პოლიტიკა

სოროსიდან – კატნილამდე

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.05, 2023 წელი

სოროსიდან -კატნილამდე
დაკოპირებულია

ანუ უკანასკნელი ტანგო დედამიწაზე?!

მართალია, მარსზე გადასახლების საკითხი და დედამიწის უფასო, კოსმოსური ინტერნეტით მომარაგება ძველებურად აქტიურად აღარ დგას მსოფლიოს დღის წესრიგში, მაგრამ ილონ მასკი არ ცხრება და კვლავაც განაგრძობს მსოფლიოს გაოცებას (ან, უბრალოდ, მსოფლიოს, მაპატიეთ ჟარგონისთვის და, „გაშაყირების“ პროცესს).

სახელდობრ, მას შემდეგ, რაც ჩვენებური არასამთავრობოელების მიერ დედამიწაზე (ან იქნებ ცაშიც?!) მოსიარულე ღმერთად მიჩნეული ჯორჯ სოროსი მუტანტ მაგნეტოს შეადარა (შეგახსენებთ, რომ „კომიქსების“ გმირ მუტანტ მაგნეტოს აზრით, მუტანტები ევოლუციურად აღმატებულნი არიან ადამიანებზე და ამიტომაც გამორიცხავს მუტანტებისა და ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობას“), თავისი მომავალი ცოლიც შექმნა და კიდეც გვაჩვენა.

და თუმცა, ეგრეთ წოდებული, გასაბერი ქალები აქამდეც იყო ცნობილი სექსსათამაშო, ილონ მასკის მომავალი ცოლი პირველი რობოტია (საერთოდ, რობოტებს შორის), რომელსაც აქვს ხელოვნური ინტელექტი, ახასიათებს პიროვნულობაო (პიროვნულობაო?! რობოტსო?!) და ქალის ისეთი მახასიათებლები, რომლებიც არც ერთ ადამიანში (ნორმალურში, ცხადია) წამლადაც არ მოიძებნება. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც ყველა ის მახასიათებელი აქვს, რაც კი შესაძლებელია. ჟღალთმიანი რობოტი კატნილა (მომავალი ცოლი, ისე, ვითომ საყვარლობაზე ან მეგობარი ქალის სტატუსზე თანახმა არაა?!) მზის ენერგიით დატენვის გარეშე მუშაობს, მას აქვს სენსორები, რომელთა წყალობითაც შეუძლია, თავი ბედნიერადაც იგრძნოს ან მოიწყინოს. ასევე, გვარწმუნებენ, დაბალანსებული და ინტერაქტიული აზროვნებაცო. შესაბამისად, შეუძლია, თავისი ემოციები გაუზიაროს პატრონს. ზედაც, ყველანაირ ფსიქოლოგიურ სტრესსაც ავლენსო (ანუ, თუ პატრონი მოისურვებს, კიდევაც მოაწყობს ისტერიკასო?!).

ბუნებრივია, მსგავსი პარტნიორი ფრიად მოსახერხებელია, იმიტომ რომ, როგორც გაგიხარდება, ისე დააპროგრამებ და ფაქტობრივად, სამოთხეს მოიწყობ, თუმცა აი, ის კი აღარ ვიცი, ილონ მასკი მხოლოდ თავისთვის იმზადებს ასეთ საჩუქარს, თუ, ზოგადად, მამაკაცებს უმზადებს და, საერთოდაც, გენდერული ბალანსის დასაცავად მსგავსად კომფორტულად დაპროგრამებული მამაკაცი რობოტების შექმნას თუ აპირებს (რა თქმა უნდა, ტრანსებსაც)?! მოკლედ, დედამიწის ერთ ნაწილში ხალხი სისხლისგან იცლება, მეორეში – შიმშილია, მესამეში კი, სახელდობრ, მილიარდერი მასკი ბედნიერ კატლინას ტანგოს ეცეკვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი