რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.03, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

უძილობა

ერთხელ მამა ეპიფანემ მონასტერში ერთ ძმას შემდეგი ამბავი უამბო, თან მისგან პირობა აიღო, რომ არავის ეტყოდა:

– ერთხელ, ღამით, საშინელი უძილობის გამო ძლიერი დარდი შემომაწვა. შეწუხებულმა უფლისადმი ლოცვა ამ სიტყვებით დავიწყე: „უფალო, არაფერს გთხოვ, ოღონდ, ცოტა ძილი მომგვარე. მხოლოდ ამ მცირედს გევედრები. ამას ხომ ჭიანჭველასაც უბოძებდი“. შემდეგ გადავშალე ახალი აღთქმა და თვალში შემდეგი მუხლი მომხვდა: „...რაითა არ აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ხორცთაი ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო“ (2 კორ. 12,7). დავხურე წიგნი და ვთქვი: გმადლობ, შენ, უფალო!“

გავიდა ორი-სამი წელი და ხშირი უძილობის გამო იგივე განწყობა დამეუფლა. ისევ ავიღე ახალი აღთქმა, გადავშალე იმავე მუხლზე. კიდევ ერთხელ გამოვხატე მადლიერება ღვთისადმი და თხოვნა შევწყვიტე.

დიდი ხნის შემდეგ, როცა უძილობის გამო ჩემი ტანჯვა ისევ გრძელდებოდა, გავბედე და მესამეჯერ გადავშალე ახალი აღთქმა – ისევ ის მუხლი: „მომეცა მე საწერტელი ხორცთაი ანგელოზ სატან, რაითა დამქენჯნიდეს მე, რაითა არა აღვიმაღლო. და ამისთვის სამ-გზის ვევედრე უფალსა. და მრქუა მე: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების (2 კორ. 12, 7-9). მე სულის სიღრმემდე ავღელდი და ვთქვი: „უფალო, გმადლობ შენ. მომიტევე მე!“ იმ დროიდან, შვილო ჩემო, არ გავკადნიერებულვარ, რაიმე შემეჩივლა ღვთისათვის. დაე, იდიდოს სახელი მისი!

***

მამა ეპიფანე უბრალოდ და მიამიტად, მხიარულად და ცოცხლად გვიყვებოდა ნაცნობი ჟურნალისტის შესახებ, რომელმაც ვერაფრით მოახერხა სახლის მშენებლობის დასრულება და ხშირად ეუბნებოდა მეგობრებს: „როცა მოვკვდები, საფლავზე დამაწერეთ – „როგორც იქნა, ჭერი ეღირსაო!“

– ჩემს საფლავზე კი, – ხუმრობდა ბერი, – კარგი იქნება, თუ დააწერენ: „როგორც იქნა, ჩაეძინაო!“

კეთილი ქალბატონი

როდესაც მამა ეპიფანეს ვინმე სხვის შეცდომებს ახსენებდა, განსაკუთრებით კი სულიერი ძმებისას, ის უპასუხებდა:

– შვილო ჩემო, მე უფრო მომწონს, სხვებში კარგი შევამჩნიო... ნუ დაგავიწყდებათ ზღაპარი კეთილ და ბოროტ ქალბატონებზე, რომელთაც გზაზე თორმეტი თვე შემოხვდათ. როცა მათ ამ ქალბატონებს ჰკითხეს, თუ რა აზრის იყვნენ მათზე, კეთილმა ქალბატონმა მხოლოდ კარგი თქვა ბოროტმა კი – პირიქით. ამიტომაც თითოეულმა მათგანმა შესაფერისი ჯილდოც მიიღო: კეთილმა ქალბატონმა – მონეტებიანი ქისა, ბოროტმა კი – ქვებით სავსე პარკი. მე ძალიან მიყვარს ეს ზღაპარი და ვცდილობ, კეთილი ქალბატონის მაგალითს მივბაძო.

რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამა ეპიფანეს სინამდვილის შელამაზებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. უბრალოდ, შეფასების დროს ის უპირველესად ყურადღებას აქცევდა ადამიანის დადებით თვისებებს და არა ნაკლს.

აღსარების შესახებ

იგი ხშირად ამბობდა:

– ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეშია სააღმსარებლოში საათობით ყოფნა და ადამიანების ღმერთთან შერიგება.

***

მამა ეპიფანეს საოცარი ნიჭი ჰქონდა – აღსარების დროს გაეხსნა ადამიანის გული. რასაკვირველია, ეს ღვთივბოძებული უნარი იყო! ერთ ზაფხულს იგი, სულ ახლახან ხელდასხმული მღვდელი, ბავშვთა მართლმადიდებლურ ბანაკში მიიწვიეს. მას ბავშვებისგან აღსარება უნდა მიეღო, რომელთაც, როგორც ცნობილია, პირველი აღსარების თქმა უჭირთ. რა ხერხი იხმარა მამა ეპიფანემ, რომ ბავშვები სააღმსარებლოში მისულიყვნენ? მხოლოდ უთხრა:

– ბავშვებო, თუ აღსარების თქმა არ გსურთ, არც არის საჭირო. მაგრამ, ასეა თუ ისე, მინდოდა, თითოეულ თქვენგანს გავცნობოდი. ამიტომ შემოდით სააღმსარებლოში, უბრალოდ გავისაუბრებთ.

საბოლოოდ აღსარება ყველამ თქვა.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი