პოლიტიკა

სამთა ჭიდილი

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 09.08, 2022 წელი

სამთა ჭიდილი
დაკოპირებულია

ანუ ჩინური ანდაზის ფასი

იმ მარტივი მიზეზით, რომ მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი და აქამომდე სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი იყო (იყო, ვინაიდან, არავინ იცის, რა იქნება): აშშ, ჩინეთი და რუსეთი, ბუნებრივია, ყველაზე მეტად საინტერესო ამ სამთა შორის ურთიერთობაა.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ რუსეთს დასავლეთთან დაპირისპირებისას და უკრაინაში ომი, სწორედაც რომ, რუსეთ-დასავლეთის გლობალური დაპირისპირებაა, ჩინეთის იმედი ჰქონდა (აშშ-სა და ჩინეთს შორის კარგა ხანია, შავი კატა გარბი-გამორბის), მაგრამ შეიძლება, ითქვას, იმედები გაუცრუვდა (ოღონდ, საბოლოოდ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიყარნენ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა დიდი ოხერი რამაა, თავის ინტერესებიანად), თუმცა გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ჩინეთმა რფ-ს უარი უთხრა ინვესტიციებზე (გასაკვირი არაფერია – სხვა რომ არაფერი, ჩინეთს რფ-ს ტერიტორია სჭირდება, რასაც უფრო იოლად დაიკავებს რუსეთის დასუსტების შემთხვევაში, ამდენად, მისთვის მისწრებაა, რაც ხდება).

ამის პარალელურად, რაკი აშშ-სა და ჩინეთს შორის როგორც ციოდა, ისევე ცივა, ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რით დასრულდება არჩევნები ტაივანში, იმიტომ რომ ჩინეთის ხელისუფლებისთვის არასასურველი ძალის გამარჯვების შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, პეკინი სამხედრო გზას მიმართავს ტაივანის მიმართულებით, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ში ზოგიერთები აცხადებდნენ, მხარს დავუჭერთ ტაივანის დამოუკიდებლობასო, ასევე, უდიდესი ალბათობით, აშშ-სა და ჩინეთს შორის უფრო დიდი ამბებია მოსალოდნელი, ვიდრე რფ-სა ჩინეთს შორის.

შესაძლოა, ამიტომაც ჯო ბაიდენს და სი ძინპინს ტელეფონით ორ საათზე მეტ ხანს უსაუბრიათ. ამ უკანასკნელს პირველისთვის ჩინური ანდაზა შეუხსენებია (არ ვხუმრობ), „ვინც ჩინელი ხალხის წინააღმდეგ წავა და ცეცხლთან თამაშს დაიწყებს, იმავე ცეცხლით დაიწვებაო”. მაშასადამე, ტაივანი ჩვენიაო, აშშ-ის პირველკაცს უპასუხია, ჩინეთი ერთიანია, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ სეპარატიზმსო. და თუმცა არავინ იცის, რა როგორ დასრულდება, ერთი ცხადია, რომ დიდ პოლიტიკაში ჩინური ანდაზები უფრო ჭრის, ვიდრე ქართული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი