რელიგია

ლოცვა - ღვთის მადლის მისაღებად გაწვდილი ხელი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.06, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ ღატაკმა მოწყალება მიიღოს, ხელი უნდა გაიწოდო მისკენ; იმისთვის, რომ ჩვილმა საკვები მიიღოს, მან პირი უნდა გახსნას; ამის მსგავსად, ადამიანმა ღვთისკენ ხელი უნდა გაიწოდოს, რათა მის მადლს მისწვდეს; გახსნილი სული უნდა ჰქონდეს, რათა მისგან ძღვენი მიიღოს. ლოცვა გაწვდილი ხელია ღვთის მადლის მისაღებად, გახსნილი ბაგეებია ზეციური საკვების მისაღებად.

* * *

საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურებაში – სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრავი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს – დასაყრდენი, განსაცდელის ჟამს კი – მეგობარი!

* * *

როგორც თევზი ცხოვრობს წყალში და წყლით, ასევე ღვთის მოსიყვარულე სულიც ლოცვაში და ლოცვით ცხოვრობს. ეს იმისგან ხდება, რომ ღვთის მოსიყვარულე სული განუწყვეტლივ ისწრაფვის და სწყურია თავისი საყვარელი შემოქმედი. ეს სწრაფვა ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ ღვთის სიყვარულით ანთებული ადამიანები ძილშიც ლოცულობენ და თანაც, ისე ძლიერად, რომ ზოგჯერ ლმობიერების ცრემლები გამოაღვიძებთ ხოლმე.

* * *

თუ ლოცვას სული არ აქვს, შეეცადე, სულ უფრო მეტად შეიცნო, ერთი მხრივ, საკუთარი სიღატაკე, ხოლო მეორე მხრივ – ღვთაებრივი მადლის ნიჭთა სიმდიდრე. მაშინ, ღვთისმოშიში ლოცვა თვითონ აღმოხდება შენს სულს.

* * *

იმისთვის, რომ ლოცვას მიეჩვიო, ნუ დაელოდები მისდამი განწყობას, არამედ აიძულე საკუთარი თავი, რამეთუ „სასუფეველი ცათაი იძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათე 11,12). მრავალნი შინაგანი აღმაფრენის მოლოდინში სრულებით ჩამოშორდნენ ლოცვას.

* * *

ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ.

* * *

ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც – მუხლმოყრასა და ხელების აღპრობაში; ის თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით, შინაგანი ლოცვა, რომელიც სიტყვებით არ არის გამოხატული, საუკეთესოა და ლოცვაში ამგვარ სრულყოფილებას უნდა მივაღწიოთ. მაგრამ, ვის შეუძლია, ასე ილოცოს პირველივე ჯერზე, როგორც კი ამას მოისურვებს?! ვის შეუძლია, უცებ გადავიდეს გაბნეულობიდან საკუთარი თავის მობილიზებაში, მომზადების გარეშე მიწიდან ზეცაში ავიდეს? ამიტომაც სიტყვიერი ლოცვა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება – დრო და ადგილი, ერთისა და იმავეს გამეორება, სხვადასხვა გარეგნული ნიშანი, თავის, სხეულის მდგომარეობა და სხვა – ეს ყველაფერი მომზადება, გადასვლაა, ასე ვთქვათ, შინაგანი ლოცვის წმიდა ვარჯიშში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი