რჩევები

როგორ უნდა გახადოთ თმა მოცულობითი და შეაჩეროთ მისი ცვენა

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 30.06, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თუ გსურთ, ვარცხნილობა ვიზუალურად უფრო მოცულობითად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ, გაიკეთოთ მელირება. შეიღებეთ თმა რამდენიმე სხვადასხვა ტონში. თმის ფერის მინიმალური გრადაცია დავარცხნისას მოცულობის ილუზიას შექმნის. გაითვალისწინეთ, რომ თმის ძირი უფრო მუქი უნდა იყოს. ასევე, სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები, რადგან თმისთვის მოცულობის შესაქმნელად ყველა არ გამოდგება. უმჯობესია, გამოიყენოთ სპრეი ან მუსი – თხელი ქაფი, იჭერს ფორმას და თმას უფრო ფუმფულას ხდის.

თმას რომ მოცულობა მოემატოს, საჭიროა თმის გამაშრობლის – ფენის, სწორი გამოყენება. თმის გაშრობისას ჰაერის ნაკადი მიმართეთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ფენის რეჟიმი უნდა იყოს ზომიერი ან დაბალი. იმისთვის, რომ თმა არ დაგემუხტოთ, გამოიყენეთ ფენი, რომელსაც ჰაერის იონიზაციის ფუნქცია აქვს.

აქვე გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნიღაბი თმის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ – აურიეთ 2 სადილის კოვზი ბირკავას ზეთი და 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა. ოდნავ შეათბეთ და წაისვით ჯერ ძირებზე, შემდეგ კი მთელ თმაზე გადაინაწილეთ. ნახევარი საათით დაიტოვეთ და შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაგიჯანსაღებთ თმას, გაასქელებს და მისცემს მას ბზინვარებას.

გაითვალისწინეთ, ის შამპუნი, რომელიც ზამთარში ძალიან მოგწონდათ, შესაძლოა, ზაფხულში თმას საერთოდ არ მოუხდეს. ამიტომ შამპუნი სეზონურად უნდა ცვალოთ.

თმის ცვენისას კი ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ნაზავები დაგეხმარებათ, თუ მათ რეგულარულად გამოიყენებთ, თავად ნახავთ, რომ უმოკლეს დროში მოგვარდება პრობლემა და თმა მოცულობითი და ძლიერი გახდება.

👉1 სადილის კოვზი ხახვის წვენი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული და 1 სადილის კოვზი თალგამის ზეთი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებზე. დარჩენილი მასა კი გადაინაწილეთ მთლიან თმის სიგრძეზე. ერთი საათის შემდეგ დაიბანეთ თავი თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილი შამპუნით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ, თმის ცვენის სრულ შეჩერებამდე.

👉 2 სადილის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სადილის კოვზი ცხელი წყალი და 2 ჩაის კოვზი კეფირი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა გაინაწილეთ თავის კანზე და გაიკეთეთ თმის ძირების მსუბუქი მასაჟი. თითების ნაზი მოძრაობით დაიმუშავეთ მხოლოდ კანი და თმის ძირები. თუ წვის შეგრძნება ძლიერი არ არის, ნიღაბი ნახევარი საათით გაიჩერეთ. ხოლო, თუ წვა იმატებს, ჩამოიბანეთ შამპუნით. ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში. თმის ცვენა საგრძნობლად შემცირდება, ქერტლი გაქრება, თმა კი დამატებით ბზინვარებასა და გაცილებით ჯანსაღ იერსახეს შეიძენს.

👉 3 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი დაფქული დაფნის ფოთოლი და 100 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2-3 საათით. შემდეგ გადაწურეთ და ამ სითხით კარგად დაიმუშავეთ თმის ძირები. დაიტოვეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში ორი ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ თმის ცვენა შეაჩეროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი