პოლიტიკა

ვირუსთა მბრძანებელი

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.10, 2021 წელი

ვირუსთა მებრძოლი
დაკოპირებულია

გშია? იცეკვე, ანუ აიცერი?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ (თუმცა ეს ჩემი ვარაუდია) არჩევნები დასრულდა, ავანსცენაზე კვლავ გამობრწყინდა ამირან გამყრელიძე (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავკაცი). და, თუ მანამდე ინფექციური საავადმყოფოს თავკაცი (თენგიზ ცერცვაძე) ჰგოდებდა, „ფაიზერი“ ფუჭდებაო (ის ამბავი მაინც კეთილად გასრულდა, ვინაიდან სამთვიანი ვარგისიანობის ვადის მქონე ვაქცინები ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის უცნობი მიზეზით, ცხრათვიანებად იქცნენ), აწ უკვე ბ-ნმა გამყრელიძემ გვამცნო, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება, მოტივად, ბუნებრივია, ვაქცინაციის ტემპის კლება დაასახელა (აგვისტოს 8 000-ან მაჩვენებელზე სამჯერ დაბალია აცრების ოდების ოდენობაო).

მეორე მხრივ, კოვიდს ამასობაში ნირიც უცვლია (ესეც ჩემი ვარაუდია) და, თუ გასული წლიდან, ვიდრე დღემდე მოყოლებული გვარწმუნებდნენ, რომ სეზონურად კოვიდის გარდა არც ერთი სხვა ვირუსული დაავადება აღარ არსებობდა (ანუ კორონავირუსს ჰყავდა დაპყრობილი სრულიად ვირუსულ-ბაქტერიულ სამყარო და ის, გამყრელიძის ვერსიით, აუჯანყდა ერთპიროვნულ „მმართველ“ კორონას), ამჯერად გაირკვა, რომ (ეს ამბავიც ბ-ნი გამყრელიძის ბაგეთაგან შევიტყვეთ), ტემპერატურის კლებასთან ერთად, სხვა რესპირატორული ვირუსებიც გააქტიურდებინ, რასაც, თურმე, ტვინდემია (ორი სხვადასხვა ვირუსის ერთდროულ გავრცელებას) რქმევია.

შესაბამისად, გვეუწყა, რომ ტვინდემიის მსხვერპლად ვიქცევით (რაკი ჯერჯერობით ავანსცენა პაატა იმნაძეს არ დაუმშვენებია, უცნობია, კუბოების ცვენის გარდა რა ვერსიას შემოგვთავაზებს - ჩემი ვარაუდით, აუცრელებს ამსოფლადვე ჩამოურიგებს ჯოჯოხეთის კელიების ნომრებს).

თუმცა ყველაზე ინოვაციური მაინც გიორგი ფხაკაძე აღმოჩნდა (იგი პროფესორიც ყოფილა, რაც მე ახლახან შევიტყვე). მან წყალი გადაუწურა ჩინური ვაქცინებით აცრილ ჩვენს ბედკრულ მოსახლეობას. სახელდობრ, თავისი ჩიქორთული ქართულით გვიმტკიცებს (მე მის ნააზრევს სალიტერატურო ქართულით გადმოვცემ), რომ მაშინაც კი, თუ თქვენ ჩინური ვაქცინით აგვისტოში აიცერით, რაკი ახლა ოქტომბერია, ჩათვალეთ, რომ აცრილი აღარ ხართ და კიდევ უნდა აიცრათ ორჯერადად „ფაიზერითო“.

ვეჭვობ, ამ კორონაპოკალიფსური სცენარის მიზანი ვაქცინების გასაღებაა (არც მათი ვადაა უსასრულო), ვინაიდან აცრის არმსურველს ვერ მოანდომებ, სამიზნე აუდიტორიად ისევ და ისევ აცრილები შეარჩიეს, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ პლაცებოს ეფექტი ორივე მიმართულებით მუშაობს, არც ისაა გამორიცხული, აცრის მსურველთათვის ეს პანაცეაც იყოს: ანუ გშია? იცეკვე (ანუ აიცერი), გცივა? იცეკვე (ანუ აიცერი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი