, ყველას დაეხმარო, როდესაც შენც არ გილხინს. ამას ძალიან განვიცდი, განსაკუთრებით მეცოდებიან ბავშვები, რომლებიც მათხოვრობენ. არსებობს მოწყალების გაცემის კონკრეტული წესი?

პასუხი: ადამიანს შემოსავალს უფალი აძლევს და გაცემული სიკეთისთვისაც უკანვე უბრუნებს. ასე რომ, თუ სამოწყალო თანხა ყოველთვის გექნებათ გადანახული, ამით არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, უფრო მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, მოწყალება გაიღოს, თუნდაც მცირედით, ზოგმა – თანხით, ზოგმა – რაიმე სხვა სიკეთით. თუ კონკრეტულ შემთხვევაში არ გაქვთ გასაცემი თანხა, ამაზეც ნუ იდარდებთ, უბრალოდ, დალოცეთ მათხოვრები და სიკეთე უსურვეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი