რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ რძისგან საოცარი ეფექტის მქონე კანის ნიღბები

№21

ავტორი: ანი რევია 11:00 01.06, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

რძისგან გასაოცარი და ეფექტური კანის მოვლის საშუალებები მზადდება. სახლის პირობებში შეგიძლიათ ეს თავადაც სცადოთ. იმისთვის, რომ კანი ხავერდოვანი და გლუვი გახდეს, დაგჭირდებათ მხოლოდ ის ინგრედიენტები, რაც სახლში თითქმის სულ გაქვთ.

რძისა და შავი პურის ნიღაბი - შავი პურის ნაჭრები დაალბეთ თბილ რძეში და ფაფა გააკეთეთ. წაისვით სახეზე და სახის კანი და ნაკვთები კარგად დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით. ბოლოს კი თქვენი სახის კანისთვის განკუთვნილი მკვებავი კრემი გადაისვით.

რძისა და კომბოსტოს ნიღაბი - კომბოსტო დაჭერით, მოხარშეთ რძეში და დააბლენდერეთ. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

თაფლის, ნაღებისა და ლიმონის ნიღაბი - 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 30 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

რძის, საფუვრისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი - ნახევარ ჩაის კოვზ საფუარს ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე და 2 წვეთი ზეითუნის ზეთი, ვიდრე არაჟნის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუშისა და რძის ნიღაბი – რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით, 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ, გაფცქვენით და დაფქვით. ნახევარ ჩაის კოვზ ნუშის ფქვილს დაასხით იმდენი ცხელი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

რძისა და ზეთის ნიღაბი - 1 სადილის კოვზ თბილ რძეში გახსენით 20 გრამი საფუარი, დაამატეთ 1 სადილის კოვზი სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის - 1 სადილის კოვზ ლუდის საფუარს, შეურიეთ იმდენი რძე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და გაშრობამდე გაიჩერეთ. ნიღაბი, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ გაშრება, რის შემდეგაც სახე ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის - 2 სადილის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი თბილი რძე და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა სახესა და ყელზე დაიდეთ, დაიტოვეთ 10 წუთით და ჯერ თბილი, შემდეგ კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი - 2 სადილის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სადილის კოვზი გახეხილი გოგრის რბილობი და 1 ჩაის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი - თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ.

რაც მთავარია, თუ ამ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი ჯანსაღი, გლუვი და ელასტიკური გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი