რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:01 23.11, 2020 წელი

ხატების ადგილი
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად მინახავს, რომ ადამიანებს ხატები იქ აქვთ დაბრძანებული, სადაც ისმის ბილწსიტყვაობა, არის ჩხუბი, ღვთისთვის არასათნო საქმეებიც კეთდება. რამდენად სწორია ასეთ ადგილებში ხატების არსებობა?
პასუხი: დიახ, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება დაძაბულ და ნერვულ ფონზე მიმდინარეობს, ღვთისთვის არასათნო საქციელსაც ხშირად ჩავდივართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ, სადაც ვიმყოფებით, ხატები არ უნდა იყოს. ადამიანი ვერანაირი საქციელით ვერ შეურაცხყოფს ხატს, რადგან ხატი არის სიწმიდე და ამაზე მაღლა დგას. ყოველი ადამიანი ბილწსიტყვაობითა და ცოდვით მხოლოდ საკუთარ თავს, ანუ იმ ხატს შეურაცხყოფს, რომელსაც თვითონ ატარებს. ჩვენ ხომ უფლის ხატად ვართ შექმნილი. ამიტომ ადამიანი თავს უნდა გაუფრთხილდეს, რათა ხატად შექმნილი საკუთარი სული და სხეული არ შეურაცხყოს.
კითხვა: ვიცი, რომ სიცრუე ცოდვაა, მაგრამ ჩემს ახლობელს ვუმალავ სიმართლეს, რადგან ვიცი, მისი გამხელით ის ძალიან ცუდად გახდება. ცოდვას ჩავდივარ?
პასუხი: თუ იცით, რომ ესა თუ ის სიმართლე ადამიანს ავნებს, მის გამხელას ნამდვილად უნდა მოერიდოთ, სიმართლემ ადამიანს სიკეთე უნდა მოუტანოს და არა ზიანი. ხოლო თუ ზიანის მომტან სიმართლეს არ ამბობთ, არ ნიშნავს, რომ ცრუობთ, პირიქით, ასეთ დროს დუმილი მოყვასის სიყვარულითა და გაფრთხილებით არის გამოწვეული. თუ დუმილი მაინც გამძიმებთ, ესაუბრეთ ამის შესახებ მოძღვარს და ილოცეთ.
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რას ნიშნავს „კვეთებულის“ ლოცვა და როდის უნდა დავესწროთ ამ ლოცვებს ტაძარში?
პასუხი: თვითონ სიტყვა – კვეთებული გვიჩვენებს, რომ ადამიანი ბოროტი ძალისგან არის კვეთებული და ბრკოლდება. ზოგჯერ ადამიანი ამ ძალის ზეგავლენას მხოლოდ სულიერად კი არა, ფიზიკურადაც გრძნობს. „კვეთებულის“ ლოცვების წაკითხვა შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მოძღვარს ტაძარში და ამ ლოცვების მოსმენის შემდეგ ხდება ადამიანის გათავისუფლება ამ ბოროტებისგან. თუმცა, სანამ ამ ლოცვას დაესწრებით, უნდა გაარკვიოთ, სინამდვილეში ხართ თუ არა ბოროტი ძალისგან შეპყრობილი, ამისთვის კი საჭიროა გაესაუბროთ მოძღვარს და შემდეგ ის გაარჩევს, გჭირდებათ თუ არა „კვეთებულის“ ლოცვებზე დასწრება.
კითხვა: მარხვას სულ ვიცავ, მაგრამ ტაძარში ვერ მივდივარ. აქვს თუ არა მნიშვნელობა ასეთ მარხვას?
პასუხი: თქვენი ღვაწლი დასაფასებელია, მაგრამ თუ მარხულობთ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ტაძარში, თქვათ აღსარება, ილოცოთ, ეზიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მარხვა დიეტას ემსგავსება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი