პოლიტიკა

ცივილიზაციის ინფანტილიზმი

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 19.09, 2022 წელი

ვლადიმერ პუტინი
დაკოპირებულია

ანუ რბილ ადგილას მტკივნეული დარტყმები

მართალია, თანამემამულეთა უმეტესობის ყურადღება დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების და ტახტზე მისი ვაჟის ასვლისადმია მიპყრობილი, მაგრამ ჩემი ყურადღება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ სცილდება.

ქ-ნმა ტრასმა საგანგებო ზომები გამოაცხადა, რათა ენერგეტიკული კრიზისი დაიძლიოს, ხოლო ამ კრიზისში ბრალი ვლადიმირ პუტინს დასდო, გველეშაპივით დაეპატრონა გაზსა და ნავთობსო (კონკრეტული შედარება ჩემია, რაც არსს არ ცვლის, ამიტომაც მოვიხმე), შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობა ათობით მილიარდ გირვანქა სტერლინგს დაურიგებს მოსახლეობასა და ბიზნესმენებს, რათა დამდეგ ზამთარში სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფა აიცილოს თავიდან (მე დავაზუსტებდი, რათა ამომრჩეველმა მთავრობას ბართლომეს ღამე არ გაუთენოს).

კერძოდ, 150 მილიარდი გირვანქა სტერლინგიდან 90 მილიარდი მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება: ყოველ ბრიტანელ ოჯახს 400 გირვანქას დაურიგებენ გაზისა და ელექტროენერგიის მომატებული ფასების კომპენსაციისთვის, ხოლო ფასებს არსებულ დონეზე (ანუ უკვე გაზრდილს) ხელოვნურად შეაჩერებენ 2 წლის განმავლობაში.

და გეგმას მეორე ნაწილიც აქვს, რაც ნავთობ-გაზის მოპოვების აღორძინებასა და ბირთვული ენერგეტიკის განახლებას გულისხმობს (დიდი ბრიტანეთის ენერგოუსაფრთხოება უნდა განვამტკიცოთ, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტულ საწვავზეო). ქ-ნმა ტრასმა ასე განმარტა: ეს ის რბილი ადგილია, რომელსაც პუტინი მტკივნეულად ურტყამსო და დასძინა, პუტინი კარგად სარგებლობს ჩვენი მოწყვლადობით. ენერგორესურსები იარაღად გადააქცია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ომშიო...

ბუნებრივია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დამნაშავეებს გარეთ ეძებს (რაც, სულაც, არ ნიშნავს, რომ პუტინი დამნაშავე არ არის, უბრალოდ ბრიტანეთის პოლიტიკისგანაა ეს ინფანტილური განაცხადი), ვინაიდან ამომრჩეველს ჰპირდებოდა დაბალ გადასახადებს, მინიმალურ რეგულირებას, თავისუფალ ბაზარსა და არანაირ საჩუქარ-დახმარებებს სახელმწიფოსაგან.

რაც შეეხება ბრიტანელების გაჭირვებაში თითის პუტინისკენ გაშვერას, ვინც, ყველამ ვიცით, რა ხვითოცაა და არაერთხელ გამოუყენებია გაზი და ნავთობი იარაღად (მათ შორის, წლების წინათ ჩვენ მიმართაც), მაგრამ, თავი რომ ცივილიზაციის მეფედ მოგაქვს, ამასობაში კი სანქციებს უწესებ, იმდენს ვერ უნდა მიხვდე, რომ ნავთობისა და გაზის იარაღს შენ წინააღმდეგაც გამოიყენებს?! ანუ პუტინის კაიკაცობის იმედზე იდგა ბრიტანეთის ენერგოუსაფრთხოება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი