რჩევები

რატომ უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები სეზონის მიხედვით

№41

ავტორი: ანი რევია 11:00 21.10, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სეზონის ცვლილება უპირველესად სახის კანზე მოქმედებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კოსმეტიკის სწორად შერჩევა, რომ მასზე პრობლემები არ გაჩნდეს ან უკვე წარმოქმნილ დეფექტებთან გამკლავება შეძლოთ. თუ კოსმეტიკა დადებითად მოქმედებს კანზე, მისი შეცვლის აუცილებლობა არ არის. თუმცა, მიზანშეწონილია, მოვლის საშუალებები სეზონის მიხედვით შეიცვალოს – ზაფხულში მეტად დამატენიანებელი ხაზია უკეთესი, ზამთარში კი – მკვებავი. მნიშვნელოვანია, ასევე, კოსმეტიკის შერჩევა ასაკისა და კანის ტიპის გათვალისწინებით.

სანამ შეიძენთ, ჯერ დატესტეთ – წაისვით კრემი ხელზე და დააკვირდით კანის რეაქციას. ზოგადად, კოსმეტიკის შერჩევისას, ქალების უმრავლესობა პროდუქციის პრესტიჟულობით, ბრენდულობით და ლამაზი შეფუთვით ხელმძღვანელობს. არადა, აუცილებელია, სანამ შეიძენთ, მის შემადგენლობასაც გულდასმით გაეცნოთ. კოსმეტიკის ზემოქმედების ეფექტიანობა გაცილებით მეტია ერთი ფირმის საშუალებების გამოყენებისას, რადგან ერთი ხაზის საშუალებები ერთმანეთს ავსებს. თუ შეურევთ სხვადასხვა ფირმის ტონიკსა და კრემს, კანი შეუთავსებელი კომპონენტების ორმაგ ზემოქმედებას განიცდის. ერთი ხაზის საშუალებები ერთიან საბაზისო კომპონენტებს შეიცავს, თითოეულის აქტიური ნივთიერება აძლიერებს და ავსებს ერთმანეთს. ასევე, არ შეიძლება სხვადასხვა წარმოშობის კომპონენტების – ნატურალურისა და სინთეზურის შემცველი საცხების ხმარება.

შესაძლოა, კანი გააღიზიანოს ზამთარში მსუბუქი, ზაფხულში კი მძიმე კრემის გამოყენებამ. თუ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი აქტიური ნივთიერებები არ შეესაბამება თქვენს ასაკს, ეფექტს ვერ მიიღებთ. თუ კანი არასაკმარისადაა დატენიანებული, ნაოჭების საწინააღმდეგოდ ორი ძლიერმოქმედი შრატი უნდა წაისვათ. დილით უმჯობესია დამატენიანებელი, საღამოს კი – ლიფტინგის ეფექტის მქონე. კანმა კოსმეტიკური საშუალება სრულად უნდა შეიწოვოს. ზედმეტი კრემი ხელსახოცით მოიშორეთ.

ეფექტურია თერმულ წყალზე დამზადებული პრეპარატები. მათ შემადგენლობაში შედის წვიმის წყალი, რომელშიც მრავლადაა მინერალები და ბიოლოგიური ნივთიერებები. ასეთი კოსმეტიკური საშუალებები, აფერხებს კანის დაბერებას, აღადგენს მის ფუნქციებს და შედეგებიც შთამბეჭდავია. ფუძე კრემები კი უზრუნველყოფენ კანის დაცვას, ზრდიან მის სირბილეს, ელასტიკურობას და ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას. მცენარეებიდან მიღებულ ფუძეს ზეთოვანს უწოდებენ. ამ უკანასკნელის კოსმეტიკურ საშუალებებში არსებობა პროდუქტის ნატურალურობას მიუთითებს. კოსმეტიკაში სხვადასხვა ზეთს იყენებენ:

✔️გარგარის კურკის ზეთი – შესანიშნავი კომპონენტია მგრძნობიარე კანისთვის, ატენიანებს და კვებავს კანს;

✔️ავოკადოს ზეთი – აქვს კარგი აღმდგენი თვისებები, აძლიერებს თმასა და კანს, აღადგენს მათ სტრუქტურას;

✔️ჟოჟობას ზეთი – აღადგენს მოდუნებულ კანს და მზისგან დამცავი საშუალებების შეუცვლელი კომპონენტია. ღრმად აღწევს კანში, უზრუნველყოფს დატენიანებას, კვებას, რეგენერაციასა და ეპიდერმისის დაცვას. მას იყენებენ როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის. მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის. ჟოჟობას შემცველი კოსმეტიკური საშუალებები კანს ანიჭებს სიგლუვეს, ხავერდოვნებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს;

✔️ ხორბლის თესლის ზეთი - ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ათეთრებს მას და აწვდის E ვიტამინს;

✔️ყურძნის წიპწის ზეთს იყენებენ მკვებავ, მარეგენერირებელ, დამატენიანებელ კოსმეტიკურ პრეპარატებში; ნიღბებში მშრალი, დაზიანებული, მგრძნობიარე და მოდუნებული კანისთვის, ასევე ანტიცელულიტურ საშუალებებში;

✔️ლოსიონები და ბალზამები შეიცავს ჩაის ხის ზეთს, ამშვიდებს და ატენიანებს კანს, ავიწროებს ფორებს, აქვს აღმდგენი მოქმედება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი