პოლიტიკა

სტამბოლის ხიბლი

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 26.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ საპატიო საბაბი

სამი წლისა და ორთვიანი შუალედის შემდეგ სტამბოლში კვლავ იმართება მოლაპარაკებები რფ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, ამჯერად აშშ-ის შუამავლობით. თუმცა ზელენსკიმ, თავდაპირველად, იუარა, მაგრამ შემდეგ განაცხადა, რომ პუტინს სტამბოლში დაელოდება, ხოლო, როდესაც გაირკვა, რომ პუტინი ჩასვლას არ აპირებდა და არც ჩავიდოდა, რის გამოცნობასაც დიდად ბისმარკობა არ სჭირდებოდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსადაც არ ჩავიდოდა. მაგრამ, დასავლური მედიის ცნობით, დასავლელმა ლიდერებმა ის საპირისპიროში დაარწმუნეს.

მოკლედ, დელეგაციები სტამბოლში ჩაფრინდნენ. რფ-ის დელეგაცია, ძირითადად, მინისტრის მოადგილეებით იყო წარმოდგენილი, უკრაინის დელეგაციაში – მინისტრებით, ხოლო აშშ – რუბიოთი და უიტკოფით. ისე მოხდა, რომ 15 მაისს მოლაპარაკება ვერ გაიმართა და თითქოს დელეგაციები უბრად უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მოლაპარაკებები 16-ისთვის გადაიდო.

უდიდესი ალბათობით, შეთანხმება ვერ მოხერხდება, ყოველ შემთხვევაში, ომის დამთავრების შესახებ, მაგრამ ფრიად საინტერესო რამ გაირკვა. სახელდობრ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერაფერი გადაწყდება, სანამ პუტინს არ შეხვდება. იგივე გაიმეორა მარკო რუბიომაც – ტრამპის გარეშე არაფერი გამოვაო. მომყავს ციტატა: „გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გაარკვევს, რა განზრახვები აქვს.“

მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, პუტინმა ტრამპს (ან პირიქით) თავისი განზრახვები გაუმხილოს, მაგრამ საბაბი კი (ერთმანეთთან შესახვედრად) მშვენიერია ნაპოვნი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სამი წლისა და ორი თვის წინათ იმავე ადგილას გამართული მოლაპარაკებებისას არც მსხვერპლი იყო ამ ოდენობის და ყირიმის გარდა, უკრაინის არანაირ ტერიტორიაზე არ ჰქონდა პრეტენზია რუსეთს, ფაქტია, რომ უკრაინის მდგომარეობა გართულდა (რუსეთისაც) და საეჭვოა, მხარეებმა დაზავება შეძლონ. შესაბამისად, რაკი ყველას თავისი სამრეკლო აქვს (ჯერ თავო და თავოო), იმედია, სამხრეთ კავკასიის გარეშე გაარკვევენ ერთამანეთთან ურთიერთობას ოკეანისგაღმეთი, ჩრდილოეთი და დასავლეთი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა