პოლიტიკა

საცა მეფენი თავიანთი ფეხით დაიარებიან

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 13.04, 2021 წელი

საცა მეფენი თავიანთი
ფეხით დაიარებიან
დაკოპირებულია

ანუ „უბედურება მარტო არ მოდის“

თითქოს დედამიწელებს კორონას შემოტევა და მის მოგერიებაზე ფიქრი არ ეყოფოდათ დარდად, რაკი უბედურება მარტო არასდროს მოდისო, მეორე სამწუხარო ამბავიც შევიტყვეთ.

სახელდობრ, საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, მსოფლიოს შესაძლოა, დაემუქროს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი (ვინაიდან სამხრეთ აფრიკიდან ნედლეულის მოწოდება შეფერხდა შესაბამისი გადამზიდავების სიმცირის გამო).

აქედან გამომდინარე, ბრაზილიურმა კომპანიამ (სახელწოდება არ მომყავს, მაინც უცნობია ჩვენთვის ან კი რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად ვინ ამზადებს სატუალეტე ქაღალდს?!), რომელიც უმსხვილესი მწარმოებელია, მათ შორის, ამ პროდუქტის ნახევარფაბრიკატისაც, გაგვაფრთხილა, რომ საზღვაო კონტეინერების გლობალური დეფიციტი უახლოეს მომავალში პრობლემებს შეუქმნის საპირფარეშოებში მოსიარულეთ (ასეთი კი დედამიწის თითქმის 8-მილიარდიან მოსახლეობაში არც თუ ცოტაა).

მეორე მხრივ, თურმე, მსოფლიოში ზოგადადაც შეინიშნება ნედლეულის გადამზიდავი საზღვაო ხომალდების შემცირება, იმიტომ რომ გადაზიდვების რაოდენობამ იმატა (სავარაუდოდ, წყალი იქცა გადაზიდვის მთავარ წყაროდ).

მე არ ვიცი, რით ჩაანაცვლებენ დედამიწელები უკვე მიჩვეულ ტუალეტის ქაღალდს (ნათქვამია, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ შეაჩვევო), მაგრამ ერთ ამბავს კი გაგახსენებთ: გასულ წელს, ზუსტად ამ დროს, კორონაპანდემიისა და ამის გამო ჩაკეტვის გამოცხადებისთანავე, მოსახლეობა რომ მარკეტებს მიაწყდა, ისეთებიც იყვნენ (და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში), უზომო რაოდენობის ტუალეტის ქაღალდი რომ შეიძინეს, რაც კარგა ხანს იყო ქილიკის საგანი (ამდენს რა თავში იხლიანო), არადა პანდემიის ერთი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ თავში ან სადმე სხვა ადგილას ხლისა რა მოგახსენოთ და ის ხალხი ფრიად თადარიგიანი ყოფილა. -

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი