პოლიტიკა

ვინ „დაითრევს“ სკამს

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 13.04, 2021 წელი

ნინ დაითრევს სკამს
დაკოპირებულია

ანუ „სასარგებლო იდიოტის“ როლში

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტართა შუამავლობამ, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ანუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისთვის მიეღწიათ, შედეგი ვერ გამოიღო (არათუ ვერ გამოიღო – ევროპარლამენტარები ჩვენებურმა ოპოზიციამ ლამის რუსეთის აგენტებად გამოაცხადა), რამდენიმე ევროპარლამენტარმა (წამყვანებმაო – ასე წერს ჩვენი მშობლიური მედია) განცხადებით მოგვმართა.

ცხადია, წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის – კრისტიან დანიელსონის – შეთავაზებას და, აქედან გამომდინარე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის სავალალო შედეგებზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას (პათოსით: „რაც მოგივა, დავითაო“).

შენიშნავენ, რომ, რაკი ჩვენებურმა პოლიტპარტიებმა უარი თქვეს დათმობებზე, ამიტომაც (მომყავს ციტატა): „საქართველოს ლიდერები ევროკავშირისგან არ უნდა ელოდონ საქმიანობის ჩვეულებრივ გაგრძელებას“. ზედაც, აკონკრეტებენ, რომ შესაძლოა, შეიქმნას პრობლემა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების, მაკროფინანსური და ბიუჯეტის დახმარების პროგრამების მხრივაცო.

ეს პასაჟი აჩენს ეჭვს, რომ ოპოზიციის მიერ კომპრომისზე უარის თქმა, სწორედ, ამ გათვლას ემყარება: თუ არ იქნა დასავლური დახმარება, სოციალური ფონი დამძიმდება და მოსახლეობა ხელისუფლებას აუმხედრდება (იმას გარდა, რომ ეს არასახელმწიფოებრივი გათვლაა, არაპრაქტიკულიცაა, ვინაიდან „ოცნება“ ხელისუფლებაში მუდმივად მაინც ვერ იქნება და, შესაბამისად, ოპოზიციასაც გაუჭირდება გაჩანაგებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის მართვა, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა). ერთი სიტყვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ: „დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საქმე ეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალს.“

აი, მე კი, მეტსაც ვიტყოდი, საქმე ეხება სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაზე დასავლეთის გავლენის შესუსტებას, რაც ავტომატურად აისახება ახლო აღმოსავლეთში გავლენაზეც (შესუსტების მხრივ), თუმცა, რაკი აშკარაა, რომ მშობლიური პოლიტიკური სპექტრი იმაზეა გამეცადინებული, როგორმე სკამები (მაპატიეთ ჟარგონისთვის) დაითრიონ, რჩება შთაბეჭდილება (რამდენიც უნდა აპროტესტონ პოზნერის ჩამოსეირნება), რომ ჩვენებური პოლიტიკოსები, ჩვეულებისამებრ (და უკვე მერამდენედ), სწორედ, რუსეთისთვის ასრულებენ, ეგრეთ წოდებული, „სასარგებლო იდიოტების“ როლს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი