რელიგია

დემოდეკოზის მართვა და მისგან თავის დაცვა

№21

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 01.06, 2023 წელი

დემოდეკოზი
დაკოპირებულია

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს სახეზე ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მიკროსკოპული არსება – ტკიპა დასახლდეს. სულ რაღაც 0,2-0,5 მმ ზომის ცოცხალი ორგანიზმი წამწამთა ფოლიკულებში იბუდებს, რაღაც პერიოდი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ადამიანთან, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმის იმუნიტეტი მწყობრიდან გამოვიდეს, რომ ტკიპა შეტევაზე გადადის.

თვალის პათოლოგია, რომელსაც ტკიპა Demodex folliculorum იწვევს, დემოდეკოზის სახელით არის ცნობილი.

იწყება თვალების სწრაფი დაღლით, ცრემლდენით, ქავილით. თუ სწორი დიაგნოზი დროულად არ დაისვა, პათოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება: ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელი ხდება, განსაკუთრებით – ღამით, ქუთუთოები შუპდება და წითლდება, წამწამის ძირებში წარმოიქმნება მუდმივი ნადები, თავს იჩენს ქუთუთოების და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც თვალების სიწითლით, გაძლიერებული ცრემლდენითა და თვალში უცხო სხეულის შეგრძნებით ვლინდება. ქალბატონებს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა უწევთ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელია მაშინ, როდესაც წამწამები იწყებს ცვენას. ამდენად, გარდა ფიზიკური დისკომფორტისა, ამ დროს თავს ესთეტიკური პრობლემებიც იჩენს, რაც ადამიანს აიძულებს, დაუყოვნებლივ მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს მკურნალობა.

დემოდეკოზის მსხვერპლნი უმთავრესად სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები და ის ბავშვები არიან, რომელთაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვების ქრონიკული დაავადება ანდა რეფრაქციული მანკი აქვთ.

ტკიპის გამოსავლენად საკმარისია კანის დაზიანებული უბნებიდან ჩამონაფხეკის გამოკვლევა. მიკროსკოპული ანალიზი ადვილად ავლენს ტკიპა-დემოდექსს. დემოდეკოზის მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივია. ამ დროს, გარდა დაავადების გამომწვევთან ბრძოლისა, საჭიროა ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერება, იმუნიტეტის ამაღლება. დაავადების დროულად (ნახევარ წელზე ადრე) გამოვლენის შემთხვევაში, ადრეულ სტადიებზე მკურნალობა შედარებით მოკლე ხანში (3-4 კვირაში) დასრულდება, თუმცა არ არის გამორიცხული, დაავადება თავიდანვე მძიმედ მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ხანგრძლივდება. შორს წასული ქრონიკული ფორმები ხანგრძლივ - 6 თვიდან 2 წლამდე - მკურნალობას მოითხოვს და, რა თქმა უნდა, პაციენტის მხრივ მოთმინებასა და ნებისყოფას საჭიროებს.

მკურნალობის პერიოდში იკრძალება:

👉კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;

👉ტკბილეულის, ალკოჰოლის, ძლიერ ცხარე და ცხელი საკვების, ალერგიული პროდუქტების ჭარბი მიღება;

👉მზეზე დიდხანს ყოფნა;

👉გაძლიერებული მხედველობითი დატვირთვა, მაგალითად, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.

მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუკი არ დაიცავთ პირადი ჰიგიენის წესებს. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია. შეიძლება, არა მხოლოდ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დააინფიციროთ ხელმეორედ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სახე ხშირად ჩამოიბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან გათავისუფლდებით). ყოველ საღამოს, ძილის წინ კი, თვალში 1-2 წვეთი ცინკომეთილი ჩაიწვეთეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი