რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 29.05, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა არის „საკურთხი“ და როდის უნდა მივიტანოთ ის ეკლესიაში?

პასუხი: „საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა, ეს არის პროდუქტი, რომელიც მიაქვთ ეკლესიაში და მიცვალებულის სახელზე აკურთხებენ. კურთხევა ხდება პანაშვიდზე. ამის შემდეგ კი „საკურთხი“ უნდა გაიცეს სამოწყალოდ მიცვალებულთა სახელზე. თუმცა გარდაცვლილთათვის უფრო აუცილებელია იმ ლოცვის აღვლენა, რომელიც პანაშვიდის დროს წარმოითქმება. „საკურთხი“ შეგიძლიათ, ეკლესიაში მიიტანოთ საეკლესიო კალენდრით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათ დღეს, რადგან შაბათი მიიჩნევა პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად.

კითხვა: პროფესიით ვარ მოსამართლე. ბოლო დროს ვფიქრობ, ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, როდესაც სასამართლო განჩინებით მიწევს მოქალაქეთა განსჯა, მაგალითად, ახალ აღთქმაში მათეს სახარებაში წერია: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მოუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7. 1–2).

პასუხი: თვით მოსეს უხდებოდა საკუთარი ხალხის მსაჯულად ყოფნა. ბევრ შემთხვევაში მეფეებსაც უწევდათ უზენაესი მოსამართლის მოვალეობის შესრულება. ამ ციტატაში კი, რომელიც თქვენ სახარებიდან მოიტანეთ, საუბარია არა მოსამართლის ქმედებაზე, არამედ ადამიანის იმ ცოდვაზე, როდესაც ის განიკითხავს და კიცხავს სხვას, როცა ის არავისგან არ არის ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი. საგულისხმოა, რომ მოსამართლის გარდა, ხელმძღვანელ პირსაც აქვს ხელქვეითის დასჯის უფლება, დაკისრებული საქმის უდიერად შესრულების დროს, ასევე, მშობელს – შვილისა, აღმზრდელობითი თვალსაზრისით. რაც შეეხება მოსამართლეს, მისი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სამართლიანობის დაცვა.

კითხვა: რატომ არ ქორწინდებიან საქართველოში მაისის თვეში?

პასუხი: მაისის თვეში ქორწინებას არანაირი წინაღობა არ უდევს წინ. პირიქით, სააღდგომო მარხვა გახსნილებულია და შეგიძლიათ, თამამად დაიწეროთ ჯვარი. მართალია, ხალხში არის ცრურწმენა, თითქოს მაისის თვეში ქორწინება არ არის კარგი, მაგრამ ამას არანაირი ქრისტიანული საფუძველი არ გააჩნია.

კითხვა: ცნობილია, რომ მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. სად დაეტევა ამდენი ადამიანი?

პასუხი: თუ თქვენ გაქვთ ღვთის რწმენა, ხართ ქრისტიანი და მიჰყვებით მცნებებს, უნდა გჯეროდეთ ისიც, რომ მკვდრები აღდგებიან და მათი ადგილი გამოინახება, რაც იქნება ღვთის სასწაული, ხოლო თუ როგორ მოხდება ეს, ამის განსჯა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის რთულია. უფლის სასწაულებს ჩვენ ყოველ წუთს ვხვდებით, მაგრამ იმდენად შევეჩვიეთ, განსაკუთრებულად აღარც აღვიქვამთ. ადამიანის დაბადებაც არანაკლები სასწაულია, ვიდრე მკვდართა აღდგომა, ასე რომ, უფლისთვის ყველაფერი შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი