პოლიტიკა

„შავი დღის“ მოლოდინში

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.06, 2022 წელი

შავი დღის მოლოდინში
დაკოპირებულია

ევრო VS უკრაინელი სამხედრო

მართალია, ეს დასავლური მედია, ჩვენ რომ თავისუფალი სიტყვის მეტრი გვეგონა, სულაც, არ ყოფილა ისეთი უზადო, როგორიც საბჭოური „რკინის ფარდიდან“ ჩანდა (ოღონდ ეს მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც უფრო და უფრო ახლოს და ახლოს გავიცანით), მაგრამ მათ შორის მაინც გამოიძებნებიან ისეთები (გამოცემებიც და ავტორებიც), რომლებიც წესიერების სტანდარტს იცავენ, თუმცა მე ამის გამრჩევი დეტექტორი არ გამაჩნია. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ერთი ფაქტია, ინფორმაციას მაინც ვიღებთ, თუ სრულიად დასავლური საზოგადოების არა, მისი ცალკეული ჯგუფების განწყობების შესახებ მაინც.

ჰოდა, „ფაინენშელ თაიმსი“ გვატყობინებს, რომ ევროკავშირი შავი დღისთვის გადანახულ სარეზერვო ფულს რუსეთთან ომში წვავს და დასძენს, რომ ძალიან დიდი სისწრაფით ახარჯებენ ფულს კიევს, რაც ევროპელებს აშფოთებთო. მეტიც, თურმე, ბელგია იძულებული შეიქნა, გადაეხედა თავისი ბიუჯეტისთვის და ცვლილება შეეტანა სწორედ იმ ფულის გამო, რასაც სამხედრო დახმარების სახით უგზავნის უკრაინას.

არადა ომი 24 თებერვალს დაიწყო და ევროკავშირმა უკრაინას დღემდე მხოლოდ 4 მილიარდი ევრო გადაურიცხა. დიახ, მხოლოდ, იმიტომ რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით (და, ხომ, ყველამ ვიცით, რომ ეს მონაცემები შემცირებული იქნება?!), უკრაინას დღეში 100 ჯარისკაცი ეხოცება და 500 უსახიჩრდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სამყარო ასეა მოწყობილი: ზოგი შავი დღისთვის გადანახული ფულის სწრაფ ხარჯვას დარდობს (ნაჭამ-ნასვამ-გაზულუქებული), ზოგიც კი საზარბაზნე ხორცია. ზემოთქმულიდან გამომდინარე კი, მართლაც, რთული დილემაა: რა სჯობდა, უკრაინას რფ თავს არ დასხმოდა, თუ ევროკავშირს, მართლაც, თავის „შავ დღეში“ მოეხმარა შენახული რეზერვები?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი