რელიგია

მღვდლობის შესახებ

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.06, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ბერის სულიერი შვილი გადმოგვცემს:

– ერთ ყმაწვილს ძალიან უნდოდა ეროვნული ლიგის პირველ საფეხბურთო მატჩზე დასწრება, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა, და როგორ მოიქცა? აიღო დახეული ბილეთის ორი ნაწილი, შეაწება და კონტროლიორს აჩვენა, რათა სტადიონზე შეეშვა. ყმაწვილის ტყუილი გამოაშკარავდა, ის პოლიციაში წაიყვანეს და ბრალი წაუყენეს. როდესაც საქმე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ, ადვოკატი დასჭირდათ. მე მამა ეპიფანეს მივმართე თხოვნით, ეპოვა კარგი სპეციალისტი. მან თავი გააქნია... მე ყველაფერს მივხვდი და შევეცადე ყმაწვილის გამართლებას: ვეუბნებოდი, რომ ეს წინდაუხედავი ნაბიჯი მხოლოდ ფეხბურთისადმი ყმაწვილის სიყვარულს ადასტურებდა, ამასთან, მხედველობაში მისაღები იყო მისი ასაკიც.

მაშინ ბერმა მტკიცედ მომიგო:

– არა, შვილო ჩემო, მე მას არ ვამართლებ და თუ ის ოდესმე მოისურვებს, მღვდელი გახდეს, შუამდგომლობას არ გავუწევ.

– რა თქმა უნდა, გერონდა, ის ხომ ნასამართლევი იქნება.

– არა, ამიტომ არა. ნასამართლევიც რომ არ იყოს, მე მას რეკომენდაციას არ მივცემდი მისი ფუქსავატობის გამო.

– მხოლოდ ერთი, უმნიშვნელო შეცდომისათვის?

– დიახ! თუ ახლა ასეთ უმნიშვნელო საქმეში იჩენს თავქარიანობას, საიდან ვიცი, რას მოიმოქმედებს ხვალ ან ზეგ, როგორც მღვდელი? თავქარიანებს არასოდეს ვუწევ შუამდგომლობას!

მღვდლის მიერ ავტომობილის მართვა

ერთხელ საუბარი ჩამოვარდა იმაზე, შეიძლება თუ არა, კლირიკოსმა მართოს ავტომობილი. ერთ-ერთი დამსწრე, რომლის შვილიც მანქანამ გაიტანა და დაიღუპა, ამბობდა, რომ ახლა მანქანა არის არა ფუფუნება, არამედ, უბრალოდ, გადაადგილების საშუალება, ის შეიძლება, მღვდელსაც ჰყავდეს, მამა ეპიფანე სხვა აზრის იყო:

– მე ვფიქრობ, რომ თუმცა ავტომობილი ფუფუნება აღარ არის, მაინც უმჯობესია, თუ მღვდლები არ მიუსხდებიან საჭეს. შეხედეთ, რა ხდება საავტომობილო გზების ჯუნგლებში: სახეზეა გაღიზიანება, გადასწრება, ნერვიულობა, მრისხანება, გინება, ურთიერთის შეურაცხყოფა, მუშტების ქნევა... განა საჭიროა, რომ ყოველივე ამაში მღვდელი მონაწილეობდეს?! თავად იცით, თუ რა ხდება მცირე შეჯახებების დროს – დავა, ლანძღვა-გინება, ჩხუბი. წარმოიდგინეთ მღვდელი, რომელსაც გადატვირთულ ტრასაზე ბორბალი დაეშვა. მის გამოსაცვლელად იგი იძულებულია, სამღვდელო კაბა აიკეცოს, შესაძლოა, მანქანის ქვეშაც შეძვრეს და გაითხუპნოს... წარმოიდგინეთ, რა ირონიულ ჩურჩულსა და მითქმა-მოთქმას გამოიწვევს ეს. რისი გულისთვის უნდა ჩაიგდოს თავი ასეთ საცთურში? განა ეს ყოველივე არ ამცირებს მისი წოდებისთვის საკადრის ღირსებას?! რა თქმა უნდა, თუ მას მოუწია სამსახური ქალაქგარეთ ან ოლქში, სადაც დიდი სამრევლოა და არ არის კარგი სატრანსპორტო მიმოსვლა, ეს სხვა საქმეა. ასეთ დროს ის, ალბათ, იძულებული იქნება, მართოს ავტომობილი. მაგრამ თუ ავარია მოუხდა, მაშინ კანონების თანახმად, მღვდელს უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურების უფლება.

აქ მას გააწყვეტინეს:

– მაგრამ ეს ხომ უნებურად მოუვა, გერონდა!

– კანონების თანახმად, – მიუგო მამა ეპიფანემ, – სასჯელს ექვმდებარება ისიც, ვინც უნებლიე მკვლელობაშია დამნაშავე. განა ასეთი ადამიანი შეძლებს, თავისი სამწყემსო მოვალეობების აღსრულებას? როგორ შეხედავენ ამას მისი მსხვერპლის ნათესავები, როგორ აღიქვამენ მას საიდუმლოთა აღმსრულებლად და სულიერ მამად ახლობლები იმ ადამიანისა, რომელიც, მართალია, უნებლიეთ, მაგრამ ამ მღვდელმა მოკლა?

მამა ეპიფანე მიუბრუნდა მამას, რომელსაც შვილი დაეღუპა და უთხრა:

– ღმერთმა აცხონოს შენი შვილი, მაგრამ ის რომ მღვდელს გაეტანა, განა მიხვიდოდი მასთან ტაძარში? ერთ პროვინციულ ქალაქში მსგავსი რამ მოხდა, მაგრამ რადგანაც მღვდლები ცოტანი იყვნენ, ეპისკოპოსმა დაუთმო და ნება დართო ამ უნებლიე მკვლელ-მღვდელს, გაეგრძელებინა თავისი სამწყემსო მოვალეობანი. და ადამიანები მას მეტსახელად „მკვლელ ხუცესს“ ეძახდნენ!

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი