რჩევები

როგორ დავუბრუნოთ ცხელ დღეებში გამომშრალ თმას სიჯანსაღე და ბზინვარება

№38

ავტორი: ანი რევია 11:00 29.09, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ზაფხულის ცხელი დღეების პერიოდში თმა კარგავს ბევრ მინერალს, შრება და ზიანდება. ამიტომ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის დატენიანებაზე, აღდგენასა და გაჯანსაღებაზე. ამაში კი, ის ბუნებრივი და ნატურალური საშუალებები დაგეხმარებათ, რაც ყველა ოჯახში მოიპოვება და არც ძვირი ღირს.

ზეითუნის ზეთი – ატენიანებს გამომშრალ თმას და მატებს მას ბზინვარებას. უკეთესი ეფექტისთვის ზეითუნის ზეთი სასურველია შეათბოთ. თბილი ზეთი წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ თანაბრად. თავზე დაიფარეთ საშხაპე ქუდი, რომელიც თქვენი თმის ტენიანობას უზრუნველყოფს, ნახევარი საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ შამპუნი. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ კვირას, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

ვაშლის ძმარი – საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გამომშრალ და დაზიანებულ თმას ეხება. ნუ შეგაშინებთ ძმრის უსიამოვნო სუნი, ის თმაზე არ რჩება. სამაგიეროდ, ყოველი პროცედურის შემდეგ თქვენი თმა სასწაულებრივად ბზინვარე ხდება. გადაივლეთ ძმარი ბანაობის შემდეგ სველ თმაზე ან ერთი სუფრის კოვზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ, დაახლოებით, 5-იდან 10 წუთამდე. თუ ამ მეთოდით კვირის განმავლობაში ორჯერ დაიბანთ თმას, შედეგს ძალიან მალე იხილავთ.

კვერცხის გული – მდიდარია ცილებითა და ცხიმებით. შესაბამისად, უზრუნველყოფს ტენიანობას, ებრძვის ბაქტერიებს და ზედმეტ ცხიმებს. ამიტომაც, კვერცხი გამომშრალი და დაზიანებული თმის მოვლის საუკეთესო ნატურალური საშუალებაა. კვერცხის გულს შეურიეთ ცოტა თბილი წყალი, მიღებული მასა გაინაწილეთ მთლიან თავზე და რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ. არ გამოიყენოთ შამპუნი.

ლიმონი და თაფლი – თმის დაზიანების წინააღმდეგ ლიმონისა და თაფლის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, თაფლი კი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თმის ნიღბის დასამზადებლად ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ თაფლს და დაუმატეთ ერთი ფინჯანი წყალი. მიღებული მასა წაისვით თმაზე და ეცადეთ, თავის კანს არ შეეხოთ. გაიჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ, შამპუნით ჩამოიბანეთ.

მინერალური წყალი – მინერალური და გაზიანი წყალი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა, რადგან მასში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ნახშირორჟანგი. გაზიანი და მინერალური წყალი ეხმარება თმას, აღიდგინოს ტენიანობა.

მაიონეზი – მაიონეზი კვერცხითა და ცხიმით მზადდება, რაც თქვენს თმას არა მარტო შეუდარებელ ბზინვარებას მიანიჭებს, არამედ შეამცირებს დაზიანებასა და სიმშრალეს. ნიღბის დასამზადებლად მაიონეზს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაბანილ, სველ თმაზე წაისვით. დაიფარეთ თავზე საშხაპე ქუდი და გაიჩერეთ, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ლუდი – გადაივლეთ ლუდი შამპუნის გამოყენების შემდეგ და ნახავთ, როგორ დარბილდება და იბზინებს თქვენი თმა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, ლუდის ნიღბის დამზადებაც. ამისთვის დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი ლუდი და 3 სუფრის კოვზი რძე. ეს ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და შამპუნით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი