რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№22

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.06, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ლანძღვა-გინება

ერთმა მუშამ მამა ეპიფანეს უთხრა:

– მამაო, როცა ვიგინები, საოცარი რამ ხდება – თუ ჭანჭიკს ვუჭერ და ის მაინც არ იხრახნება, ძალიან ვღიზიანდები, საკმარისია, შევიგინო და მაშინვე მნებდება.

მამა ეპიფანემ აუღელვებლად მიუგო:

– ასეც უნდა იყოს.

როდესაც ოსტატს დაბნეულობა შეატყო, გააგრძელა:

– ერთი ეშმაკი ჭანჭიკის მოჭერას აფერხებს, მეორე შენ გაქეზებს, რომ შეიგინო. როდესაც მეორე ეშმაკი თავის მიზანს მიაღწევს და გინებას დაგაწყებინებს, პირველი დაუყოვნებლივ თავს ანებებს ჭანჭიკს და ისიც მშვენივრად იხრახნება! ფრთხილად იყავი, შვილო ჩემო, მუშაობის დროს კი ნუ იგინები, ილოცე!

გარეგნული სახე

მამა ეპიფანეს სულიერი შვილი, მასწავლებელი, მოგვითხრობს:

– გერონდა, ვკითხე ერთხელ, – სკოლის მოსწავლე გოგონები და ზოგჯერ ზრდასრულნიც, ხშირად მეკითხებიან: ცუდია თუ არა, როცა დედაკაცი თმას იჭრის? მე მიმაჩნია, რომ სულის ცხონება ამაზე საერთოდ არ არის დამოკიდებული, მაგრამ არ ვიცი, უფრო ზუსტად როგორ გავცე პასუხი.

მაშინ მამა ეპიფანემ შემდეგი რამ მიამბო:

– ოდესღაც ერთი მოსაგრე მიდიოდა წყლის მოსატანად წყაროზე, მისი სენაკიდან საკმაოდ შორს, გზად გაიფიქრა: „რატომ გავდივარ ასეთ გრძელ და დამქანცავ გზას, უმჯობესი არ იქნება, წყაროს მახლობლად დავსახლდე?“ ამ ფიქრებში გართულმა დაინახა ანგელოზი, რომელიც მის ნაბიჯებს ითვლიდა.

– რას აკეთებ? – ჰკითხა მოსაგრემ.

– ვითვლი, რამდენ ნაბიჯს გადადგამ, რათა ღმერთმა დაგაჯილდოოს შენი დათმენისა და ჯაფისთვის.

– თუ ღმერთი დამაჯილდოებს იმ ნაბიჯებისთვის, რაც მე წყლის მოსატანად მჭირდება, მაშინ წავალ და წყაროდან კიდევ უფრო მოშორებით დავსახლდები, – თქვა მოსაგრემ.

თხრობის დასასრულ მამა ეპიფანემ მითხრა:

ნებისმიერ საქმეს, თუ იგი ღვთისადმი სიყვარულით აღესრულება, მისაგებელი აუცილებლად მიჰყვება.

იგი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ჩვენს გარეგნობაში მოკრძალების დაცვა ნებისმიერი ფორმით, თუ ეს განპირობებული იქნება ქრისტესადმი სიყვარულით, ჯილდოს გარეშე არ დარჩება.

დედაკაცები და სამუშაო

მამა ეპიფანე გადაჭრით ემხრობოდა აზრს, რომ გათხოვილ დედაკაცებს საკუთარი სახლის გარდა არსად ემუშავათ. ის ხშირად საუბრობდა, თუ როგორ სიამოვნებას ანიჭებდა სტუმრობა იმ სულიერ შვილებთან, რომელთა ცოლებიც არ მუშაობდნენ, რადგან იქ ყოველთვის წესრიგი, სიმყუდროვე და სითბო იყო დასადგურებული. მამა ეპიფანე არაერთგზის უსვამდა ხაზს, რომ მომუშავე დედაკაცებს ორი ბატონი ჰყავთ: ერთი მხრივ, სახლი და ოჯახი და მეორე მხრივ – სამსახურის უფროსი ან კლიენტურა.

მაგრამ მამა ეპიფანე არავის ახვევდა თავს საკუთარ თვალსაზრისს. იგი კარგად ერკვეოდა სიტუაციაში და შეეძლო გამონაკლისების დაშვება. ბევრი მისი სულიერი შვილი (დედაკაცი) მუშაობდა. ბერმა იცოდა ოჯახების ეკონომიური გაჭირვების შესახებ და ისიც, რომ ქმრის ხელფასი არ იყო საკმარისი. ამ სიძნელეთა გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად კი იგი მოკრძალებულ ცხოვრებას ურჩევდა (რასაც თავად მისდევდა), მაგრამ იმავდროულად, კეთილნებობითი სიღარიბე ოჯახური ცხოვრების აუცილებელ პირობად არ მიაჩნდა. მამა ეპიფანემ იცოდა, რომ ახლა ქალიშვილები გათხოვებამდე სწავლობენ ან მუშაობენ. ვინც თხოვდებოდა, მას სამუშაოს მიტოვებას არ სთხოვდა, თუმცა ბევრი მაინც ანებებდა თავს სამსახურს ქორწინების ან ბავშვის გაჩენის შემდგომ. მამა ეპიფანე არასოდეს აიჩემებდა რამეს, მხოლოდ რჩევებით იფარგლებოდა და თითოეულ ადამიანს აძლევდა ნებას, თავადვე მოქცეულიყო ისე, როგორც ამას უკარნახებდა პირადი მიდრეკილებანი, პირობები, გარემოებები, გაჭირვება... ერთადერთი, რაც მამა ეპიფანეს აინტერესებდა, ადამიანის ცხონება იყო.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი