რელიგია

განსაცდელის შესახებ

№47

ავტორი: „თბილისელები“ 15:59 23.11, 2020 წელი

განსაცდელის ჟამს
დაკოპირებულია

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევხვდეთ განსაცდელს, ბერმა ბრძანა: 
წარმოვიდგინოთ, რომ ხეიბრად დავიბადე – ხელისა და ფეხის გარეშე. სრულიად დაუძლურებული ვარ და განძრევა არ შემიძლია. თუ ამას სიხარულითა და ღვთის დიდებით მივიღებ, უფალი აღმსარებელთა რიცხვს მიმათვლის. რა მცირეოდენი უნდა აღვასრულო იმისთვის, რათა უფალმა აღმსარებელთა შორის ჩამრიცხოს! როცა საკუთარი მანქანით თავად შევეჯახები კლდეს და მომხდარს სიხარულით მივიღებ, ღმერთი აღმსარებელთა შორის შემრაცხავს. მეტი რაღა უნდა ვისურვო? უფალი აღიარებს ჩემივე უყურადღებობის შედეგსაც კი, თუ მას სიხარულით მივიღებ.
***
ბევრი ადამიანი განსაცდელს ჯანსაღად კი არ ხვდება, არამედ წუწუნებს. ზოგიერთი ამას მშობლებზეც ავრცელებს. რა დააშავეს მათ? ადამიანები აძლევენ იმას, რისი მიცემაც ძალუძთ, როგორც ადამიანებს. აძლევენ სხეულს, სულს კი უფალი უბოძებს. ასე რომ, დავუშვათ, ღმერთი და კაცი ქმნიან ადამიანს. რა დააშავეს მშობლებმა, თუ ბავშვი ხეიბრად დაიბადა?
***
ღმერთი კურთხევას გვიგზავნის, რათა სასუფეველი მოგვანიჭოს. ამას თითოეულ ადამიანს უგზავნის. სამწუხაროდ, შესაფერის დროს ხელიდან ვუშვებთ. რამდენადაც სიხარულითა და ღვთის დიდებით შეგიძლიათ, შეხვდეთ განსაცდელებს, თუკი მათ ღრმა აზრს ჩასწვდებით, იმდენად მოიპოვებთ სიმშვიდეს ამა სოფელში.
***
თუ ამა სოფელში აღასრულებ იმას, რაც ვალდებულებად გაკისრია, ცხონდები. თუ ამას ცოდვას დაუმატებ, ზედმეტ მონეტასაც მიიღებ. თუ ვინმე უსამართლოდ ჯოხსაც მოგცხებს, სრული ჯილდოს ღირს-იქმნები. ძალზე ღვთისმოსავი ადამიანები ხშირად მიემთხვევიან განსაცდელს და ყველაზე უარესი ემართებათ. ამის შემხედვარე სხვები კითხულობენ, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს მათზე. მაგალითს მოგიყვანთ: ერთ ძალზე კარგ ოჯახში ქმარიც კეთილშობილი იყო და ცოლიც. ბავშვებიც კეთილად აღზარდეს. ყველა ეკლესიური იყო, ეზიარებოდნენ და ასე შემდეგ. ერთხელ ერთი მთვრალი თუ შეშლილი მოვიდა და ოჯახის უფროსი ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოკლა. შემდეგ ღმერთს დაშორებულმა ადამიანებმა თქვეს: „შეხედეთ მას. ის თავის ჯვარს ზიდავდა და ამისთვის ევნო“. მაგრამ ეს ურცხვობაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოვლად უდანაშაულო ადამიანების სიკვდილსაც უშვებს, რათა სრულიად ურცხვებს შესაძლებლობა მისცეს, თქვან ის, რაც კეთილგონიერმა ავაზაკმა თავხედ თანამოძმეს უთხრა: „განა ღვთისა არ გეშინია? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ამ ადამიანს კი არაფერი დაუშავებია. ნუთუ ღვთისა არ გეშინია?“
***
ღმერთი ზოგიერთებზე უდანაშაულოდ უშვებს ტანჯვას, რათა ურცხვებს გამოფხიზლების შესაძლებლობა მისცეს. მათ, ვინც უდანაშაულოდ დაითმენენ. შეუძლიათ, ღვთის ყველაზე საყვარელი შვილები გახდნენ. მწამს, რომ სასუფეველში უფალი მათ ეტყვის: „საუკეთესო ადგილი აირჩიეთ“. ამიტომ, როცა მხოლოდ საკუთარს ვეძიებთ, ყველაფერს ვკარგავთ. ვკარგავთ სიმშვიდესაც და ჯილდო-სასყიდელსაც ზეცაში.
„სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი