რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.02, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რას გამოხატავს ხატის წინ ანთებული სანთელი?

პასუხი: სანთელი, ისევე როგორც სეფისკვერი, უსისხლო მსხვერპლია. სინათლის ალი სიმბოლურად მარადიულობას გამოხატავს. ძველ დროს ძველი აღთქმის ეკლესიაში ადამიანს ღმერთისთვის მსხვერპლად მიჰქონდა დაკლული პირუტყვის შიდა ქონი და ბეწვი, რაც სამსხვერპლოზე იდებოდა. ახლა კი ტაძარში მისვლისას ჩვენ მსხვერპლად ვწირავთ არა პირუტყვს, არამედ სიმბოლურად მის შემცვლელს – სანთელს.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი უნებლიეთ მოყვასის მიმართ მტრული განწყობა დაგვეუფლება?

პასუხი: თუკი ვინმეს მიმართ მტრული განწყობა დაგეუფლათ, უნდა ეცადოთ, სძლიოთ ამ ცოდვიან გრძნობას. აიძულეთ საკუთარი თავი, ილოცოთ: „შეიწყალე, უფალო, მონა შენი (ესა და ეს) და მისი წმიდა ლოცვებით დაამშვიდე გული ჩემი“. ასევე, ეცადეთ, ყურადღებით მოეპყრათ და დაეხმაროთ იმ ადამიანს, რომელიც არ გიყვართ და როდესაც უფალი დაინახავს თქვენს კეთილ განზრახვას, არა მხოლოდ თქვენი გულიდან განდევნის ცოდვისმიერ მტრულ განწყობილებას, არამედ თვით წმიდა სიყვარულით აღავსებს.

კითხვა: როგორ უნდა გვწამდეს?

პასუხი: ადამიანს უნდა სწამდეს წრფელი გულით. თვით უფალმა გვიბრძანა, გვწამდეს ამგვარად, რადგან რაც უფალმა ბრძანა, ის უკვე ყოველმხრივ სრულყოფილი ჭეშმარიტებაა, რასთან შეკამათებაც უადგილოა. ადამიანს ჭეშმარიტად სწამს, როდესაც სხვას არაფერს ეძებს. თუ ის მშვიდია და არ ყოყმანობს რწმენაში – ეს არის ბავშვური რწმენა, სწორედ, ამას ითხოვს უფალი და ამბობს: „უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“. ასეთი რწმენა არის არა ბრმა, არამედ უმანკო და შეუბღალავი. ის არ იწვევს ძიებებს. ხოლო ბრმა მაშინ არის სარწმუნოება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რა ირწმენოს და არც ცდილობს, გაიგოს.

კითხვა: ძალიან რთულია შეურაცხყოფის დათმენა მოყვასისგან. როგორ შევძლოთ ეს?

პასუხი: როდესაც რაიმე უპატიებელს დაითმენთ მოყვასისგან, უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ეს განსაცდელი უფალმა გამოგიგზავნათ და ამგვარად ამ შეურაცხყოფას შფოთვის გარეშე გადაიტანთ. ხოლო, როდესაც ამის შემდეგ თავად შესცოდავთ, დიდ სასჯელს გადაურჩებით. თუ ადამიანს აქვს საჭმელი და სამოსი, კმაყოფილი უნდა იყოს, უნდა განეშოროს მედიდურობას. იყავით წრფელი და გულით უბრალო, სიყვარულით მიიღეთ სწავლება და შეგონება სხვებისგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყოთ.

კითხვა: რაზე უნდა დავფიქრდეთ ძილის წინ?

პასუხი: სანამ დაიძინებთ, მოუსმინეთ თქვენი სინდისის ხმას, რომელიც თვალს აგიხელთ თქვენს ცოდვებზე. იფიქრეთ იმ ცოდვებზე, რაც დღის განმავლობაში ჩაიდინეთ ან იმ კეთილ საქმეებზე, რისი გაკეთებაც შეგეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეთ. მიანდეთ თქვენი თავი უფალს და ის შეგეწევათ სიკეთის ქმნასა და სიმშვიდის მოპოვებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი