რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 18.06, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ლანძღვა-გინება

ბერის სულიერი შვილი მოგვითხრობს:

როდესაც უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე ვსწავლობდი, ზოგიერთი მასწავლებელი თავს მკრეხელობის უფლებას აძლევდა. ერთხელ მამა ეპიფანეს ვკითხე:

– რა გავაკეთო, რომ მათ შეწყვიტონ ყოველივე ღვთაებრივის ლანძღვა?

– შესვენებაზე მიდი რიგრიგობით თითოეულ მათგანთან ისე, რომ არავინ შეგნიშნოს და ჰკითხე, რა უფლებით შეურაცხყოფენ სხვათა რელიგიურ გრძნობებს. მანამდე კი ილოცე. თუ გაკვეთლზე ისინი ისევ ლანძღვას დაიწყებენ, მეცადინეობის დამთავრვებისთანავე მიდი და კვლავ უსაყვედურე. ვნახოთ, რა გამოვა.

და მართლაც, პირველი შესაძლებლობისთანავე მივედი გეომეტრიის მასწავლებელთან და ისე მოვიქეცი, როგორც ბერმა მირჩია: ეს მასწავლებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ელოდა შეკითხვას გეომეტრიიდან და არა იმის შესახებ, აქვს თუ არა მკრეხელობის უფლება. პასუხად მან დაიწყო, რომ, რა თქმა უნდა, ლანძღვა ცუდია და განსაკუთრებით რაიმე ღვთაებრივის მისამართით, შემდეგ კი ქებით მოიხსენია წმიდანი, ვისი სახელიც მას ერქვა.

მას შემდეგ ერთი წელიწადი ვიარე კურსებზე, მაგრამ არასოდეს გამიგია მისგან მკრეხელური ლაპარაკი. იგივე მოხდა ფილოლოგიის მასწავლებელთანაც – აღარც ის ილანძღებოდა, თუმცა თავიდან ძალიან უჭირდა თავშეკავება.

ათეისტური სახელმწიფო

ერთი მქადაგებლის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ, რომელიც საზოგადოების ზნეობრივ და სულიერ მდგომარეობას ეხებოდა, იმედი გაუცრუა ყმაწვილს და ამის შესახებ აზრი მამა ეპიფანეს ჰკითხა:

– მომისმინე, შვილო ჩემო, – მიუგო მან, – ბევრი სვამს ისეთ შეკითხვას, რომელშიც იმთავითვე ჩადებულია მცდარი მოსაზრება: „როგორ შეიძლება, ეს ხდებოდეს, როდესაც ქრისტიანულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ?“ მართებული იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენ, თანამედროვე ქრისტიანები, ვცხოვრობთ წარმართულ, ათეისტურ, მასონურ სახელმწიფოში და კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, რომ ქვებით მაინც არ ჩაგვქოლეს და ჯვარს არ გვაცვეს. ასეთია მწარე სინამდვილე!

მკვლელობა ომის დროს

ერთმა სამხედრო პირმა ჰკითხა მამა ეპიფანეს, თუ როგორ ესადაგება ცხოვრება ქრისტიანი ჯარისკაცისა, რომელიც იძულებულია, ომში ხოცოს ადამიანები, წმიდა წერილის სწავლებას: „არა კაც ჰკლა?“ ბერმა უპასუხა:

– სამხედრო პირის მოვალეობა მარტო ხოცვა-ჟლეტა არ არის. მაგალითად, როდესაც მას უბრძანებენ, დაიკავოს რაიმე პოზიცია, ამას იგი შეასრულებს, თუ აიძულებს მტერს, უკან დაიხიოს, ან ტყვედ აიყვანს, დაჭრის, ან უკიდურეს შემთხვევაში – გაანადგურებს მოწინააღმდეგეს. თუ ასეთ დავალებას მიიღებ, მთელი სასოებით მიენდე ღმერთს – ის მიიყვანს ამ საქმეს კეთილ დასასრულამდე.

მღვდლობა და სამხედრო ბეგარა

– გერონდა, რადგან მღვდლობას ვაპირებ, მინდა, ჯარში სამსახურისგან გათავისუფლება ვითხოვო.

– არა, შვილო ჩემო, გათავისუფლებას ნუ მოითხოვ, შენი სამხედრო ვალი მოიხადე. შენ ახლა მღვდლობა გინდა იმიტომ, რომ არმიაში სამსახური არ გსურს, მაგრამ მოგვიანებით უფრო შეგნებულ გადაწყვეტილებას მიიღებ.

– მაგრამ, გერონდა, თქვენ ხომ იცით, რამდენი საცთურია ჯარში და რამდენად იოლად შეიძლება, დაეცეს ის, ვინც მღვდლობისთვის ემზადება?

– ვიცი, შვილო ჩემო, რომ იქ საცთურები არის, მაგრამ მათი შედარება იმ საფრთხეებთან და განსაცდელებთან, რასაც მღვდელი აწყდება, არც კი შეიძლება. თუ ვინმეს არ ძალუძს სამხედრო განსაცდელები თავს იდოს, ის, მით უმეტეს, ვერ გაუძლებს მღვდლობასთან დაკავშირებულ ცთუნებებს. ამიტომ უმჯობესია, ასეთ ადამიანს ხელი მოეცაროს, როგორც ჯარისკაცს და არა როგორც მღვდელს.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი